ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



როცა ვერ ხვდები ხელმძღვანელი რომელია

თუ უყურებ გუნდის მუშაობას და ვერ ხვდები რომელია მათ შორის ხელმძღვანელი, ე.ი. ამ გუნდს ძალიან კარგი ხელმძღვანელი ჰყავს. თუ არავინ არ არის, ვინც დავალებებს იძლევა, თუ არავინ არ არის, ვისთანაც მიდიან და რაღაცებს ათანხმებენ, თუ არავინ არ არის, ვინც რიგებს შორის დადის და თანამშრომლების კომპიუტერის ეკრანებს აკვირდება, თუ არც უსაქმურად ზის ვინმე და სხვებისგან წამოსულ დავალებებს ელოდება, როცა არც შეხვედრებს იწვევს ერთი და იგივე ადამიანი, არც მენტორის ტონით და გამოხედვით მოძრაობს ვინმე, ე.ი. ამ გუნდის ხელმძღვანელი სხვა ბევრი ტიპური ხელმძღვანელისგან განსხვავებულია.

თუ ადამიანს შეუძლია იყოს ზუსტად ისეთივე, როგორიც მისი კოლეგები არიან, თანაბარი, თანასწორი, ინაწილებდეს მათ სამუშაოს და ანაწილებდეს ამოცანებს ისე, რომ მერე ისინი იყვნენ ყველა თავისი თავის ხელმძღვანელი და ურთიერთორგანიზებასაც მისი პირადი ჩართულობის გარეშე ახერხებდნენ, როცა ყველა ერთნაირად მოტივირებული და ორგანიზებულია, ფუსფუსებს და მუშაობს ისე, რომ მიმდინარე ხელმძღვანელობა აღარ სჭირდება, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ხელმძღვანელი ყველაზე საუკეთესოდ ჭრის თავის ამოცანას.

ვინმეს თუ გყავთ ასეთი ხელმძღვანელი ან თუ გინახავთ ასე აწყობილი გუნდი? მოგვწერეთ, გაგვიზიარეთ გამოცდილება.

გაასწორე ფოკუსი

მგონი ბრაიან ტრეისს აქვს ნათქვამი, თუ სწორად მახსოვს, რაც არ უნდა ძვირი იყოს კამერა, იაფს ვერ აჯობებს თუ იმაზე უკეთესად ფოკუსს არ გაასწორებს. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ამ ფოკუსის გაუსწორებლად ვმოქმედებთ და ამის გამო ვერც ჩვენს ცოდნას, ვერც გამოცდილებას და უნარებს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. ვერც ჩვენი უპირატესობებიდან ვიღებთ სათანადო შედეგს.

თუ მუდმივად შევძლებთ, მივხვდეთ რისი კეთებით ვქმნით ყველაზე მეტ სარგებელს და ვეცდებით ჩვენი დროის 80% ამის კეთებას დავუთმოთ, გაცილებით მკაფიო იქნება ფოკუსი და შედეგებიც ალბათ ბევრად უკეთესი გვექნება.

ქარხანა თუ ორგანიზაცია

შეიძლება ააშენო ქარხანა, მაგრამ ვერ შექმნა ორგანიზაცია. ასეთ შემთხვევაში ეს ქარხანა ან ვერ ამუშავდება ან თუ ამუშავდება კიდევ მალე გაჩერდება და კარგ შემთხვევაში გაიყიდება.

მაგრამ თუ შექმნი კარგ ორგანიზაციას, ის ამ ქარხანას ადვილად ააშენებს თუ დასჭირდება. ააშენებს და აამუშავებს კიდეც.

სამწუხაროდ ბევრი ქარხნის შენებას პირდაპირ ქარხნის შენებით იწყებს და არასაკმარის დროს უთმობს ამ ქარხნის ასაშენებლად და სამართავად საჭირო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რის გამოც ხშირად ვიღებთ შედეგად დაუტვირთავ, გაუმართავ, აუმუშავებელ საწარმოებს. სადაც დანადგარები კი იყიდეს, ჩამოიტანეს და დაამონტაჟეს, მაგრამ ამაზე წინ ვეღარ მიდიან და ამის შენარჩუნებაც ძალიან უჭირთ.

თუ იცით ასეთი საწარმოების შესახებ, რომელიც ააშენეს, ააწყვეს, მაგრამ ვერ აამუშავეს როგორც ორგანიზაცია, მოგვწერეთ.

ღვინის კონსულტანტის ამბავი – როცა შენ ამოცანაში შენ ხარ პირველი პირი

ამას წინათ მეგობრებთან ერთად ერთ ღვინის ბარში შევუკვეთეთ ახალ მიღებული ბოთლის ღვინო, რაც შეიძლებოდა მსუბუქი, საწრუპად. კონსულტანტმა მოგვიტანა ქვევრის ქისი. დიდად ვერ ვერკვევით ღვინოებში. გავსინჯეთ. მე კი მომეწონა, მაგრამ მსუბუქს ნამდვილად არ გავდა, საკმაოდ მძიმე დასალევი იყო და საწრუპად მაინცდამაინც არ გამოდგებოდა. მაგრამ ისეთი გულით მოგვიტანა, გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა. და სხვათაშორის ვკითხე კონსულტანტს, ეს ახლა მსუბუქად ითვლებამეთქი? რაღაცა ცოტა მძიმე ღვინოათქო. კონსულტანმა გაგვიღიმა, ახლავე გამოვასწორებ ამ შეცდომასო. მოგვიტანა საუკეთესო მსუბუქი ღვინო მათი უზარმაზარი ასორტიმენტიდან, საჩუქრად.

მივხვდი რა ბედნიერია ის ადამიანი და სხვებიც, ვინც იქ მუშაობენ. მას არ ეშინია შეცდომის დაშვების, რომ იმის გამო დაისჯება. მისთვის მომხმარებლის კმაყოფილებაა უმთავრესი და ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება, ვინმესთან შეთანხმების გარეშე, რადგან ესე ესმის, რომ თავის ამოცანაში ის ყველაზე მთავარი ადამიანია.

  • თარიღი: June 29, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,635-ჯერ

არ კითხო ერთს და არ იკითხო ერთხელ

სამწუხაროდ, როდესაც აზრს მხოლოდ ერთ ადამიანს ვეკითხებით, ან ერთხელ ვიზამთ ამას ძალიან ძალიან როცა გაგვიჭირდება, ეს ყველაფერი დიდი ალბათობით ისე მოგვიბრუნდება, რომ სავარაუდოდ, გულის ტკენას ან დიდ იმედგაცრუებას ვერ ავცდებით.

ერთი მრჩევლის ყოლა ნებისმიერ შემთხვევაში სანანებელი გაგვიხდება, თუნდაც იმიტომ, რომ შეცდომის ალბათობას ზრდის და მისგანაც და გარეშე დამკვირვებლებისთვისაც იმ ადამიანზე დამოკიდებულება არასათანადოდ და არასანდოდ შეფასდება.

ისევე როგორც ერთხელ მიღებულ თუნდაც გენიალურ რჩევას მოყვება მრჩევლისა და სხვა გარე დამკვირვებლების მხრიდან არასახარბიელო კომენტარები.

ასეთმა მიდგომამ შესაძლოა საერთოდ დაგვიკარგოს სურვილი, როდესმე ვინმეს რამე რჩევა ვკითხოთ. მაგრამ თუ ჩვენ ყოველთვის და ყველას ვეკითხებით, რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე და ვცდილობთ ასევე ყოველთვის ეს რჩევები გავითვალისწინოთ, გარანტირებულად კარგი შედეგებიც გვექნება და შეფასებაც ბევრად ობიექტური და დადებითი იქნება ყოველთვის.

დიდ ძალისხმევაზე დიდ შედეგს მცირე მაგრამ უწყვეტი ძალისხმევა იძლევა

უწყვეტად, შეუჩერებლად, მონოტონურად დაცემულ წვეთს ნებისმიერი კლდის გახვრეტა შეუძლია. მაშინ როდესაც იგივე კლდეს ვერაფერს უზამდა ნებისმიერი სიდიდის ტალღა.

ზუსტად ასევეა ძალისხმევის და ყურადღების შემთხვევაშიც. ერთჯერადად, სპონტანურად, ფრაგმენტულად რამხელა ძალისხმევაც არ უნდა დახარჯო საკითხზე ან როგორც არ უნდა დააკონცენტრირო მასზე შენი ყურადღება, არაფერი შედეგი არ ექნება ამას იმასთან შედარებით, რასაც მცირე, მაგრამ რეგულარული ძალისხმევა ან ყურადღების კონცენტრაცია იზამდა.

სწორედ ამიტომ, სტრუქტურული გადაწყვეტები, რომელსაც შემდეგში რეგულარული ძალისხმევა მოყვება, უფრო დიდ შედეგს იძლევა, ვიდრე იგივე საკითხების ნებისმიერი სხვა ერთჯერადი გადაწყვეტა, როგორი ჭკვიანური და შემოქმედებითიც არ უნდა იყოს ის.

გაცილებით ადვილია მიხვდე რა უნდა გააკეთო, როცა ზუსტად იცი რა გინდა

როცა სააკაძის მოედნიდან სინერჯის ოფისთან ეშვები, ძალიან ძნელია გადაწყვიტო საით სჯობს წასვლა, ვახუშტის ხიდზე გადახვიდე, სანაპიროზე დაეშვა, და იქ კიდევ დიღმისკენ მობრუნდე თუ ორთაჭალისკენ გააგრძელო გზა.

ძნელია, როცა არ იცი სად მიდიხარ, თორემ საკმარისია აირჩიო ნებისმიერი დანიშნულების წერტილი, გადაწყვიტო სად მიდიხარ და მარტივი ტექნიკური საკითხი ხდება ოპტიმალური გზის არჩევაც.

ეს, როცა საქმე გზაზე მოძრაობას ეხება, მარტივია ამის მიხვედრა. თუმცა რეალურ ცხოვრებაში, ისევე როგორც მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას, ისე ვცდილობთ ვიმუშაოთ, რომ საკმარისად არ ვფიქრობთ იმაზე, რა გვინდა და რატომ ვაკეთებთ ამას, თორემ იგივეს კეთება და მასთან დაკავშირებით გაცილებით მეტი გადაწყვეტილების მიღება ბევრად უფრო მარტივი გახდებოდა ალბათ.

როდესაც ადამიანს რაიმე ცუდის გაკეთება შეუძლია, სჯობს ჩათვალო, რომ ის ამას აუცილებლად გააკეთებს

თუ არსებობს ადამიანი (ორგანიზაცია), რომლის მიმართაც ძალიან მოწყვლადი ვართ, და ვიცით, რომ მას ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ზიანის მოყენება შეუძლია, უნდა ჩავთვალოთ, რომ ის ამას აუცილებლად გააკეთებს.

თუ ის ამას არ გააკეთებს, ჩვენ მას უფრო მეტად დავაფასებთ. თუ გააკეთებს კიდევ, ნაკლები იქნება აქედან მიღებული ზიანი.

არადა, სამწუხაროდ, ხშირად საპირისპიროდ ვიქცევით. ფიქრიც არ გვინდა ამაზე, ან თავს ვირწმუნებთ, რომ ის ჩვენ ამას არ გაგვიკეთებს. რის გამოც თუ ასეთი რამე ხდება, უფრო მეტადაც განვიცდით და მოუმზადებლობის გამო დანაკარგიც უფრო დიდი გვაქვს.

აღწევს თქვენამდე მომხმარებლის ხმა?

ბიზნესის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად ესმის და გრძნობს ორგანიზაცია მომხმარებლის საჭიროებებს, პრეფერენციებს, წუხილებს, მოლოდინებს.

თუ სისტემა ისეა მოწყობილი, რომ უმაღლესი რგოლის მენეჯერები და პირველი პირი მოწყვეტილი არიან კლიენტთან ურთიერთობის ძირითად პროცესს, დიდია იმის საშიშროება, რომ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება აცდენილი კლიენტების სურვილებს, პროდუქტები გაუგებარი და არასაჭირო, მომსახურების სტანდარტები და ხარისხი მიუღებელი და არაადეკვატური იქნება.

მეტი კომუნიკაცია კლიენტთან და იმ ადამიანებთან, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ესაუბრება, ემსახურება, ყიდის კლიენტებზე, არის გამოსავალი ამ საშიშროების მინიმიზაციის. თუ პირველი პირი თავად არ გრძნობს კლიენტთან ურთიერთობის პროცესს, არ აქვს ცოცხალი შეხება მომსახურებისა და გაყიდვების რეალურ სივრცეებთან, პროდუქტებთან და თავის თანამშრომლებთან, სავარაუდოა რომ ის კარგავს შესაძლებლობებს, გაიგოს კლიენტის ხმა.

განსაკუთრებით კრიტიკულია ეს საკითხი ქსელურ კომპანიებში, სადაც ფილიალების რაოდენობა დიდია. უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელებმა საკუთარი ამოცანების მაღალი ხარისხით გადაჭრისთვის არ უნდა დაკარგონ შესაძლებლობა, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდეთ ფილიალებთან და მათგან მიიღონ ყველაზე ღირებული ინფორმაცია – რა სურს კლიენტს.

უფრო ძლიერი ძალა უფრო ძლიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ

როდესაც ვერ ჯობნი რაღაც ძალას, რომელიც შენზე ძლიერია, გჩაგრავს და უსამართლოდ გექცევა, ყველაზე კარგი სტრატეგიაა, იპოვო მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი ძალა და მოელაპარაკო, დაგეხმაროს.

თუ კონკურენტი გვჯობნის და ცუდ მეთოდებს იყენებს, არსებობს პარტნიორი, ვისთან ერთადაც მუშაობის შემთხვევაში კონკურენტი მის უპირატესობებს ან დაკარგავს ან მნიშვნელოვნად დაისუსტებს. მთავარია მივხვდეთ, ვინ შეიძლება იყოს ასეთი პარტნიორი და რა პირობებმა შეიძლება ის ჩვენს ეფექტურ თანამოაზრედ აქციოს.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება