ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ავტომანქანის ფასს ფარეხში დგომა არ ამცირებს

თუ ავტომანქანა ფარეხში დგას ან გასარეცხია, ან ძალიან პროფესიონალი მძღოლი არ ყავს, ამის გამო მისი ფასი არ მცირდება. ქარხნიდან გამოყვანილ გასაყიდად გამზადებულ ავტომანქანასაც არ აფასებს არავინ იმის მიხედვით რა სარგებელი მოაქვს ან რა მოგებას იძლევა. მას ფასი აქვს იმის მიხედვით, რამდენად ხარისხიანად არის აწყობილი, რამდენად საიმედოა, რამდენად ლამაზია გარეგნულად, ვინ არის მწარმოებელი და ა.შ.

ორგანიზაციების ღირებულებულების განსაზღვრისასაც მიუხედავად იმისა როგორი ხელმძღვანელი ყავს, რამდენი ფულით რა მოგება მოაქვს, აქვს თავისი ღირებულება. რამდენად გამართული სტრუქტურა აქვს, რამდენად გააზრებული აქვს შემდეგი მოქმედების სტრატეგია, რამდენად ძლიერი გუნდი ყავს თანამშრომლების, რამდენად აწყობილი პროცესები აქვს და ა.შ.

ის, ვისაც შეუძლია ორგანიზაციის ღირებულების ეს ნაწილი დაინახოს და შეაფასოს, აქედან გამომდინარე მეტი დამატებითი მოგების მიღება შეუძლია, თუ მიხვდება როგორ დაეხმაროს ამ ორგანიზაციებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. ვიდრე იმათ, ვინც კომპანიების ღირებულებას მხოლოდ ფინანსური შედეგებით აფასებს.

ადამიანების ბედნიერების სურვილით გაკეთებული საქმე

როცა ხელოვანი სავსეა სურვილით მისმა ნაწარმოებმა ადამიანებს ბედნიერება მიანიჭოს, მისი შემოქმედება განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდის.

ანიტა რაჭველიშვილის კონცერტს დავესწარით წინა კვირას. ჩვენ, ორგანიზაციული განვითარების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს ავტომატურად გვიჩნდება ხოლმე ესეთ დროს კითხვა – როგორ გეგმავენ, როგორ აორგანიზებენ და როგორ ასრულებენ ასეთ საოცარ საღამოებს. სწორედ ადამიანების მიმართ უდიდესი სიყვარულის განცდა და მათთვის ბედნიერების მინიჭების დაუოკებელი სურვილი შეიძლება იყოს წყარო ასეთი იდეებისთვის და მათი ასეთი ხარისხით განხორციელების პირობა.

კომერციული ორგანიზაციებიც სწორედ ამ სულისკვეთებით ახერხებენ საოცარი პროდუქტები, სერვისები და მომსახურება შექმნან. იქ, სადაც ასეთი სურვილი ადამიანებისთვის სიხარულის და ბედნიერების მინიჭების თუნდაც რამდენიმე ადამიანში მაინც არსებობს, ყოველთვის განსაკუთრებული ამბები ხდება.

მოდის დრო, როდესაც კონკურენტებიც ერთმანეთს სწორედ იმაში უნდა შეეჯიბრონ, ვინ უფრო მეტად მოინდომებს მომხმარებლებისთვის სიხარულის და ბედნიერების მინიჭებას.

თუ ადამიანს სამსახურში თავის ხელმძღვანელთან ერთად სამუშაოდ არ მიეჩქარება, ის იქ ღირებულს ვერაფერს გააკეთებს

თუ ადამიანების შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენება ორგანიზაციის მართვის პროცესში ხელმძღვანელის უპირველესი საზრუნავი გახდა, და იგი იმის მიხედვით შეფასდა, ვისთან უფრო მეტად იხსნებიან და იხარჯებიან ადამიანები შემოქმედებითი თვალსაზრისით, მაშინ ხელმძღვანელიც ისეთი უნდა იყოს – უფრო წარმატებული, ვისთანაც ადამიანები უფრო მშვიდად, უფრო თავისუფლად, მხიარულად და ბედნიერად, დაცულად და თბილად გრძნობენ თავს.

ასეთი განწყობა ვერ გექნება მკაცრი, ჯარისკაცივით ორგანიზებული, შედეგზე ორიენტირებული, ძალიან სწრაფი და პრინციპული ხელმძღვანელის გვერდით. ეს განცდა გაგიჩნდება რბილი, დამთმობი, ძალიან სანდო, მხიარული, მყუდრო, მშვიდი, უზომოდ და უსაზღვროდ მომთმენი, არამკაცრი და არა შედეგზე, არამედ ადამიანის ზრდაზე და არსებულ ადამიანებთან ერთად მიღწეულ შედეგებზე ორიენტირებული ხელმძღვანელის გვერდით.

ხელმძღვანელის არ უნდა გეშინოდეს. მის სანახავად და მასთან ერთად მუშაობისთვის სამსახურში მისვლა უნდა მიგეჩქარებოდეს. დარწმუნებული უნდა იყო, რომ ყველაფერს გაპატიებს, არაფერს დაგიშავებს, არასდროს გიღალატებს და ყოველთვის გაგიგებს.

ასეთთან წესით უფრო მეტად უნდა გაიხსნას და საკუთარი უნარებიც უფრო მეტად უნდა გამოავლინოს ადამიანმა. თქვენ რას ფიქრობთ?

ორგანიზაციული კულტურა – კომპანიის სავიზიტო ბარათი!

ბევრი ადამიანი ირჩევს ახალ სამუშაო გარემოს ორგანიზაციული კულტურის მიხედვით. რა დროსაც უპირატესობას იმ კომპანიას ანიჭებენ, რომელიც ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კომფორტულ თანაარსებობაზე. თუ ორგანიზაცია, არ ან ვერ მოახერხებს საკუთარი კულტურის ჩამოყალიბებას, მას ალბათ არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია სასურველი თანამშრომლების მოზიდვაზე.

იმდენად რამდენადაც, ორგანიზაციულ კულტურას შეუძლია შეცვალოს ადამიანების ცნობიერება და მართოს მათი მოტივაცია. პირდაპირ კავშირშია თანამშრომლების პროდუქტიულობასთან, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის წარმატებასა და წარუმატებლობაზე აისახება.

ორგანიზაციული კულტურა, ეს არის აზროვნების სტილი, იმ ღირებულებების და რიტუალების ერთობლიობა, რომელიც განასხვავებს ერთ კომპანიას მეორესგან. იგი ყალიბდება დროთა განმავლობაში, განიცდის ცვლილებებსაც, თუმცა მისი ძირითადი არსი უცვლელი რჩება.

ამდენად, ორგანიზაციული კულტურა ნადვილად არის კომპანიის სავიზიტო ბარათი!

აქტივების და ვალდებულებების დივერსიფიკაცია და გამსხვილება სტაბილურ და არასტაბილურ გარემოში

რაც უფრო დივერსიფიცირებულია აქტივი ან ვალდებულება, მით უფრო რისკიანია არასტაბილურ სიტუაციაში და უფრო სტაბილურია სტაბილურ სიტუაციაში.

და რაც უფრო გამსხვილებულია აქტივი და ვალდებულება, მით უფრო საშიშია სტაბილურ სიტუაციაში და უფრო მართვადია არასტაბილურ სიტუაციაში.

თუ გვინდა, რომ სტაბილურ გარემოში სტაბილური აქტივი გვქონდეს, მაქსიმალურად დივერსიფიკაცია უნდა გავუკეთოთ, არასტაბილურ გარემოში კი უნდა გავამსხვილოთ, რომ უფრო ადვილი იყოს შექმნილი სიტუაციის მოგვარება. მსგავსად ვალდებულებებზე, არასტაბილურ გარემოში დივერსიფიკაცია უნდა გაუკეთო, რომ ნაკლები ზიანი მიიღო.

ანუ დივერსიფიცირებული აქტივებიც და ვალდებულებებიც სტაბილურია სტაბილურ გარემოში და რისკიანია არასტაბილურ გარემოში; თუ გამსხვილებულია უფრო მართვადია არასტაბილურ გარემოში და რისკიანია სტაბილურ გარემოში.

ორი მიზანი ერთად ერთ საქმეში ვერ მიიღწევა

შეიძლება გამოგივიდეს ისე, რომ შედეგად ორ სასურველ მიზანს მივაღწიოთ ერთი საქმით, მაგრამ დევნით ორ მიზანს ერთ საქმეში არ უნდა ვსდიოთ, ჩემი აზრით.

ადამიანებს გვაქვს ცდუნება ერთ საქმეში მოვაკვარახჭინოთ რამდენიმე მიზანი და ბარემ ისიც და ბარემ ესეც გამოვიყვანოთ. მაგრამ როგორც წესი არ გამოდის. ან რომელიმე მიზანი ხდება უპირატესი და ის გვაიძულებს მისი მიღწევისთვის საჭირო გზები დავსახოთ და ისე ვიმოქმედოთ ან ირევა ერთმანეთში და არც ერთი გამოდის და არც მეორე.

მინიმუმ გააზრებით ჯობია რომ ჯერ ცალ-ცალკე გავიაზროთ რომელი მიზანი როგორ მიიღწევა და თუ მსგავსია, მაშინ რაღაც უფრო დიდი მიზანი გვქონია, რომლის ნაწილებია ესენი და ჯერ იმას უნდა მივხვდეთ.

შეცდომის არდაშვების შიშით არაფრის კეთება ყველაზე დიდი შეცდომაა

ადამიანებიც და შესაბამისად ორგანიზაციებიც ხანდახან იმის შიშით, რომ შეცდომა არ დავუშვათ, ვამჯობინებთ საერთოდ არაფერი ახალი და საინტერესო არ ვაკეთოთ. არადა მხოლოდ კეთებას შუძლია სიახლე მოიტანოს მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მასვე მოყვება უამრავი შეცდომა, რომელსაც ამ პროცესში ვუშვებთ. ამის გარეშე კი არაფერი ახალი და საინტერესო არ ხდება.

სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები, მათი სწრაფი განხორციელება, ამ პროცესში დაშვებული შეცდომების ასევე სწრაფად აღმოჩენა და სწრაფადვე გამოსწორება უფრო კარგი მიდგომაა დღეს, ვიდრე ბევრი ფიქრი, შეცდომის დაშვებაზე თავის არიდების გაუთავებელი მცდელობა და ამის გამო სერიულად დაგვიანებული და არ მიღებული ან არგანხორციელებული გადაწყვეტილებები.

თქვენ რას ფიქრობთ?

  • თარიღი: October 1, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,302-ჯერ

იმაზე მნიშვნელოვანი, თუ რას აკეთებს ადამიანი არის ალბათ ის, თუ რატომ აკეთებს ამას

ის კი არ არის მნიშვნელოვანი ადამიანი რას აკეთებს, ის უფრო მნიშვნელოვანია რატომ აკეთებს ამას. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ როდესაც იცი ადამიანის მოტივაცია, მიხვდები რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი ან რეაქცია ამა თუ იმ მომენტში. მაგრამ თუ არ იცი რატომ აკეთებს, რასაც აკეთებს, ადამიანის ნაბიჯების გამოცნობა ძალიან ძნელია. ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისი შემდეგი ნაბიჯის გამოცნობაც ჭირს, ძალიან ძნელიც არის და სახიფათოც.

შეიძლება ადამიანი აკეთებდეს ერთი შეხედვით ძალიან კარგ რაღაცას, მაგრამ ცუდი მოტივებით, და ასე გაკეთებული კარგი საქმეც საშიშია. მეორე მხრივ შეიძლება აკეთებდეს ერთი შეხედვით ცუდ რაღაცას, მაგრამ ძალიან კარგი, კეთილი მოტივებით, და ასე გაკეთებული ცუდი საქმე ბევრად ნაკლებად საშიშია ალბათ.

მე პირადად ისევ კარგი მოტივებით გაკეთებული ცუდი საქმე მირჩევნია, ცუდი მოტივებით გაკეთებულ ვითომ კარგ საქმეებს. მგონი ასეთი “კარგი” საქმის საფასური საბოლოო ჯამში მაინც უფრო დიდი და უფრო მძიმე იქნება. თქვენ რას ფიქრობთ?

შეჩერდი და “წაუსნიკერსე”

ხშირად ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და არ ვიცით საიდან დავიწყოთ, მაშინ ჩემი აზრით ყველაზე სწორია, დავიწყოთ გააზრება და რაც მთავარია ჩამოწერა კონკრეტულად რა არის ეს ბევრი საქმე, რისი გაკეთებაც დღეს უნდა მოვასწროთ ასე ძალიან ბევრი რომ გვეჩვენება. მათ შორის გავითვალისწინოთ თუნდაც შესვენების დროც. შემდეგ დავაპრიორიტეტოთ ეს საკითხები, მაგალითად, რაც აუცილებელია მოვასწროთ, რაც სასურველია და რაც სულ არაა საჩქარო დღეს. ჩვენი გონება ქაოსური მდგომარეობიდან აუცილებლად გადავა მშვიდ, დალაგებულ მდგომარეობაში, რაც უპირველესი ნაბიჯია საქმის დაწყების და შემდეგ შესრულების.

ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი რამის მოსწრებას შევძლებთ. ასევე, დაახლოებით გვეცოდინება რას ვერ ვასწრებთ და ვისაც ჩვენი იმედი აქვს, მასაც დრულად შევატყობინებთ ამის შესახებ.  კითხვასაც – კონკრეტული დავალება როდის გვექნება – და შაბლონურ პასუხს – ვერ მოვასწარი – ავირიდებთ თავიდან.

ვინც უფრო ახლოს არის მომხმარებელთან, ყველაზე მეტ სარგებელს იღებს

ის, ვინც ღირებულების შექმნის ჯაჭვში ყველაზე ახლოს არის მომხმარებელთან, საბოლოო ჯამში ყველაზე მეტ სარგებელს იღებს.

თუ ადრე მწარმოებლებს რჩებოდათ ყველაზე მეტი მარჟა, მერე რაღაც ეტაპზე დისტრიბუტორებს, დღეს სარგებელს ყველა საბოლოო მომხმარებელზე გამსვლელ არხს უთმობს. ვინც ყველაზე ახლოს არის მომხმარებელთან, ვინც ეხება, უსმენს, უყურებს, გრძნობს საბოლოო მომხმარებელს, ვინც ყველაზე კარგად იცის რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რა უნდათ და რა არ უნდათ მომხმარებლებს, სულ უფრო კარნახობს პირობებს ღირებულების ჯაჭვის დანარჩენ რგოლებს.

ჯერ შეიძლება ყველა დარგში, ყველა სფეროში ეგრე არ არის, მაგრამ ტენდენცია საბოლოოდ მაინც მაქეთ მიდის.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება