ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



როდესაც ისეთ რაღაცას აკეთებ, რისი გაკეთებაც ადვილია შენთვის, ესეიგი იმას აკეთებ, რაც შენ არ უნდა გააკეთო

ჩვენი დროც, ენერგიაც, ყურადღებაც ყოველთვის სჯობს ვეცადოთ ისეთ საქმეებზე დავხარჯოთ, რაც რაღაცა ახალს გვასწავლის და გვავითარებს. და ყველაფერი რაც ასეთი არ არის, უნდა მივანდოთ სხვებს, ვისთვისაც ის ახალი გამოწვევა გახდება.

ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის საინტერესო იქნება სამუშაო ჩვენთვის, განვითარების ტემპიც ყოველთვის მაღალი იქნება და ადამიანებიც ჩვენს გარშემო გაცილებით მეტათ მოახერხებენ საკუთარი უნარების რეალიზებას.

ასე რომ, თუ ვატყობთ, რომ ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომელიც არ გვავითარებს, უნდა ვიფიქროთ – ალბათ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ – და ვეცადოთ ვიპოვოთ ადამიანები ჩვენს გარშემო, ვისაც არ უნდა წავართვათ იგივე ამოცანის გადაწყვეტით განვითარების შესაძლებლობა.

შფოთში გაკეთებული საქმეები

ამბობენ, რომ არის ისეთი დროები, როცა სტრესი და შექმნილი წნევა გაიძულებს რამე უკეთესი მოიფიქრო, რაღაცა უკეთესად გააკეთო, მაგრამ შეუძლებელია გსიამოვნებდეს ძირითადად ასეთ რეჟიმში მუშაობა, შეუძლებელია შედეგი რომელიც ასეთ გარემოში იქმნება ძლებდეს დიდხანს, ან თვითონ ის ადამიანები უძლებდნენ დიდხანს, რაც არ უნდა უწყობდეს ხელს ამას მათი ძლიერი თვისებები, იყვნენ “ამტანები”.

მაგრამ არიან ხელმძღვანელები, ვისაც უფრო უადვილდებათ ასე მუშაობა, ასე ახერხებენ შედეგების მართვას, თვითონაც ეჩვევიან ამ რეჟიმს და მშვიდ გარემოში ჰგონიათ რო საქმე არ კეთდება, თანამშრომლები დუნდებიან.

მე მგონია, რომ ძალიან დროებითია ეს და მიუხედავად იმისა ვინ რამდენ ხანს გაუძლებს, ყველა შინაგანად მეტი სიმშვიდისკენ, მეტი ხალისით საქმის კეთებისკენ არის მიდრეკილი, იმიტომ რომ შფოთი არ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა.

შეხვედრები, სადაც უბრალოდ უნდა ვიყოთ

ხელმძღვანელებისთვის არის შეხვედრები, სადაც აუცილებელია რომ ვიყოთ, იმისთვის, რომ იმ შეხვედრის სტატუსს და მნიშვნელობას გავუსვათ ხაზი, ყურადღებით მოვუსმინოთ, ჩავინიშნოთ გასაანალიზებელი საკითხები, მაგრამ არ უნდა ვიაქტიუროთ, ვეცადოთ არ გამოვთქვათ მოსაზრებები, არ მივიღოთ ჩვენ გადაწყვეტილებები,  და არ გავცეთ დავალებები, როგორც არ უნდა გვეცმანდურებოდეს ხელები სამაგისოდ.

ასეთ შეხვედრებზე არ დასწრება ან ზომაზე მეტი აქტიურობა დანარჩენ ადამიანებს მოტივაციას უკარგავს, ან იბოჭებიან ან აზრის გამოთქმის აზრს ვეღარ ხედავენ. მაშინ როდესაც ჩვენი ყოფნა ასეთ შეხვედრებზე მოტივაციას ზრდის და ადამიანებს მეტად უჩნდებათ აქტიურობის სურვილი.

იმის განსაზღვრა, თუ რომელ შეხვედრაზე არის აუცილებლად, მაგრამ ჩუმად, ყოფნა საჭირო ალბათ ორგანიზატორებთან ჯობს.

რა უნდა გავაკეთო რომ ანაზღაურება გამეზარდოს?

ხელმძღვანელისთვის ანაზღაურების გაზრდის სურვილით ასე დასმული კითხვა გაცილებით პროფესიონალურია, ვიდრე – იმას რო ამდენი აქვს, თითქოს ერთნაირად მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და მე ნაკლები რატო მაქვს, მეც მომიმატე – ასეთი მოთხოვნით თხოვნა.

როცა შენი ანაზღაურების საკითხს, შენსავე საქმიანობას და შედეგებს უკავშირებ, ხელმძღვანელიც უფრო კეთილგანწყობილი შეხვდება ასეთ თხოვნას, რაც არ უნდა არ იყოს ამისთვის მზად. გაღიზიანებას ნამდვილად არ გამოიწვევს და უფრო გულით ეცდება ეს თხოვნა რამენაირად დაგიკმაყოფილოს, გზას მაინც გეტყვის ამისთვის რა უნდა გააკეთო.

  • თარიღი: December 19, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,319-ჯერ

როდესაც მზად ხარ, ყველაფერი დაუთმო

თუ მზად ხარ პარტნიორს, მეგობარს კოლეგას, მეზობელს ან უბრალოდ გამვლელს ყველაფერი დაუთმო, მისცე რასაც გთხოვს, ან არ გთხოვს მაგრამ იცი, რომ ფიქრობს ეკუთვნის ან სჭირდება და გჯერა, რომ შენ არაფერს არ დაკარგავ ამით და საბოლოო ჯამში მხოლოდ მოიგებ, შედეგად მაშინ არც კონფლიქტი არ მოგივა არავისთან წესით და არც მტერი შეიძლება არ გყავდეს არასდროს და ცხოვრებაც ბევრად სასიამოვნო და ადვილი შეიძლება გახდეს.

თუ გჯერა, რომ გაღებული, მიცემული, დათმობილი სინამდვილეში შენ არაფერს გაკლებს და შეიძლება პირიქით სიმშვიდეს, მეგობარს, ნდობის დეპოზიტს, შენგან დავალებულ ან გვერდით მდგომ ადამიანს გიმატებს, ან უბრალოდ კიდევ ერთი ადამიანი დამშვიდდება გარემოსთვის ან რაღაცა ახალს და მნიშვნელოვანს მიხვდება თავისთვის, ძალიან ადვილია შეადარო და თითქმის ყოველთვის მიხვდები, რომ ფასი, რაც ამაში გაქვს გადახდილი ძალიან ძალიან ღირდა ამად, შენთვისაც და ყველასთვის.

  • თარიღი: December 14, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,360-ჯერ

რას მოვასწრებ 17 დღეში

ზოგისთვის საკმარისი დროა გააკეთოს ბევრი რამ, ზოგისთვის ძალიან ცოტა, რამე მნიშვნელოვანი რომ მოასწროს ამ დროში. ასეა თუ ისე, ჩვენთვის ყველასთვის, კალენდარულად 17 დღეა დარჩენილი 2018 წლის დასრულებამდე.

ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცების გამოსწორება, უკვე გაკეთებულის გამდიდრება, მეტის გაცემა, ბევრის გაკეთებაც შეიძლება, მადლობის თქმა და ბოდიშის მოხდა მაინც შეიძლება. მთავარია დრო არ გავფლანგოთ, ვიჩქაროთ მოვასწროთ, ეს წელი ხო მეტი აღარ დაბრუნდება.

უბრალოდ გაიკეთეთ ამ წელს აუცილებლად მოსასწრები რამეების სია, დაალაგეთ პრიორიტეტული თანმიმდევრობით და მიყევით. წარმატებები ყველას!

“არა” კი არა “რა”

როდესაც ჩვენი ძირითადი როლი განხილვების დროს ის არის, რომ ვთქვათ არა, და თუნდაც მილიონი საფრთხე და არგუმენტი მოვიყვანოთ ამისთვის, ეს ძალიან ღირებული როლია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც ამბობს რა უნდა გაკეთდეს და თუნდაც არგუმენტები არ მოყავს ამისთვის ეს რატო უნდა გაკეთდეს, ჩვენი ღირებულება გუნდისთვის ბევრჯერ უფრო დაბალია მაინც.

ჩვენთან, როგორც გუნდში “არას” მთქმელ წევრებთან ურთიერთობა და მუშაობა ძალიან დამღლელი და მოსაწყენი ხდება დანარჩენი გუნდისთვის. აღარც მომისმენენ და აღარც შემეკითხებიან აზრს, ჯერ  ნაკლებად რთულ შემთხვევებში, მერე კრიზისულ სიტუაციებში, როცა სწრაფი მოქმედებაა საჭირო და მერე ალბათ საერთოდაც სულ უფრო და უფრო ნაკლებად. ხასიათი რო არ გაიფუჭონ, მუხტი რო არ დაკარგონ და შიშები არ გაიმძაფრონ მუდმივად.

მაშინ როდესაც, მე როგორც  “რა უნდა გაკეთდეს” მთქმელ წევრს ყოველთვის პირველ რიგში შემეკითხებიან რა უნდა გაკეთდეს ამ სიტუაციაში ჩემი აზრით და ჩემი მოსმენა ბევრად უფრო სასურველი, საინტერესო და ღირებული იქნება მათთვის, მაშინაც კი თუ ეს იდეები დიდი არაფერია და არც მთლად არგუმენტირებულად არ შემიძლია მათი დასაბუთება. :)

რატომ უყვართ თქვენს თანამშრომლებს თქვენი ორგანიზაცია?

სინერჯის თითქმის 20 წლიანი მუშაობის პერიოდში ათასობით ადამიანთან მოგვიწია ინდივიდუალური ინტერვიუს ჩატარება, თითქმის ყველასთან დაგვისვამს კითხვა – რა მოგწონს ორგანიზაციაში სადაც მუშაობ, რატომ მუშაობ აქ ამდენი წელი?  პასუხი უმეტეს შემთხვევებში არის – ადამიანები, ვისთან ერთადაც სასიამოვნოა მუშაობა, გარემო, რომელიც არის კომფორტული, მეგობრული და ჯანსაღი და იმ საქმის სიყვარული, რასაც აკეთებს და ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას.

ამ სამი პასუხიდან პირველი ორი რამდენად გახდება თანამშრომლებისთვის ორგანიზაციის ერთგულებისა და სიყვარულის მიზეზი, სრულად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ფასეულობები აქვს ორგანიზაციას ან საერთოდაც, აქვს თუ არა გააზრებული და გაცხადებული ფასეულობათა სისტემა.

ფასეულობები განსაზღვრავს ორგანიზაციისთვის იმ პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც უნდა გახდეს სახელმძღვანელო სწორი გადაწყვეტილებების მიღებისას, რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნისას, გუნდის წევრების შერჩევისა და შეფასებისას.

ის ორგანიზაციები, რომელთაც კარგად გააზრებული და გაცხადებული ფასეულობათა სისტემა აქვთ გამოირჩევიან ჯანსაღი ურთიერთობებით როგორც შიდა, ისე გარე მხარეებთან, თანამშრომლებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობებით მათ თითქოს თავისი გამორჩეული სტილი აქვთ. სწორედ ეს ქმნის ორგანიზაციის მიმართ ერთგულებას, ლოიალობას და სიყვარულს თანამშრომლებში.

გაგვიზიარეთ, თქვენი ორგანიზაციები რატომ უყვართ თანამშრომლებს?

  • თარიღი: December 5, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,237-ჯერ

ჩემი აზრით (ინსაითი)

ხშირად, როდესაც რაღაც მოსაზრებას ან პოზიციას გამოვხატავთ, გვავიწყდება დავამატოთ “ჩემი აზრით, როგორც ვიცი, როგორც მგონია” და ისე დამაჯერებლად გამოვხატავთ პოზიციას, რომ მსმენელმა შეიძლება ოფიქროს, გადამოწმებულ დამტკიცებულ ფაქტზე ან თეორიაზე ვლაპარაკობთ. მაშინ როდესაც დიდია იმის ალბათობა, რომ ჩვენი პოზიცია ბოლომდე ჭეშმარიტება არ იყოს.

ხო მარტივია? თითქოს თქმაც რად უნდა ამას, მაგრამ თუ დავაკვირდებით როგორც ჩვენ ისე სხვების საუბარს, დავინახავთ, რომ ბევრია შემთხვევა, სადაც ამის დამატება აუცილებელია, რომ ადამიანები შეცდომაში არ შევიყვანოთ, საუბარიც უფრო კონსტრუქციულ ფარგლებში მიდიოდეს და ადვილი გახდეს პოზიციების შეჯერება-შეთანხმება.

 

რა განვახორციელეთ რეალურად

თუ კვირის ბოლოს რამდენიმე წუთს დავუთმობთ იმის ჩამოწერას რა რეალურად განვახორციელეთ ამ კვირაში და ამას გავაკეთებთ რეგულარულად ყოველი კვირის ბოლოს, უნდა დაგვეხმაროს ერთი მხრივ შევაფასოთ როგორი ნაყოფიერი კვირა გვქონდა და მეორე მხრივ უფრო კონცენტრირებულს გაგვხდის განხორციელებაზე.

საბოლოოდ შედეგები დგება რეალურად განხორციელებული გადაწყვეტილებებით, გამოცდილებაც გროვდება რეალურად განხორციელებულიდან. მიუხედავად იმისა რამდენი საკითხის ინიცირება, იდეის გენერირება და გადაწყვეტილების მიღება ხდება კვირის განმავლობაში.

სამაგალითოდ ასეთი კონცენტრირება განხორციელებულ გადაწყვეტილებებზე, რო უბრალოდ ჩამოწერო კვირის ბოლოს, დროთა განმავლობაში ქცევაშიც შეიტანს ცვლილებას და მეტად განხორციელებაზე ორიენტირებულს გაგვხდის.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება