ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



თუ პროდუქტი ან მომსახურება საზოგადოებისთვის სარგებლის მატარებელია, ბიზნესის განვითარებისთვის ბრძოლა ღირს

ბიზნესის დაწყებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის არის კარგი იდეა, რწმენა, რომ პროდუქტი ან მომსახურება, რომელსაც ჩვენ შევქმნით იქნება ხარისხიანი და მოთხოვნადი, დაგროვილი გამოცდილება, კარგი გუნდის შეკრების შესაძლებლობა, ბაზარზე არსებული დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა, კაპიტალის არსებობა და მისი სარფიანად დაბანდების სურვილი და ბევრი სხვა. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის წინ დგას სარგებელი, რომელიც ამ ბიზნესმა უნდა შექმნას საზოგადოებისთვის და მეწარმის ოჯახისთვის.

თუმცა ძალიან ხშირად ბიზნესის დაწყების შემდეგ მეწარმე აღმოაჩენს, რომ მის განვითარებას მეტი დრო დასჭირდა, თავდაპირველად გათვლილი კაპიტალი საკმარისი არ აღმოჩნდა, პროდუქტის განვითარებას, მისი ცნობადობის გაზრდას და მომხმარებლამდე მიტანას კი მეტი ძალისხმევა უნდა. გუნდის დაკომპლექტებამ, შეთამაშებამ ასევე მნიშვნელოვანი ენერგია წაიღო. გაყიდვების მოცულობა და მომგებიანობა არ არის საკმარისი ხარჯების დასაფარად და ყოველთვიურად თქვენ ხედავთ, რომ ან უკვე მოტანილი კაპიტალი მცირდება ან სახლიდან გაქვთ დასამატებელი ფული. ამ დროისთვის თქვენ უკვე 2-3 წელია, რაც საქმიანობთ და უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორ გააგრძელოთ ბიზნესი.

არის კიდევ ერთი ძალიან კარგი სცენარი – ამ პერიოდისთვის თქვენ ხვდებით, რომ ყველაფერი გამოგდით, პროდუქტი ან მომსახურება ძალიან კარგია. ვინც ერთხელ მაინც გაეცნო მას თქვენი ლოიალური მომხმარებელი გახდა, მაგრამ შემდეგი განვითარებისთვის გაკლიათ რესურსები – ადამიანური და ფინასური.

ჩვენი გადმოსახედიდან ორივე შემთხვევაში შექმნილია მნიშვნელოვანი ღირებულება და თუ პროდუქტი ან მომსახურება რეალურად საზოგადოებისთვის სარგებლის მატარებელია, იდეა მასშტაბირებადია, მაშინ ბრძოლა ღირს.

რა როლი აქვს პარტნიორს

კომპანიის განვითარებაში უდიდესი როლი ენიჭება კარგ მმართველობას. იერარქიულად რა თქმა უნდა ყველაფერი აქციონერთა / პარტნიორთა კრებით იწყება, რომელიც შემდეგ თავის გარკვეულ უფლებებს ადელეგირებს სამეთვალყურეო საბჭოზე, შემდეგ დირექტორატზე და საბოლოოდ მენეჯმენტზე.

აქ მინდა ხაზი გავუსვა კარგი პარტნიორის როლს კომპანიის განვითარებაში, მით უმეტეს თუ ერთ-ერთი პარტნიორი მმართველი პარტნიორია.

პარტნიორთა კრება და სამეთვალყურეო საბჭო საუკეთესო ფორმატებია, სხვა ჰორიზონტალურ სტრუქტურებთან ერთად, სადაც პარტნიორებს შეუძლიათ იმსჯელონ კომპანიის განვითარებისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე და სწორედაც დიდი ბედნიერებაა, როდესაც თქვენი პარტნიორი თქვენსავით გულანთებულია, მზად არის იმსჯელოს სტრატეგიულ საკითხებზე, გაიზიაროს პასუხისმგებლობა, დაკონცენტრირდეს დეტალებზე და მაქსიმალურად გაუზიაროს თავისი ცოდნა და გამოცდილება მენეჯმენტს.

სამწუხაროდ ხანდახან ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, როდესაც პარტნიორი არ მოგვყვება მსჯელობაში, არ ინაწილებს პასუხისმგებლობას და არ გვიზიარებს თავის ცოდნას და გამოცდილებას.

ისეც ხდება, როდესაც საკონტროლო პაკეტის მფლობელი ჯიუტად არ ითვალისწინებს დანარჩენი პარტნიორების აზრს, რითაც საბოლოოდ კომპანიას, საკუთარ თავს და პარტნიორებს აზიანებს.

ვფიქრობ არ არის რთული მისახვედრი სამი შემთხვევიდან, რომელი კომპანია იქნება წარმატებული.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება