ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ანგარიშების წარმოდგენის ნაცვლად თანამშრომლებს გეგმების წარმოდგენა რომ ვთხოვოთ

ხშირად თანამშრომლებს მათი პროდუქტიულობა რომ გავზარდოთ ვთხოვთ ყოველ დღე ან ყოველ კვირა გაკეთებული საქმის ანგარიში წარმოგვიდგინონ.

თუ ჩვენ ადამიანებს მომავალი დღის, კვირის ან თვის გეგმის წარმოდგენას ვთხოვთ და მის დახვეწაში და გაუმჯობესებაში დავეხმარებით, ამით გაცილებით მეტად შეიძლება შევუწყოთ ხელი მათი პროდუქტიულობის ამაღლებას.

საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყველაზე მეტად გეგმის გააზრებისთვის დროის გამოყოფა გვიჭირს და თუ რაღაც გარემოება ან პროცედურა გვაიძულებს ამას საკმარისი დრო დავუთმოთ, მის კეთებას მივეჩვიოთ და ხელმძღვანელები კი დავეხმარებით გავაუმჯობესებინოთ თანამშრომლებს გეგმები, ამით უფრო გავზრდით მათ პროდუქტიულობას, ვიდრე დრო იმაზე დავახარჯინოთ რაც უკვე გავლილია ის როგორ ლამაზად წარმოგვიდგინონ.

მეტი რომ ვიფიქროთ გამოსავალზე, ვიდრე პრობლემებზე

პრობლემებზე ფიქრი რა თქმა უნდა საჭიროა და ის გამოსავლის პოვნაშიც გვეხმარება ასე თუ ისე, მაგრამ ალბათ გამოსავალზე ფიქრს ჯობია დავუთმოთ უფრო მეტი დრო და ენერგია.

ხშირად კონკრეტული საკითხების განხილვისას ისე გაუთავებლად ვმსჯელობთ პრობლემებზე, იმათ გამომწვევ მიზეზებზე, მოსალოდნელ საფრთხეებზე და რატომ ვერ გამოვა ეს სიტუაცია ჩიხიდან, რომ დრო აღარ გვრჩება გამოსავალზე საფიქრელად და სამსჯელოდ.

თუ ყველა განხილვა და ფიქრიც უფრო გამოსავალს მიეძღვნება და არა პრობლემებს, თვითონ პრობლემების განხილვაც სხვანაირ რაკურსში მოხდება ალბათ, ამასთან გამოსავლის პოვნის შესაძლებლობაც ბევრად მეტია ასეთ დროს.

  • თარიღი: January 21, 2019
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,182-ჯერ

გააზრების და მოქმედების ფაზები ერთმანეთისგან რომ გავყოთ

ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოქმედებები არ არის საკმარისად სწრაფი, ინტენსიური და ეფექტიანი იმის გამო, რომ ერთდროულად ვცდილობთ თან ვიმოქმედოთ თან ვიფიქროთ რას ვაკეთებთ, რატომ და როგორ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როცა თან ვწერთ და თან ვფიქრობთ რა დავწეროთ. ასეთ დროს წერა როგორც წესი უფრო იმის სიამოვნებაზეა ორიენტირებული, ვინც წერს, ვიდრე იმაზე, ვინც უნდა წაიკითხოს, ვინაიდან ნაწერი არეულ-დარეული და გაუგებარი გამოდის (როგორც ეს ინსაითი მაგალითად).

მაშინ როდესაც, თუ დავფიქრდებით რა არის ჩვენი წერის მიზანი, ვისთვის რა აზრის გადაცემა გვინდა და როგორ შეიძლება პოზიციის სწორად არგუმენტირება ან გადმოცემა, ნაწერი ბევრად ლაკონური და შინაარსიანი გამოდის.

წერის შემთხვევაში ეს მარტივი წესი თითქმის ყველამ იცის და იყენებს კიდეც, მაგრამ სხვა საქმიანობისას ხშირად ასე არ ვაკეთებთ. საკმარისია გააზრების ფაზა მოქმედების ფაზისგან გავყოთ და საქმიანობა რამდენჯერმე პროდუქტიული ხდება.

მეგობრებო, ვის როგორი გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით?

  • თარიღი: January 16, 2019
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,407-ჯერ

ყველაზე მეტად ადამიანს კარიერულ წარმატებაში ინიციატივები ეხმარება

მგონია, რომ გამოთქმა “ინიციატივა დასჯადია” არათუ აქტუალური არ არის, არამედ პირიქით.

თუ ადამიანს ესმის მისი ამოცანა სამსახურში და ყოველთვის ეძებს გზებს ამ ამოცანის უკეთესად გადასაწყვეტად, მაშინაც კი თუ ეს გზები ყოველთვის ძალიან კარგი არ არის და მაშინაც, თუ ეს ინიციატივები და ზოგადად ინიციატივიანობა უშუალო ხელმძღვანელს დიდად არ მოსწონს, ინიციატივებს კარიერული წარმატება მგონია, რომ მაინც აუცილებლად მოყვება.

საქმე იმაშია, რომ, ჩემი აზრით, დღეს ყველაზე მეტად რაც უკვირს მენეჯმენტს, ყველაზე მეტად რაც უნდა თანამშრომლებისგან და ყველაზე მეტადაც საბოლოოდ რასაც დააფასებს ადამიანებში, სწორედ ინიციატივაა და თუ არ დავიზარებთ და ყოველთვის გვექნება ის, აუცილებლად შეგვამჩნევენ და ეცდებიან მეტი არეალი მოგვცენ სამოქმედოდ.

თქვენ რას ფიქრობთ?

  • თარიღი: January 15, 2019
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,415-ჯერ

ხშირად ერთადერთი, რაც გვჭირდება – უბრალოდ ვითხოვოთ დახმარება

სამწუხაროდ ადამიანებს ძალიან გვიჭირს ვითხოვოთ დახმარება. გვრცხვენია, არ ვიცით როდის უნდა გავაკეთოთ ეს, ვისგან ვითხოვოთ თუ როგორ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ამას არ ვაკეთებთ.

არადა ძალიან ხშირად მხოლოდ ეს არის საჭირო, რომ სიტუაციიდან გამოვიდეთ, ამოცანა გადავწყვიტოთ, გავაგრძელოთ მოძრაობა.

ამასთან, სიტუაციების დიდ ნაწილში, თითქმის ყოველთვის, მათ, ვისაც შეიძლება ეს დახმარება ვთხოვოთ არათუ შეუძლიათ დამხარება, არამედ უდიდესი სიხარულით აკეთებენ ამას.

თუ უფრო ხშირად ვითხოვთ დახმარებას, და ასე მათაც ვუმარტივებთ ჩვენი დახმარების შესაძლებლობას,  ვფიქრობ ბევრად სწრაფად მოვა წარმატება. ამისთვის საჭიროა, მხოლოდ გადავლახოთ მენტალური ბარიერი, ასევე ვისწავლოთ ვისგან, როდის და რა ფორმით სჯობს ამის გაკეთება.

არ მოიკითხოთ ადრე გაცემული დავალებების შესრულება

როგორც წესი, ხელმძღვანელები დიდ დროს ვხარჯავთ ჩვენს მიერ გაცემული დაველებების მოკითხვაზე. ჩვენი დღის წესრიგი, რუტინა და მუშაობის კულტურა გვაქვს აგებული ასე და თან ვთვლით, რომ ამით ვაღწევთ განსაკუთრებულ შედეგებს.

არადა ხშირად მუშაობის ასეთი მიდგომა არამარტო დროს გვახარჯინებს არასწორად, არამედ ადრე გაცემული არასწორი დავალებების შესრულებას აიძულებს ადამიანებს, რომლებსაც არ მიაჩნიათ სწორად ამ დავალების შესრულება.

დავალებები, რომლებსაც დევნა სჭირდება, ხო არ ჯობს რომ არც შესრულდეს?! თუ არ გაკეთდება იმაზე დავფიქრდეთ, რა უნდა შევცვალოთ სისტემურად იმისთვის, რომ საუკეთესო ნაწილი დასმული ამოცანების მოკითხვების გარეშეც სრულდებოდეს.

 

როდესაც ისეთ რაღაცას აკეთებ, რისი გაკეთებაც ადვილია შენთვის, ესეიგი იმას აკეთებ, რაც შენ არ უნდა გააკეთო

ჩვენი დროც, ენერგიაც, ყურადღებაც ყოველთვის სჯობს ვეცადოთ ისეთ საქმეებზე დავხარჯოთ, რაც რაღაცა ახალს გვასწავლის და გვავითარებს. და ყველაფერი რაც ასეთი არ არის, უნდა მივანდოთ სხვებს, ვისთვისაც ის ახალი გამოწვევა გახდება.

ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის საინტერესო იქნება სამუშაო ჩვენთვის, განვითარების ტემპიც ყოველთვის მაღალი იქნება და ადამიანებიც ჩვენს გარშემო გაცილებით მეტათ მოახერხებენ საკუთარი უნარების რეალიზებას.

ასე რომ, თუ ვატყობთ, რომ ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომელიც არ გვავითარებს, უნდა ვიფიქროთ – ალბათ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ – და ვეცადოთ ვიპოვოთ ადამიანები ჩვენს გარშემო, ვისაც არ უნდა წავართვათ იგივე ამოცანის გადაწყვეტით განვითარების შესაძლებლობა.

ხელმძღვანელის საქმე იდეების მოფიქრება არ არის

ხელმძღვანელები იდეებზე ნაკლებად უნდა ვფიქრობდეთ, უფრო ალბათ იმაზე, როგორ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც იდეებზე დანარჩენი თანამშრომლები იფიქრებენ. ამ გარემოს შექმნის, იდეების სხვა ადამიანებში გაჩენის, წახალისების და მოტივაციის გაზრდის იდეები უნდა იყოს ალბათ ის, რაზეც ჩვენ ჩვენს შემოქმედებით უნარებს უნდა ვხარჯავდეთ.

არადა რამხელა ცდუნებაა – გაგინათდება გონებაში რაღაცა, აირჩევ ადრესატს, გასცემ დავალებას და დაიჭერ სახრეს მერე პერიოდულად შემოსატყლაშუნებლად და ნელ-ნელა შენი “გენიალური” იდეა რეალობად იქცევა. და გიხარია. არადა ხშირად სწორედ მართვის ასეთი მიდგომა ყველაზე მეტად უშლის ხელს სხვა ადამიანებში შემოქმედებითობის გაღვივებას და რაღაც კი კეთდება, მაგრამ ბევრი შესაძლებლობა იკარგება და ბევრი საქმე ფუჭდება სანაცვლოდ.

რას ფიქრობთ? რომელი მიდგომა უფრო ამართლებს ამ ორიდან მეგობრებო საბოლოოდ?

შეხვედრები, სადაც უბრალოდ უნდა ვიყოთ

ხელმძღვანელებისთვის არის შეხვედრები, სადაც აუცილებელია რომ ვიყოთ, იმისთვის, რომ იმ შეხვედრის სტატუსს და მნიშვნელობას გავუსვათ ხაზი, ყურადღებით მოვუსმინოთ, ჩავინიშნოთ გასაანალიზებელი საკითხები, მაგრამ არ უნდა ვიაქტიუროთ, ვეცადოთ არ გამოვთქვათ მოსაზრებები, არ მივიღოთ ჩვენ გადაწყვეტილებები,  და არ გავცეთ დავალებები, როგორც არ უნდა გვეცმანდურებოდეს ხელები სამაგისოდ.

ასეთ შეხვედრებზე არ დასწრება ან ზომაზე მეტი აქტიურობა დანარჩენ ადამიანებს მოტივაციას უკარგავს, ან იბოჭებიან ან აზრის გამოთქმის აზრს ვეღარ ხედავენ. მაშინ როდესაც ჩვენი ყოფნა ასეთ შეხვედრებზე მოტივაციას ზრდის და ადამიანებს მეტად უჩნდებათ აქტიურობის სურვილი.

იმის განსაზღვრა, თუ რომელ შეხვედრაზე არის აუცილებლად, მაგრამ ჩუმად, ყოფნა საჭირო ალბათ ორგანიზატორებთან ჯობს.

  • თარიღი: December 19, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,330-ჯერ

როდესაც მზად ხარ, ყველაფერი დაუთმო

თუ მზად ხარ პარტნიორს, მეგობარს კოლეგას, მეზობელს ან უბრალოდ გამვლელს ყველაფერი დაუთმო, მისცე რასაც გთხოვს, ან არ გთხოვს მაგრამ იცი, რომ ფიქრობს ეკუთვნის ან სჭირდება და გჯერა, რომ შენ არაფერს არ დაკარგავ ამით და საბოლოო ჯამში მხოლოდ მოიგებ, შედეგად მაშინ არც კონფლიქტი არ მოგივა არავისთან წესით და არც მტერი შეიძლება არ გყავდეს არასდროს და ცხოვრებაც ბევრად სასიამოვნო და ადვილი შეიძლება გახდეს.

თუ გჯერა, რომ გაღებული, მიცემული, დათმობილი სინამდვილეში შენ არაფერს გაკლებს და შეიძლება პირიქით სიმშვიდეს, მეგობარს, ნდობის დეპოზიტს, შენგან დავალებულ ან გვერდით მდგომ ადამიანს გიმატებს, ან უბრალოდ კიდევ ერთი ადამიანი დამშვიდდება გარემოსთვის ან რაღაცა ახალს და მნიშვნელოვანს მიხვდება თავისთვის, ძალიან ადვილია შეადარო და თითქმის ყოველთვის მიხვდები, რომ ფასი, რაც ამაში გაქვს გადახდილი ძალიან ძალიან ღირდა ამად, შენთვისაც და ყველასთვის.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება