ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ყველაზე ცუდი კლიენტი

ყველაზე ცუდი კლიენტი ყველაზე კარგი შესაძლებლობაა გამოვცადოთ და გამოვავლინოთ ჩვენი პროფესიონალიზმი, თავშეკავება, მოთმინება, კლიენტებზე ზრუნვის უნარი, მათი მნიშვნელობის აღქმა  და მათი კმაყოფილებისკენ სწრაფვის სურვილი.

რაც უფრო არაადაქვატურად, უსამართლოთ, გაუგებრად და თუნდაც ბოროტულად იქცევა კლიენტი და რაც უფრო ღირსეულად ვხვდებით ჩვენ მის ასეთ ქცევას, მით უფრო დიდი და ღირსეული იქნება საზღაური რასაც აქედან მივიღებთ.

თავშეკავების, პროფესიონალიზმის მაგალითი რომელსაც ჩვენ ამ დროს ვაჩვენებთ ძალიან შთამბეჭდავია სხვა კლიენტებისთვისაც, თანამშრომლებისთვისაც და თვითონ ჩვენც გვეხმარება გაცილებით მეტად დავიჯეროთ საკუთარი თავის, მეტად აღვიქვათ და გავითავისოთ ჩვენი ფუნქცია.

საკითხები ჯობს არა ერთჯერადად არამედ ერთხელ გადავწყვიტოთ

თუ ვეცდებით ყველა საკითხზე, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში და საქმიანობაში ჩვენს წინაშე დგება, მხოლოდ ერთხელ მივიღოთ გადაწყვეტილება თანაც ისეთი, რომ ამ საკითხთან დაბრუნება დიდხანს ან საერთოდ აღარ მოგვიწიოს, ერთჯერადად გადასაწყვეტი საკითხების რაოდენობა სულ უფრო და უფრო შემცირდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა პრობლემაზე შემოვიღოთ წესი, რომელიც მიზეზს ებრძვის და არა სიმპტომებზე ან შედეგზე მოვახდინოთ როგორც ცეცხლზე ცეცხლმაქრივით რეაგირება. იმისათვის, რომ ამის მერე იგივე საკითხი პოლიტიკამ ჩვენს გარეშე გადაწყვიტოს და ჩვენ აღარ მოგვიწიოს ყოველ ჯერზე ახლიდან ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ხელმძღვანელის საქმიანობა ცეცხლმაქრით  ქუჩაში ფეხით მოსიარულე მეხანძრის მოქმედებას გავს, რომელიც დადის და აქეთ იქით ყურადღებით იყურება სადმე ცეცხლი  ხო არ გაჩნდა რომ მივიდეს და სწრაფად ჩააქროს.

 

მთავარია ვინ რა სიჩქარით მოძრაობს

კონკურენტულ ბრძოლაში, და არა მარტო ალბათ, არ აქვს იმდენი მნიშვნელობა ვინ რა პოზიციაზეა ახლა, რამდენიც იმას, თუ ვინ რა სიჩქარით მოძრაობს. თუ შენი ზრდის და განვითარების ტემპი კონკურენტებისაზე მაღალია და შეძლებ, რომ ეს დინამიკა შეინარჩუნო, მხოლოდ დროის საკითხია როდის ჩაუქროლებ მათ გვერდით.

სიჩქარეს კი ამ ბრძოლაში ძირითადად მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა, ხარისხი და განხორციელების ტემპი განაპირობებს. ასევე ის, თუ რამდენად ცდილობ საკითხები სისტემურად და არა ერთჯერადად გადაწყვიტო.

კონკურენტულ ბრძოლაში მთავარი იარაღი სტრუქტურული გადაწყვეტილებები ხდება

რაც დრო გადის, კონკურენტულ ბრძოლაში ბრძოლის იარაღი ფულის, პროდუქტის, ტექნოლოგიის ნაცვლად სწორედ სტრუქტურა და სწორი სტრუქტურული გადაწყვეტილებები ხდება.

ავიღოთ მაგალითად მომსახურების ხარისხის განვითარება. და დავუშვათ, რომელიღაც დარგში ამ ამოცანის გადაწყვეტა მნიშვნელოვნად გახდა წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი.  იმ კომპანიებიდან, ვინც ამას მიხვდა, ერთის მენეჯმენტი დაჯდა და ძალიან კარგი იდეები ჩამოწერა მომსახურების ხარისხის განვითარებისთვის და დავალებებიც გაანაწილა შესასრულებლად.

მეორე კომპანიამ კი გადაწყვიტა, რომ, დავუშვათ, ყოველი თვის მესამე პარასკევს დილას მენეჯმენტი გაფართოვებული შემადგენლობით შეიკრიბოს იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც შეიძლება ამ კუთხით ბევრი იდეები ქონდეს და ვისაც განხორციელებაშიც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. შეთანხმდნენ, რომ ამ შეხვედრებზე ერთად მოიფიქრებენ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, გაინაწილებენ დავალებებს და ადრე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებასაც მოიკითხავენ.

დროთა განმავლობაში რომელი კომპანია შეძლებს უკეთესად გადაწყვიტოს მომსახურების ხარისხის განვითარების ამოცანა – ის, ვინც ერთჯერადად დაგეგმა ღონისძიებები, თუ ის, ვინც ეს ამოცანა სტრუქტურულად გადაწყვიტა?

ხელმძღვანელებო, ნუ გააკეთებთ ყველაფერს თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის

ხელმძღვანელები, რომლებიც იმას კი არ ცდილობენ, რომ თვითონ პირადად ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ორგანიზაციის წარმატებისთვის, არამედ ყველაფერს აკეთებენ კონკრეტულად იმისთვის, რომ მათმა თანამშრომლებმა გააკეთონ ყველაფერი ორგანიზაციის წარმატებისთვის, გაცილებით კარგ შედეგებს აღწევენ.

კონცენტრაცია და ძალისხმევის დახარჯვა იმაზე, რომ სხვებმა გააკეთონ მაქსიმუმი ორგანიზაციისთვის,  ხელმძღვანელებს ეხმარება გუნდი განავითარონ, მეტი მოტივაცია და ჩართულობა გააჩინონ ადამიანებში. შედეგად,  რაც დრო გავა, უფრო მეტი დრო სტრატეგიაზე მუშაობას დაუთმონ და უფრო ნაკლები მის განხორციელებაზე ზრუნვას.

არადა, სამწუხაროდ, ყველაზე აქტიური ხელმძღვანელების უდიდესი ნაწილი სწორედ თვითონ ცდილობს მაქსიმალური შედეგი დადოს და არა მისი გუნდის წევრების მეშვეობით, რაც ამცირებს მოქმედების სიმძლავრესაც და განსაკუთრებული შედეგების მიღწევის შანსებსაც.

ეცადო, როგორც შეგიძლია მაქსიმალურად, დაეხმარო სხვებს, საუკეთესო მარკეტინგია

ის, ვინც თავისი უნარების, რესურსების, პოტენციალის მაქსიმუმს იყენებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტად დაეხმაროს სხვებს, ყველაზე ნაკლებად სჭირდება დამატებითი ძალისხმევა მარკეტინგზე.

ეს სწრაფვა როგორც ადამიანებს, ისე ორგანიზაციებს ეხმარება ადვილად იპოვონ ისინი, ვისთვისაც მეტი სარგებლის შექმნა შეუძლიათ და ასევე გზები ამ სარგებლის შექმნისა და მათთვის მიწოდებისათვის.

მეწარმეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არავის დახმარება არ არის მათი საქმე და სინამდვილეში ყველამ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს. არადა, ვინც მეტ-ნაკლებ წარმატებას აღწევს, ამას მაინც რეალურად სხვებისათვის მეტი სარგებლის შექმნით ახერხებს. უბრალოდ რამდენადაც მეტად გააზრებული აქვთ მათ ეს მით უფრო სწრაფი და თანმიმდევრულია ეს წარამატება.

გაყიდვებზე მაშინ უნდა იმუშაო ყველაზე მეტი, როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება გაყიდვების გაზრდა

ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი მაშინ ააქტიურებს გაყიდვების მიმართულებით ძალისხმევას, როცა გაყიდვების გაზრდა ყველაზე მეტად სჭირდება. არადა ასეთ დროს ფასებშიც აგებ, დამაჯერებლობაც კლებულობს, როცა მყიდველი გრძნობს როგორ გჭირდება გაყიდვა და გაყიდვის პროცესში სტრესიც ზომაზე დიდია. ამას ორგანიზაციაც განიცდის, გამყიდველიც და მყიდველიც გრძნობს.

ყველაზე კარგი გაყიდვების დროს გაყიდვებზე მიმართული ძალისხმევა კი უფრო თავდაჯერებულს ხდის გამყიდველს და გასაყიდ პროდუქტსაც და მომსახურებასაც მეტ მიზიდულობას სძენს.

ასეთ დროს დატვირთვა და გაყიდვები მეტად სტაბილურია, ფასები ოპტიმალური და ორგანიზაციაც ბევრად უფრო თანმიმდევრულად ახერხებს განვითარებას.

გაჭირვების არგუმენტით გაკეთებული საქმეები გაჭირვებას არ შველის

ორგანიზაციების დიდი ნაწილი ხშირად როცა რაღაცას არასწორს აკეთებს იმით ამართლებს რომ უჭირს, და რომ ამას არასოდეს გააკეთებდა რომ არ უჭირდეთ. სინამდვილეში კი დიდია იმის ალბათობა, რომ თუ მენეჯმენტი პრინციპულობას გამოიჩენს, ცოტას გაიჭირვებს და ასე არ მოიქცევა შედეგად გაცილებით ნაკლებად გაუჭირდება.

ასეთი ვითომ გამონაკლისები არც სწორი გამოსავალის პოვნას არ ეხმარება, კორპორატიულ სულსაც აქვეითებს, მიჩვევასაც იწვევს და სამწუხაროდ ორგანიზაციისთვის ჩვეულებრივი ნორმა და მოვლენა ხდება.

 

  • თარიღი: January 25, 2018
  • კატეგორია: ლიდერობა
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,169-ჯერ

ვის ვებრძოლოთ, ვისზე ვიზრუნოთ?

ადამიანების უმრავლესობა სხვებს ვებრძვით და საკუთარ თავზე ვზრუნავთ, არადა სხვებზე ზრუნვა და საკუთარ თავთან ბრძოლა გაცილებით მომგებიანი უნდა იყოს წესით.

ადამიანები ვინც სხვებზე ზრუნავენ, სავარაუდოდ გაცილებით მეტად მოტივირებულები არიან, გაცილებით მეტი თანამოაზრე და მხარდამჭერიც უნდა ყავდეთ წესით და უფრო დიდი მიზნების უფრო ადვილად მიღწევასაც უნდა ახერხებდნენ ალბათ.

ამავე დროს ყველა ვინც საკუთარ თავში პრობლემების გამოვლენას და მათ გადაწყვეტას ცდილობს სავარაუდოდ სულ უფრო სრულყოფილი ხდება, კრიტიკის მიმართ მეტი მიმღებლობა აქვს,  მეტ სიმპათიასაც იმსახურებს გარშემომყოფების მხრიდან და მიღწეული პატარა გამარჯვებებითაც ნაკლებად ეძლევა კმაყოფილებას. შედეგად წარამატებასაც მეტს და ადვილად უნდა აღწევდეს.

სუბორდინაცია ღუპავს ორგანიზაციებს

რაც უფრი მყარია და მკაფიო სუბორდინაცია, მით უფრო ნაცრისფერია და მოწყენილი ორგანიზაცია. ადამიანები, ვინც ითხოვენ სხვებისგან სუბორდინაციის დაცვას, თვითონაც უწევთ მერე სხვებთან სუბორდინაცია დაიცვან. ადამიანებს უწევთ ერთ ადამიანს ჩააბარონ ანგარიში, ერთ ადამიანთან შეათანხმონ საკუთარი მოქმედებები, ერთი ადამიანის გავლით ეკონტაქტონ დანარჩენ ორგანიზაციას და ამ ადამიანის განწყობას, ხასიათს, ინტელექტს, უნარებს და ცოდნას მოერგონ. არ გაუწიონ კონკურენცია, არ აგრძნობინონ საფრთხე მათი მხრიდან, არ აეჭვიანონ, არ გააბრაზონ, არ აჭირვეულონ ზედმეტად.

შედეგად სწორედ სუბორდინაციის გამო ადამიანები ხშირად ვერ იხსნებიან, ვერ ახდენენ თვითრეალიზებას, კარგავენ მუხტს, დემოტივირებული და ნაკლებად შემოქმედებითები ხდებიან. არადა დღევანდელი ორგანიზაციები  სწორედ ამას საჭიროებენ ყველაზე მეტად დღეს და თან თითოეული ადამიანის მხრიდან.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება