ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ორგანიზაცია, რომელიც ჯანსაღ ღირებულებებს ეფუძნება მიმდინარე სირთულეების გადალახვის გზებს როგორი რთულიც არ უნდა იყოს აუცილებლად გამონახავს

თუ ორგანიზაციის ზრდას და განვითარებას მისი სტრატეგიის სიცხადე, სწორად აწყობილი სტრუქტურა და მართვის სისტემები განსაზღვრავს, ყოფნა არ ყოფნის საკითხი და ის თუ რამდენ ხანს იარსებებს ორგანიზაცია, მთლიანად იმას ეფუძნება, თუ რამდენად ჯანსაღია ფასეულობები და ღირებულებები, რომლებითაც ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობენ.

რაც უფრო კეთილია საწყისი, რაც უფრო მეტი ზრუნვაა ჩადებული მასში თანამშრომლებზე, კლიენტებზე, მით უფრო ადვილად გამოინახება გზები ნებისმიერი სირთულის მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად.
შესაბამისად, მენეჯმენტმა პირველ რიგში ალბათ სწორედ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ორგანიზაციები
სწორ ღირებულებებს დავაფუძნოთ ყოველდღიურ საქმიანობაში და ამის მერე დავიწყოთ ზრდისა და განვითარების გზების ძიება.

სუპერ შეთავაზება ჩვეულებრივი პროდუქტებისგან

ყოველთვის შეიძლება ჩვეულებრივი პროდუქტებისგან შექმნა განსაკუთრებული, სუპერ შეთავაზება ჩვენი კლიენტებისთვის. ისეთი შეთავაზება, რომელიც არა მარტო გაყიდვადს გახდის პროდუქტს, არამედ ბევრ ადამიანს აალაპარაკებს იმაზე, თუ რამდენად განსხვავებული ადამიანები ვართ ჩვენ, რამდენად განსხვავებული ორგანიზაცია ვართ და რამდენად სხვანაირი მიდგომები გვაქვს მუშაობისას.

ხშირად ჩვენ შეთავაზების გაუმჯობესების ნაცვლად პროდუქტის განვითარებაზე ვიწყებთ მუშაობას, რაც პირდაპირ ვადაშიც, დროშიც და ფულშიც მნიშვნელოვნად ართულებს ამოცანის გადაწყვეტას. მაშინ როდესაც არსებულ ძალიან ჩვეულებრივ და შესაძლოა არც თუ ისე კარგ პროდუქტებზე დაყრდნობით ძალიან ძალიან მაგარი შეთავაზების გაკეთებაც ხომ შეიძლება?

თუ ჩვენი პროდუქტს ფასს, წონას, ფორმას, შეფუთვას აქციებს სპეციალურ მასტიმულირებელ შეთავაზებას დავუმატებთ და სადაც ამოუწურავი შესაძლებლობაა ისეთ დამხმარე პროდუქტებს დავუწყებთ ძებნას, რომელთან ერთადაც ჩვენი პროდუქტი განსხვავებულ ღირებულებას შეიძენს ალბათ დავინახავთ, რომ კლიენტების გახარების შესაძლებლობები ამოუწურავია. ეს მაშინაც კი თუ ჩვენი პროდუქტები ძალიან ჩვეულებრივია. ამისთვის მხოლოდ იმის გააზრებაა საჭირო, ვისი გახარება გვინდა და რა გაახარებს მას ყველაზე მეტად.

ჯერ წესია საქმე

როგორც დათა თუთაშხია ამბობს – “ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე”. ყველა მნიშვნელოვანი, რთული, არაერთჯერადი საქმე, რომელიც ჯერ ზოგადად მიდგომის დონეზე არ გვაქვს კარგად გააზრებული რა სტრატეგიით რა მიდგომით უნდა კეთდებოდეს და ისე ვიწყებთ კეთებას, როგორც წესი ბევრი დროითი და ემოციური დანაკარგებით მიმდინარეობს. ასე გაკეთებული საქმეები დროში იწელება და განსაკუთრებული შედეგებიც თითქმის არასდროს მოაქვს. თუ მოაქვს კიდევ ხანდახან და შემთხვევით.

იქ, სადაც წესი, მეთოდოლოგია, პოლიტიკა კარგად არის გააზრებული, საქმე ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტიანად სრულდება და შედეგებიც უფრო სტაბილურია, როგორც წესი.

ეს მარტივი აზრი სამწუხაროდ ხშირად გვავიწყდება და სწრაფი შედეგის მიღების სურვილით ერთი სული გვაქვს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ამის შედეგად კი ახლიდან და ახლიდან გვიწევს საწყის წერტილთან დაბრუნება და ნელა და წვალებით ვაღწევთ შედეგებს, თუ საერთოდ ვაღწევთ.

რაც უფრო სტრესულია გარემო, მით უფრო სწორად კონცენტრირებული და მობილიზებულია ყურადღება

ორგანიზაციის წარმატებაც და წარუმატებლობაც დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მობილიზებულია და სწორ საკითხებზე არის კონცენტრირებული მენეჯმენტის ყურადღება. რაც უფრო დიდია მობილიზაცია, მით უფრო მეტი რესურსი და ძალისხმევა იხარჯება სწორად და ორგანიზაციაც უკეთეს შედეგებს აღწევს.

ასეთ მობილიზაციას ყველაზე მეტად ორგანიზაციაში არსებული სტრესები იწვევს, და რაც უფრო დიდია ეს სტრესები, მობილიზაციის ხარისხიც ბევრად მაღალია ასეთ დროს.

საჭირო სტრესების შექმნა ხელოვნურადაც შეიძლება სხვადასხვა სისტემური გზებით, მაგალითად სტრუქტურაში პასუხისმგებლობების და ინტერესთა კონფლიქტების სწორად გადანაწილებით, მოტივაციის სისტემით, დაგეგმვის და კონტროლის სისტემით. მაგრამ იქ, სადაც ჩვენ ამ სტრესებს ხელოვნურად, სისტემურად არ ვქმნით, იქ მერე სტრესს გარემო ქმნის, კონკურენცია, ფინანანსური კრიზისები, გარე და შიდა კონფლიქტები და დაძაბულობა. შედეგი მერე მაინც დგება, რაც უნდა დადგეს, მაგრამ ბევრად დიდია სტრესი, უფრო მტკივნეულია პროცესი და საზღაურიც და სხვა დანაკარგიც მეტია ასეთ დროს.

შედეგები მხოლოდ ფიქრს და მოქმედებას მოაქვს

“ჩვენ უკვე ყველაფერი ვცადეთ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა”- ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა, რითაც მენეჯმენტმა შეიძლება თავი შევიცდინოთ, როგორც არასწორი დამოკიდებულებით ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტის გზების ძიებისას.

არადა, ერთი მხრივ, მილიონი გზა რომ გვქონდეს ნაცადი, კიდევ ერთი მილიონი შესაძლებლობა გვრჩება, რისი გაკეთებაც დამატებით შეგვიძლია მის გადასაწყვეტად. ხშირად უბრალოდ მხოლოდ დაფიქრება და მოქმედების გაგრძელებაა საჭირო იმის ნაცვლად, თავი დავირწმუნოთ, რომ ყველაფერი ნაცადი გვაქვს უკვე და გავჩერდეთ.

მეორეც, გუშინ ერთ მოცემულობაში ერთხელ ნაცადმა და გაკეთებულმა რომ არ გაამართლა, სულაც არ ნიშნავს, რომ იგივემ დღესაც შეიძლება მსგავსი შედეგები მოგვიტანოს.

ახლის ძიება თუ არ გამოგვივა ნაცადის გამეორება და კიდევ ბევრჯერ გამეორება ჯობია, ვიდრე ვიფიქროთ, რომ ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და არაფრის ცდას და გაკეთებას აღარ აქვს აზრი.

შედეგები მხოლოდ ფიქრს და მოქმედებას მოაქვს, ხანდახან სულ სხვა მხრიდან, საიდანაც არ დაგვიგეგმავს და არც ველოდებოდით. მაგრამ, მაინც მხოლოდ მაშინ, როდესაც ფიქრს და მოქმედებას ვაგრძელებთ.

ხელმძღვანელის რეპლიკა ჩეულებრივი ადამიანის ჩვეულებრივი აზრის გამოთქმა არ არის

ხანდახან ხელმძღვანელებს გვავიწყდება, რომ ჩვენი რეპლიკა უბრალოდ გამოთქმული აზრი არ არის და მას ადამიანები ჩვენს გარშემო დავალებად, ავტორიტეტულ რჩევად, მათი ან მათი გაკეთებულის შეფასებად და უკუკავშირად იღებენ და ძალიან დიდ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძლება ანიჭებდნენ.

განსაკუთრებით, როდესაც რაიმე იდეებს ვისმენთ ან ისეთ შეხვედრაში ვმონაწილეობთ, სადაც ადამიანები ჩართულობაზე, საკუთარი გეგმების წარმოდგენაზე ან მოსაზრებების მოტანასა თუ დაფიქსირებაზე გვინდა დავამოტივიროთ. ჩვენი ყოველი რეპლიკა განსაკუთრებულად შეიძლება ამის არათუ ხელისშემწყობი, პირიქით ხელისშემშლელი გახდეს.

ასეთ დროს ჩვენ თუ ჩვეულებრივ მონაწილედ აღვიქვამთ თავს და ვამბობთ ყველაფერს, რასაც ვფიქრობთ, სხვები ამას ასე არ უყურებენ და ჩვენს ნათქვამზე გაცილებით სხვანაირად რეაგირებენ. შეიძლება ჩვენი უბრალოდ წამოსროლილი სიტყვის გამოც კი საერთოდ გაჩუმდნენ და აღარ ამოიღონ ხმა. და არა მხოლოდ ამ შეხვედრაზე, კიდევ დიდხანს აღარ იაქტიურონ სხვებზეც, სანამ ისევ ჩვენვე არ მივხვდებით და არ გამოვასწორებთ ჩვენს შეცდომას.

მხოლოდ ის ორგანიზაციები აღწევენ გრძელვადიან წარმატებას, ვინც განვითარებასთან ერთად განვითარების უნარსაც ავითარებენ

როგორი საინტერესოა, როდესაც უკუნით სიბნელეს სულ პატარა სინათლის სხივიც კი არღვევს, და თანაც რაც უფრო ბნელა, მით უფრო ნაკლები სინათლეა საჭირო მის გასანათებლად.

ასეა ორგანიზაციების შემთხვევაშიც. ზრდის და განვითარების ადრეულ ეტაპზე სულ პატარა ცვლილება და სიახლეც კი განსაკუთრებით ჩანს, ყურადღებას იქცევს და შექებას იმსახურებს.

რაც დრო გადის სულ უფრო მეტი დრო, მონდომება და ენერგია სჭირდება რაღაცა განსხვავებულის გაკეთებას და წარმოჩენას.

მუდმივი ანალიზი იმ რესურსების მდგომარეობის, მოწყობის, საკმარისობის, რომლებიც ორგანიზაციის განვითარებაზეა პასუხისმგებელი ერთადერთი პირობაა უწყვეტი ზრდის მისაღწევად.

მხოლოდ ის ორგანიზაციები ახერხებენ შეინარჩუნონ განვითარების ტემპი, რომლებიც წარმატებასთან ერთად განვითარების სიმძლავრესაც ზრდიან. რესურსი, რომელიც ორგანიზაციის განვითარებაზე მუშაობს თუ თვითონაც აქტიურად არ ვითარდება, რაღაც ეტაპზე ის აღარ იქნება საკმარისი, რომ ორგანიზაციამ კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მიაღწიოს.

სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს, არსებობენ მხოლოდ ვინც ჩვენ მიგვაჩნია სუსტად, ან ისეთები ვინც ჩვენ მიგვიჩნევს ასეთად

ყველას შეუძლია ჩვენი დამარცხება ნებისმიერ ბრძოლაში, ისევე როგორც ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მოწინააღმდეგე დავამარცხოთ ასევე ნებისმიერ ბრძოლაში.

იგებს ის, ვინც ყველაზე მეტად ინდომებს, ყველაზე სერიოზულად უდგება მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზს და ცდილობს საკუთარი უპირატესობები ბოლომდე კარგად გამოიყენოს.

მაშინ როდესაც აგებს ყოველთვის ის, ვინც უფრო მეტი თავდაჯერებულობის გამო ნაკლებად ინდომებს გამარჯვებას, ნაკლებად სერიოზულად აფასებს საფრთხეებს და ფიქრობს, რომ მოწინააღმდეგე მასზე ბევრად სუსტია.

ახალი ხო თითქოს არაფერია ამ აზრში, მაგრამ როგორი შვებაა და მოტივაცია, როცა ბრძოლის დაწყების წინ ამას კიდევ ერთხელ გაიაზრებ და ნებისმიერი მოწინააღმდეგეც ამის მერე გადალახვადი ბარიერი ხდება.

  • თარიღი: March 11, 2019
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 959-ჯერ

უნარები ისეთი აქტივია თუ არ იყენებ კარგავ

არ ვიცი სხვაც იქნება ალბათ ასეთი, მაგრამ უნარები ნამდვილად ისეთი აქტივია ადამიანის, რომელსაც თუ არ იყენებს კარგავს. და რაც უფრო გამოკვეთილი აქვს ადამიანს რამე უნარი, მით უფრო მეტად სჭირდება გაფრთხილება.

როდესაც ვხვდებით, რომ რაღაცა კარგად გამოგვდის სწრაფად უნდა ყურადღების მიქცევა. კარგად გააზრება რაში შეიძლება მისი გამოყენება და ნაბიჯების დაგეგმვა, რომ მისი განვითარებაც რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

ხანდახან ვამჯობინებთ, 6 თვიანი ექსპერიმენტი ჩავატაროთ, ვიდრე არგუმენტები მოვიფიქროთ და ვცადოთ პოზიცია კარგად დავასაბუთოთ

ხანდახან კამათისას იმის გამო, რომ თავს ძალა არ დავატანოთ, ემოციები არ დავხარჯოთ და არგუმენტების ჯერ მოფიქრებაზე არ მოგვიწიოს წვალებამ და მერე დასაბუთებამ არ დაგვტანჯოს, ვთანხმდებით ისეთ რაღაცაზე, რაც ვიცით, რომ ისე არ დამთავრდება როგორც საჭიროა და თანაც ნახევარ წელს ან მეტსაც დაგვაკარგვინებს. ეს ორგანიზაციას ალბათ ძალიან ძვირი უჯდება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.

ჯობია არ დავიშუროთ ენერგია და არც დაძაბულ საუბარს, განხილვას და კამათს არ მოვერიდოთ არასდროს, როდესაც ექსპერიმენტი ორგანიზაციისთვის ასე ძვირი შეიძლება აღმოჩნდეს. კონსტრუქციული კამათი იქამდე, სანამ საბოლოოდ დეტალურად არ გაირჩევა საკითხი და შესაბამისი ადამიანების მონაწილეობით არ მოხდება ყველა პლიუსის და მინუსის შედარება, მაინც უკეთესი ხარჯია დროის. განსხვავებით იმისგან, რომ ბევრად მეტი დრო, ფული და ენერგია დავხარჯოთ ასეთი დაზოგილი ემოციებით მიღებული გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გასინჯვაზე.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება