ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ეცადე არაფერი შენზე დამოკიდებული არ იყოს

ხელმძღვანელები, რომლებიც ცდილობენ ისე მოაწყონ სისტემები, რომ რაც შეიძლება მეტი პროცესი მათ გარეშე მიმდინარეობდეს, მათზე დამოკიდებული არ იყოს და მათ ჩარევას არ ელოდებოდეს, საბოლოოდ გაცილებით დიდი და ძლიერი ორგანიზაციების შექმნას ახერხებენ.

ის ხელმძღვანელები კი, რომლებიც ცდილობენ ისე მოაწყონ პროცესები, რომ რაც შეიძლება მეტ საკითხში მონაწილეობდნენ, მეტ გადაწყვეტილებას იღებდნენ თვითონ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მართავდნენ პირადად, ცხოვრებას ხო ცხოვრებად იმწარებენ, მაგრამ ორგანიზაციას ბორკილებით ბოჭავენ და გაზრდაში და განვითარებაში უშლიან ხელს.

იქ, სადაც ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას სრულად იტოვებს, მაგრამ ძალაუფლებას თავის ნებით გადასცემს სხვებს, და ამასთან ახერხებს გვერდზე გადგეს და არათუ არ ჩაერიოს, არამედ მის გარეშე მიმდინარე პროცესები წაახალისოს, ადამიანებიც ბევრად მოტივირებულები არიან და საქმეც უფრო მეტი და გაცილებით უკეთესად კეთდება ასეთ დროს.

თუ ფულის წყარო გვაქვს ზარალი მოკლე ვადაში პრობლემებს არ შექმნის

კომპანიები ხშირად ფინანსურ პრობლემებში ვვარდებით იმის გამო, რომ არ ვმიჯნავთ ერთმანეთისგან ფულს და მოგებას და ცალ-ცალკე არ ვზრუნავთ მათ საკმარისობაზე. არადა შეიძლება, ფული გვქონდეს, მაგრამ ზარალზე ვიყოთ, ან მოგებაზე ვიყოთ, მაგრამ ფული არ გვქონდეს.

მხოლოდ ამ ორი სიდიდის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ანალიზი, დაგეგმვა და მართვა გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ფინანსური პრობლემები და ორგანიზაციის ფინანსური სტაბილურობა  უზრუნველვყოთ.

მაშინაც კი, თუ ორგანიზაცია ზარალზეა, თუ მას ფულის წყარო აქვს მოკლევადიანად არაფერი სირთულეები არ ელოდება. მაგრამ თუ საშუალო და გრძელ ვადაში მომგებიანობა არ გაიზრდება, როდესღაც ეს ფულის წყაროზეც აუცილებლად მოახდენს გავლენას.

რაც უფრო ჩართულია ადამიანი, მით უფრო უჭირს წასვლა, თუ გინდა რომ ადამიანი სამსახურში დააკავო ჩართულობა უნდა გაუზარდო

რაც უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანამონაწილე, თანაავტორი ან ავტორი იქნება ადამიანი, რაც უფრო მჭიდრო კავშირს ხედავს ის ორგანიზაციის საქმიანობის შედეგებთან, მით უფრო მაღალი იქნება მისი ლოიალურობა ორგანიზაციის მიმართ და მით უფრო მეტად გაუჭირდება წასვლა, თუ რა თქმა უნდა ამის დაფასებას მენეჯმენტის მხრიდანაც დაინახავს.

თუ გვინდა, რომ ადამიანმა დიდხანს იმუშაოს ჩვენთან, ის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მონაწილედ და თანაავტორად უნდა ვაქციოთ. და არც იმის უნდა შეგვეშინდეს, რომ წამოგვაძახებს ან დაგვაყვედრის ერთხელაც. ეგრეც რომ მოხდეს, პრინციპში რატოა პრობლემა?

თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ მათ გააკეთეს, და ისიც, რომ ჩვენ ამას ვხედავთ და ვაფასებთ, და რა არის ამაში ცუდი თუ შედეგებზეც პრეტენზია ექნებათ? თუ ჩვენ ამ პრეტენზიებსაც დავუკმაყოფილებთ ორგანიზაციასაც ხომ უკეთესი შედეგები ექნება და მენეჯმენტიც ჯამურად ამის გამო უკეთესად შეფასდება.

ნუ გახდები შენივე გადაწყვეტილებების ტყვე

შენივე მიღებული გადაწყვეტილებების ტყვე არ უნდა გახდე ადამიანი არასდროს. არადა  სამწუხაროდ ასე საკმაოდ ხშირად ხდება. გადავწყვეტთ რაღაცას და ისე მოგვწონს, რომ ობიექტურად შეფასება გვიჭირს, ან ვხვდებით რომ შეგვეშალა, მაგრამ აღიარება არ გვინდა.

როდესაც ჩვენზე ჩვენივე მიღებული გადაწყვეტილებები იმაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე ობიექტურად უნდა ახდენდეს და ჩვენივე შეცდომის დანახვაში და აღიარებაში გვიშლის ხელს, არ გვაძლევს საშუალებას ობიექტურად შევაფასოთ და შესაბამისად გამოვასწოროთ ჩვენივე შეცდომა, ტყვეები ვართ ამ დროს, საკუთარი გადაწყვეტილებების ტყვეები. და შეიძლება ეს ტყვეობა ყველაზე საშიში და სახიფათოა, როგორც ჩვენთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს გადაწყვეტილებები ეხება.

  • თარიღი: July 23, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,431-ჯერ

რატომ და როდის კოტრდებიან კომპანიები

კომპანიები იმიტომ კი არ კოტრდებიან, რომ კაპიტალი ეწურებათ, ან ქეშზე წვდომა აღარ აქვთ, ან კრედიტორები აღარ ენდობიან, ამ მომხმარებლები აღარ ყიდულობენ პროდუქტს ან მომსახურებას.

კომპანიები მაშინ წყვეტენ არსებობას, როდესაც დამფუძნებლებს შორის ან მენეჯმენტის გუნდში უკანასკნელი ადამიანი კარგავს ორგანიზაციის გადარჩენის იმედს და სურვილს. მაშინ, როდესაც აღარავინ რჩება, ვინც აგრძელებს ორგანიზაციის გადარჩენისთვის ბრძოლას.

იქამდე, სანამ ასეთი თუნდაც ერთი ადამიანი არსებობს, ორგანიზაციას აქვს შანსი, რომ გადარჩეს და ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს.

იმავე ადამიანებით მიღწეული შედეგები უფრო ღირებულია, ვიდრე ადამიანების გამოცვლით მიღებული შედეგები

ახლად დანიშნული ხელმძღვანელის შეფასებისას იმ შედეგებს, რასაც ის იმავე ადამიანებით მიაღწევს, ვინც დახვდება, უფრო მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე გუნდის გამოცვლით თუნდაც მოკლე ვადაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ შედეგებს.

არა იმიტომ, რომ რასაც არ უნდა მიაღწიო, ეს შედეგები უკეთესი მართვით კიარა უკეთესი ადამიანების მიყვანით აიხსნება მომავალში, არამედ იმიტომ, რომ იმავე ადამიანებით რამდენადაც უფრო რთულია უკეთესი შედეგების მიღწევა, იმდენად სტაბილური და გრძელვადიანი გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა როგორც მთლიანად ორგანიზაციისთვის, ისე ხელძღვანელისთვის პირადად.

ძლიერი ლიდერი საკმარისი აღარ არის წარმატებისთვის

როგორი ძლიერი ლიდერიც არ უნდა ჰყავდეს ორგანიზაციას საკმარისი აღარ არის წარმატებისთვის, თუ ადამიანები, ვინც მას ორგანიზაციის მართვაში ეხმარებიან, თვითონაც ლიდერული პრინციპებით არ მოქმედებენ. წარმატებას ლიდერთა ქსელი სჭირდება, და რაც უფრო მეტ რგოლში მეტ დონეზე ლიდერობენ და არა მართავენ ადამიანებს, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ორგანიზაცია წარმატებული იქნება.

აქედან გამომდინარე, ლიდერის საქმე სულ უფრო მეტად არა ლიდერობა, არამედ ორგანიზაციაში ლიდერთა ქსელის მშენებლობა, სხვა ადამიანებში ლიდერული სულის განვითარება და მთელ ორგანიზაციაში ლიდერული პრინციპების დამკვიდრება ხდება. სწორედ ის ორგანიზაციები მიაღწევენ ალბათ წარმატებას, სადაც ლიდერები ამას ყველაზე კარგად გააკეთებენ და მთლიან ორგანიზაციას დააფუძნებენ ლიდერობაზე და არა მხოლოდ მათ პირად საქმიანობას.

კარგად აწყობილ პროცესებს მნიშვნელოვნად შეუძლია ორგანიზაციის ღირებულება გაზარდოს

ყველა ორგანიზაციისთვის არსებობს პროცესი, რომელსაც თუ კარგად მოიფიქრებ, ააწყობ და გამართავ, მნიშვნელოვნად შეგიძლია ამ ორგანიზაციის ღირებულება გაზარდო. ასე მაგალითად: 8000 მოსავალში ახალ ღვინოებს ბრმა დეგუსტაციით არჩევენ. თვეში ერთხელ, ქვეყანაში აღიარებული 4-5 ავტორიტეტული დეგუსტატორი მოდის, მეღვინეების მოტანილ, ქაღალდში კარგად შეფუთულ ღვინოებს სინჯავენ, ისე, რომ არავინ იცის რომელი ღვინო ვისია, რა ღვინოა, რა ფასიანია და მხოლოდ ის ღვინოები შედის გასაყიდად, რომლებიც ყველა დეგუსტატორის თანხმობას მიიღებს როგორც უზადო ღვინო.

ამ ერთმა პროცესმა 8000 მოსავალს საშუალება მისცა ორი წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი განსხვავებული ღვინიდან შეერჩია და გასაყიდად შეეტანა 800-მდე უზადო ქართული ღვინო, ყველა საფასო კატეგორიაში, ღვინის 150-ზე მეტი მწარმოებლისგან საქართველოში – შეექმნა უნიკალური კოლექცია, მიეზიდა მეტი მომხმარელებელი ამის გამო და მეღვინეებისთვისაც მეტი მოტივაცია შეექმნა, მოეტანათ ახალ-ახალი საინტერესო ღვინოები გასასინჯად.

თუ ორგანიზაცია მიხვდება, რომელი პროცესია მისთვის განსაკუთრებით კრიტიკული და ეცდება ის განსხვავებულად, საინტერესოდ, გონივრულად ააწყოს, მნიშვნელოვნად შეუძლია დროთა განმავლობაში საკუთარი ღირებულება გაზარდოს.

გსმენიათ ასეთი საინტერესოდ გადაწყვეტილი პროცესების შესახებ სხვა ორგანიზაციებში? მოგვიყევით, გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ხელმძღვანელის გარეშე გაკეთებული საქმე განსაკუთრებით ძვირფასი და ღირებულია ორგანიზაციისთვის

ხელმძღვანელები ჩვენივე მონაწილეობით გაკეთებულ საქმეს განსაკუთრებით ვაფასებთ და მივიჩნევთ, რომ ეს საქმეებია ყველაზე მეტად ღირებული ორგანიზაციისთვის. არადა ის, რაც თუნდაც შესაძლებელია ნაკლები ხარისხით, მაგრამ ჩვენი ჩარევის გარეშე კეთდება ბევრად უფრო ღირებული და სარგებლიანია სინამდვილეში.

ჩვენს გარეშე გაკეთებული საქმე წინაპირობაა იმის, რომ ორგანიზაციას ჩვენს გარეშე არსებობა შეუძლია და რაც უფრო მეტს აკეთებს ჩვენს გარეშე, მით უფრო სიცოცხლისუნარიანი და ჯანმრთელია ორგანიზაცია. რაშიც ჩვენზე, ხელმძღვანელებზეა მოერთებული და დამოკიდებული, ის ყველაზე მეტად ასუსტებს და მოწყვლადს ხდის ორგანიზაციას, ვინაიდან ამ ნაწილში კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული. და რაც უფრო მეტი კითხვა არსებობს, რას იზამს ორგანიზაცია ამ კუთხით, ამ ადამიანის არ ყოფნის ან არ ჩარევის შემთხვევაში, მით უფრო სუსტია და არასაიმედო ორგანიზაცია.

იცით მაგალითები, სადაც ხელმძღვანელის წასვლამ ორგანიზაცია გადაიყოლა? მოგვიყევით, რომ დავრწმუნდეთ თუ რამდენად ღირებულია საქმე, რომელიც ხელმძღვანელის გარეშე კეთდება.

ადამიანები და კულტურა და მათი გავლენა ორგანიზაციის წარმატებაზე

თუ ადამიანები კვალიფიციური და მოტივირებულები არიან, მათ სისტემების გარეშეც შეუძლიათ ორგანიზაციას წარმატება მოუტანონ, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით.

ამ წარმატებების თუნდაც ცოტა ხნით შესანარჩუნებლად აუცილებელია ლოგიკური პროცესების, თუნდაც მარტივი, მაგრამ ქმედითი მეთოდოლოგიის და ჩამოყალიბებული ტექნოლოგიების არსებობაც.

თუმცა იმისთვის, რომ წარმატება წელი ან ორი წელი და მეტი შეინარჩუნო ძალიან მკაფიო და ძლიერი სტრატეგია და მისი შესაბამისი სტრუქტურა უნდა გქონდეს, თან აუცილებლად. თუმცა გრძელვადიან (5-10 და მეტი წელი) არც ეფექტიანი სტრატეგიის და სტრუქტურის იმედად შეიძლება ყოფნა.

რამდენად მკაფიო და ჯანსაღია კულტურა და ფასეულობები და რამდენად პრინციპულად და დისციპლინირებულად მიყვება და იცავს ორგანიზაცია მის პრინციპებს საბოლოო ჯამში განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად დიდხანს არსებობს ორგანიზაცია და რამდენად შთამბეჭდავია მისი საქმიანობის შედეგები.

იცით ორგანიზაცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაშია წარმატებული, მაგრამ ძლიერი, მკაფიოდ გამოკვეთილი კულტურა და ღირებულებები არ აქვს? მოგვიყევით მათზე, თუ თვლით, რომ ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანი არ არის გრძელვადიანი წარმატებისთვის.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება