ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ეს ყველაფერი ზოგადად გასაგებია, მაგრამ ახლა კონკრეტულად რა ვქნათ?

ჩვენი საკონსულტაციო პრაქტიკის განმავლობაში ბევრჯერ მოგვისმენია კითხვა – ეს ყველაფერი ზოგადად გასაგებია და მოგვწონს, მაგრამ ახლა კონკრეტულად რა ვქნათ?

ხანდახან ისეც ხდება, რომ ძალიან კარგად გვესმის სტრატეგია, ზუსტად ვხვდებით როგორია პრიორიტეტები, დეტალურად გვაქვს გაწერილი რაზე უნდა დაიხარჯოს ყურადღება და რესურსები, განხილული და შეთანხმებულია ყველასთან როგორც ზევით იერარქიურად, ისე ქვევით და ჰორიზონტალურად. ყველაზე მეტად გვიჭირს მივხვდეთ საიდან დავიწყოთ, რა ნაბიჯი გადავდგათ პირველი, რომელმაც ეს ყველაფერი მოქმედებაში უნდა მოიყვანოს.

ხოდა, თუ ის პირველი ნაბიჯი ვერ დავინახეთ, ის კონკრეტული მოქმედება ვერ გადავწყვიტეთ, ან ვაგვიანებთ მის გადაწყვეტას და გადადგმას, ყველაფერს დანარჩენს რა ფასი აქვს ამ დროს? ყველაზე საუკეთესო გეგმების მთელი ღირებულება შემდეგ კონკრეტულ ნაბიჯზე გადის, რომელმაც ეს გეგმა ზოგადი მოსაზრებებიდან ჯერ მოქმედებაში უნდა მოიყვანოს და შემდეგ განხორციელებისკენ ატაროს ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველდღიურად. სწორედ ამ ერთი პატარა პირველი თუ შემდეგი ნაბიჯით არის განსაზღვრული ყველაზე დიდი მიზნების მიღწევის პერსპექტივაც.

აქედან გამომდინარე ადამიანები, ვისაც გაცილებით ნაკლები წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ სად მიდის ზუსტად, მაგრამ რაღაცნაირად უკეთესად შეუძლია და უფრო სწრაფად მიხვდეს რა ნაბიჯი გადადგას კონკრეტულად, შეიძლება გაცილებით დიდ შედეგებს და წარმატებას მიაღწიოს. განსხვავებით დიდი სტრატეგისგან, რომელსაც ცხადად ესმის მისიაც და ხედვაც მკაფიო აქვს, მაგრამ ვერ ხვდება ან აგვიანებს პირველი ნაბიჯის გადადგმას მისი რეალიზაციისაკენ.

  • თარიღი: February 21, 2019
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,268-ჯერ

რომ არ ავნო არავის

გადაწყვეტილების მიღებისას თუ ვეცდებით ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ არ იქნება ვინმე ან რამე, რასაც ზიანს მოუტანს, შეიძლება ცოტა გაგვიჭირდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შედეგები ბევრად უკეთესი იქნება.

თუ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არავისთვის საზიანო არ არის, ბევრად ნაკლებ წინააღმდეგობას ხვდება და ბევრად ადვილად ხორციელდება. თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მოფიქრება უფრო ჭირს. და საკმარისია ნებისმიერი იდეა ან ინიციატივა ამ პრიზმაში გავატაროთ, რომ ბევრ მათგანზე შესაძლოა უარის თქმა მოგვიწიოს, რასაც იქამდე უფრო ადვილად დავთანხმდებოდით და ენთუზიაზმით და დიდი მონდომებითაც განვახორციელდებდით.

საქმე, რომელიც გაიძულებს შენს თავში პოზიტიურ ცვლილებებს, ალბათ ყველაზე კარგი საქმეა

პოზიცია, სტატუსი, პასუხისგებლობა, როლი, რომელიც გაიძულებს შენს თავში რაღაც შეცვალო იმისთვის, რომ ის უკეთ შეასრულო და ეს ცვლილება პოზიტიურია, ძალიან მაგარია და სადამდეც ასეა ალბათ, იქამდე მინიმუმ ღირს იმ პოზიციაზე გაჩერება.

საკუთარ თავში, მიდგომებში, თვისებებში, საკუთარ ჩვევებში რაიმეს შეცვლას დიდი ძალისხმევა, მონდომება სჭირდება, მაგრამ ძალიან მყარია თუ ის მოხდა, ჩემი აზრით. და სამსახური, საქმე, რომელიც ასეთი ტიპის პოზიტიურ ცვლილებას გაიძულებს საქმიანობის პარალელურად, განსაკუთრებით დასაფასებელია ის გარემო, სამადლობელია ის ადამიანები, ვისთან ერთადაც გიწევს მუშაობა.

და როგორც კი დგება პერიოდი, როცა ცვლილება აღარ გიწევს საკუთარ თავში, მემგონი ჯობია ეძებო სხვა ადგილი, სადაც ამის არათუ საშუალება გექნება, არამედ მაგის გარეშე ვერც იმუშავებ.

როგორც პირველმა პირებმა, ისე საკადრო ბაზის და ორგანიზაციულ განვითარებაზე მზრუნველმა ადამიანებმა ალბათ განსაკუთრებით უნდა ეცადონ რომ ეს პოზიტიური ცვლილებები რაღაცნაირად გაითვალისწინონ სტრუქტურის თუ კულტურის შექმნისას ორგანიზაციაში.

გრძელვადიანი დაგეგმვისთვის დრო აღარ რჩება, გეგმების საჭიროება კი ძალიან იზრდება ამ დროს

როგორც ჭადრაკის თამაშის დროს კომბინაციებს ვთვლით, სვლებს და მოქმედების განვითარების სცენარებს ვგეგმავთ და მოწინააღმდეგის თითქმის ყველა ახალ სვლაზე ახლიდან გვიწევს ამის კეთება, ასევე და უფრო მწვავედ დადგა დღევანდელ გარემოში დაგეგმვის საქმე.

რამდენიც არ უნდა გეგმო და სქემა დააწყო, გარემოებების ცვლილება ისევ ახლიდან გვაიძულებს ყოველ დღე ახალი გეგმების დამუშავებას, რეალობის ახლიდან შეფასებას მხოლოდ იმიტომ, რომ ვეცადოთ მხოლოდ ერთი, შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ სწორად.

ამ პირობებში გეგმების საჭიროება კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა, და ერთი გეგმა კი აღარ გვჭირდება ახლა, არამედ ბევრი განსხვავებული პარალელური გეგმა მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარების პირობებში. ამ დროს კი დაგეგმვისთვის დრო ფაქტიურად აღარ არის დარჩენილი, ერთი გზაა – როგორც ბლიცის დროს ჭადრაკში, ისე სწრაფად და მყისიერად შევაფასოთ სიტუაცია, გავიაზროთ სცენარები და შემდეგ ნაბიჯზე მივიღოთ გადაწყვეტილება. და ასე გავაგრძელოთ მუდმივად.

როცა გაყიდვისას ამოსავალია ის, თუ მომხმარებლისთვის როგორ უმჯობესია ისე გავაკეთოთ გაყიდვა, ვიდრე გაყიდვისთვის, საბოლოო ჯამში უფრო მეტს გავყიდით ასე

როცა პროდუქტის თუ მომსახურების გაყიდვას ვგეგმავთ და ვახორციელებთ იმაზე ფიქრით, როგორ უმჯობესი იქნება ეს მომხმარებლისთვის, თუნდაც იმ კონკრეტულ მომენტში გაყიდვა ვერ შედგეს, გამოცდილება აჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში გაცილებით მეტს ვყიდით მაინც, ვიდრე ყოველ ჯერზე ამოცანა ის იყოს, რომ აუცილებლად მიყიდო.

თავის მხრივ როცა ამოცანა ისაა, რომ აუცილებლად მიყიდო, ზოგჯერ გიბიძგებს პროდუქტის თუ მომსახურების გადამეტებული შეფასებისკენ, მოტყუებისკენ, ყიდვის დაძალებისკენ. მიუხედავად იმისა რომ იმ მომენტში შეიძლება იყიდოს მომხმარებელმა, აუცილებლად რჩება განცდა, რომ მოატყუეს, დაძალებით აყიდინეს და მეორედ მოსვლის სურვილი, თუ სხვა გზა არ ჰქონდა, არ ექნება.

ამიტომ არა მარტო პროდუქტის თუ მომსახურების შექმნისას, არამედ გაყიდვის ოპერაციისასაც ამოსავალი უნდა იყოს მომხმარებლისთვის როგორ უკეთესია.

  • თარიღი: February 13, 2019
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,242-ჯერ

თუ შენთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ შენ ჩაგეთვალოს, ვიდრე ის, რომ კარგად გამოვიდეს რამე, ძალიან ღირებულის გაკეთება ალბათ ძალიან გაგიჭირდება

როდესაც ჩვენ იმაზე უფრო ვფიქრობთ, ვის ჩაეთვლება გაკეთებული საქმე და ვისი სახელი დაერქმევა მიღწეულ შედეგებს, ვისი იდეით მოხდება ძირითადი გარდატეხა მიმდინარე პროცესში, სავარაუდოდ უფრო და უფრო მარტო ვრჩებით, თანამოაზრე და მოტივირებულ ადამიანებს სულ უფრო და უფრო მეტად ვკარგავთ და ტვირთსაც უფრო აუტანელს ვხდით ამით.

თუ ჩვენ პირიქით, იმას ვცდილობთ, რომ სხვების იდეები წამოვწიოთ წინ, სხვების სახელები დავარქვათ შედეგებს და ჩათვლითაც სხვებს ჩავუთვალოთ ყველა გაკეთებული საქმე, მოტივირებული თანამოაზრეების რაოდენობა იზრდება და შედეგებიც სულ უფრო და უფრო შთამბეჭდავი ხდება მაშინ.

და ჩვენც იმას ვაღწევთ, რაც ყველაზე მეტად გვინდა – გაცილებით დიდ შედეგებს, თუმცა ისეთს რომელსაც სხვების ბევრის სახელი ჰქვია, და რომლის მიღწევაც მხოლოდ გუნდური ბრძოლით შეიძლება.

  • თარიღი: February 12, 2019
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,228-ჯერ

სურვილი და ძალისხმევა განსაზღვრავს ყველაზე მეტად შედეგებს

მართალია, ჩვენზე დამოკიდებულია მხოლოდ სურვილი და ძალისხმევა, დანარჩენს ყველაფერს გარემოებები განაპირობებენ. თუმცა, ჩემი პირადი დაკვირვებით, რაც უფრო დიდია სურვილი და შესაბამისად რაც უფრო დიდია დახარჯული ძალისხმევა, როგორც წესი გარემოებები ჩვენს სასარგებლოდ იწყებენ მოწყობას და სულ უფრო და უფრო მეტად გვეხმარებიან ისინიც.

ამასთან, რაც უფრო კარგია და კეთილი მიზანი, რაც უფრო მეტი ადამიანისთვის სიხარულის და ბედნიერების მოტანას ისახავს მიზნად ჩვენს მიერ დაწყებული საქმე, მით უფრო მეტ ადამიანს იკრებს გარშემო მხარდამჭერად, მეტი ადამიანი გვეხმარება ინფორმაციის გავრცელებაში, იდეებით, განხორციელებაში. და რაც მეტი სიხარული მოაქვს წამოწყებას, სულ უფრო და უფრო მეტად იწყებენ ადამიანებიც და გარმოებებიც დახმარებას.

რაც უფრო მეტი ადამიანი იწონებს ჩვენს ამბებს და წამოწყებებს, მით უფრო ადვილი ხდება ჩვენთვის მოქმედება და სულ უფრო მეტი გარემოება, რომელიც ერთი მხრივ ჩვენზე სულ არ არის დამოკიდებული, იწყებს და მოქმედებს ჩვენს სასარგებლოდ.

უდიდესი მადლობა კეთილი განწყობისთვის ყველას, უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი კეთილი განწყობა სურვილს გვიძლიერებს, დახარჯული ძალისხმევის გაზრდაში გვეხმარება და გარემოებებსაც ჩვენს სასარგებლოდ განაწყობს ბევრად.

ურჩიეთ ეძებოს !

მოწყენილი სახით მიესალმა ყველას, დაიწყებს მუშაობას, გავა მოსაწევად, ყავას დაისხამს, პოლიტიკურ მოვლენებზე გააკეთებს კომენტარებს, გუშინდელ კონცერტს ან საფეხბურთო მატჩსაც გაიხსენებს, ამინდის მიმოხილვაც აუცილებელია, მერე მეგობარი დაურეკავს, ამასობაში სადილის დრო მოდის, სადილიდან დაგვიანებით ბრუნდება და დიდხანს ყვება როგორ უგემურად ან გემრიელად ისადილა.

ერთი შეხვედრა აქვს დღეს, როგორ ეზარება…  ნეტავ არ მოვიდეს შეხვედრაზე მეორე მხარე, ნეტავ დაავიწყდეს ან მინიმუმ ცოტა მაინც დააგვიანოს. შეხვედრა მაინც შედგა, მისთვის სამწუხაროდ. რა უჟმური იყო ის ადამიანი, თითქოს მიხვდა, როგორ ეზარებოდა ამ შეხვედრის ჩატარება და სპეციალურად იქცეოდა ასე.

შეხვედრის შემდეგ სტომატოლოგთან წავიდა, იქიდან პირდაპირ სახლში წავა, რაღა აზრი აქვს დაბრუნებას, ნახევარი საათის გამო? ამ კვირაში კიდევ ერთ ექიმთან მიდის და მანქანის შესაკეთებლადაც მოუწევს გასვლა, უფროსს უკვე შეუთანხმა.

წავიდა სახლში ისევ მოწყენილი. რა უინტერესო ცხოვრება აქვს, როგორ არ გაუმართლა სამსახურში.

რა სჭირს? – არ უყვარს, არ სიამოვნებს, არ უძღვნის თავის თავს ამ საქმეს.

გეცნოთ ეს ადამიანი? ურჩიეთ ეძებოს ! ეძებოს მანამ, სანამ არ იპოვის, სანამ თვალებანთებული არ მივა დილით სამსახურში, სანამ არ ჩათვლის, რომ ძალინ საინტერესო ცხოვრება აქვს. აუცილებლად ეძებოს !

  • თარიღი: February 5, 2019
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,365-ჯერ

ის, რაც ჩვენ უნდა მოვიფიქროთ და გავაკეთოთ, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ და გავაკეთოთ

ხშირად ისე ხდება, რომ გავცემთ დავალებას თანამშრომელზე, გუნდის წევრზე, რაღაცას რთულს, მნიშვნელოვან ამოცანას ჩავაბარებთ ვინმეს და განცდა გვაქვს, რომ საქმე გავაკეთეთ და ახლა დროა შედეგებს დაველოდოთ.

არ ღირს თანამშრომლებისგან ველოდოთ იმის მოფიქრებას ან იმის გაკეთებას, რაც წესით ჩვენი მოსაფიქრებელი და გასაკეთებელია. დავალება შეიძლება მივცეთ მაინც, რომ იფიქროს, იმეცადინოს, დაგვაზღვიოს, ალტერნატივა მოგვიფიქროს, მაგრამ ჩვენი მოსაფიქრებელი და გასაკეთებელი მაინც ჯობია ალბათ ჩვენ მოვიფიქროთ და გავაკეთოთ.

საქმე იმაშია, რომ ადამიანების დიდ ნაწილს რომც მოუვიდეს გენიალური იდეა და ისეთი რჩევა მოგვცეს ან იდეა მოგვაწოდოს, რომელიც ორგანიზაციას პრინციპულად განსხვავებულ დონეზე აიყვანს ან არ იზამს ამას, იმის განცდით, რომ ჩვენ ამის ღირსები არ ვართ, ან თუ იზამს დიდხანს დაიტანჯება იმის გამო, რომ ამის შესაბამისი სარგებელი ვერ მიიღო და შეიძლება ერთხელაც პრეტენზიაც წამოგვიყენოს, რომ მისი და მისი კონკრეტული იდეის დამსახურებაა ჩვენი შედეგები მთლიანად.

ან სულაც თუ გაბედულია და ამის სხვა გზებით განხორციელების საშუალება მიეცემა, წავა და სხვებთან ერთად განახორციელებს თავისივე მოფიქრებულ იდეას და თან ყოველთვის დარწმუნებული იქნება, რომ ზუსტად ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო.

თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო ამ საკითხზე? ღირს თანამშრომლებისგან მოვითხოვოთ ან დაველოდოთ გენიალურ, “მილიონიან” იდეებს თუ ჯობია ისევ ჩვენ ვიფიქროთ პირადად ასეთი კალიბრის ამოცანების გადაწყვეტის გზებზე?

მომხმარებლის, კლიენტის სიყვარულს, მათი გახარების სურვილს, მათზე ზრუნვას საოცარ იდეებამდე შეუძლია მიგვიყვანოს

როდესაც გინდა, რომ გაყიდო მეტი, მოგება მიიღო მეტი, სულ სხვა იდეები მოგდის თავში. მაგრამ როდესაც მოინდომებ კლიენტები, მომხმარებლები გაახარო, მათთვის რაღაცა განსაკუთრებული სარგებელი შექმნა, ბევრად უფრო განსხვავებული, საინტერესო და განხორციელებაშიც უფრო სასიამოვნო იდეები იბადება ამ დროს.

თუ თანამშრომლებში კლიენტების სიყვარულს, მათზე ზრუნვის გრძნობას გავაჩენთ, ისინი ბევრად შემოქმედებითები გახდებიან და საკუთარ საქმესაც მეტი სიამოვნებით გააკეთებენ სავარაუდოდ.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება