ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ლიდერის სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის მაგალითი დანარჩენი ადამიანებისთვის რამდენად სწრაფად უნდა გააკეთონ მათაც იგივე

თუ ლიდერი სწრაფად და მარტივად იღებს გადაწყვეტილებებს, ყველა დანარჩენი ადამიანიც ცდილობს იგივე გააკეთოს. თუ ლიდერი ფრთხილია და ნელი გადაწყვეტილებების მიღებისას, მაშინ მისი გუნდის უდიდესი ნაწილიც ასე იქცევა.

ამიტომ, ლიდერებმა უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ჩვენ რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ვაჭიანურებთ, ვფრთხილობთ და გარისკვის გვეშინია, ჩვენ ამით არა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას და ამ საქმეს ვაფერხებთ, არამედ ყველა დანარჩენ ადამიანს ვეუბნებით არ იჩქარო, ფრთხილად იყავი, არაფერი შეგეშალოს, თუ არ გააკეთებ რამეს, არაუშავს, მთავარია არაფერი გააფუჭოო. ეს მიდგომა კი დღეს ბევრ ინდუსტრიაში, ბევრ ბაზარზე არათუ განვითარების, დარჩენის შანსსაც აღარ იძლევა.

ბიზნესში ეთიკური საქმიანობა ბევრად მომგებიანია

როდესაც მენეჯმენტი ბიზნესის კეთების ეთიკურ პრინციპებს აღიარებს და ძალიან მკაცრად მიჰყვება, ბევრად ადვილი ხდება ორგანიზაციის მართვა. ასეთ დროს მეტად შეიძლება ვენდოთ თანამშრომლებს, უფრო მეტი მხარდაჭერის და თანადგომის იმედი შეიძლება გვქონდეს მათგან. ასეთ დროს მომწოდებლები და პარტნიორებიც ბევრად უფრო ლოიალურები არიან და მეტად გვენდობიან; მომხმარებელიც მეტად გვენდობა, გვაფასებს და ერთგული ხდება ჩვენი.

რამდენადაც რთული არ უნდა იყოს გაუძლო ცდუნებას, სულ პატარა ტყუილით ორი ლარით მეტი მოიგო, სინამდვილეში დანაკარგი ასეთ დროს ყოველთვის ათასჯერ უფრო დიდია. და მაშინაც კი, როდესაც გვგონია, რომ ამით ჩვენი მოგება გავზარდეთ, სინამდვილეში ჩვენი ორგანიზაციის მომგებიანობაც, სარგებლიანობაც და ღირებულებაც მნიშვნელოვნად მცირდება.

ხარჯები, რომელთა ზრდაც მოგებას ზრდის

ზოგადად ითვლება, რომ მოგების გასაზრდელად შემოსავლები უნდა გავზარდოთ და ხარჯები შევამციროთ. სინამდვილეში კი ყველაზე დიდ გავლენას მოგების ზრდაზე სწორედ ხარჯების ზრდა ახდენს. მთავარია ზუსტად მივხვდეთ რა მიმართულებით, რამდენი და რა პირობებში უნდა დავხარჯოთ.

თანამშრომლებზე, მათ სწავლებაზე, მოტივირებაზე დახარჯული თანხები, პროდუქტების ცნობადობის ამაღლებაზე, კომპანიის ბრენდის განვითარებაზე, კლიენტების ლოიალურობაზე დახარჯული თანხები ყველაზე მეტად ახდენს გავლენას არამარტო გრძელვადიან და საშუალოვადიან, არამედ მოკლევადიან პერიოდში მოგების ზრდაზეც.

ყველაზე მნიშვნელოვანია ჯერ დავინახოთ, რომ სწორად გაწეული ხარჯები მოგებას ზრდის. მერე მივხვდეთ რომელი მიმართულებით გაწეული ხარჯები ახდენს ყველაზე დიდ გავლენას მოგების ზრდაზე და მერე უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ეფექტიანად დავხარჯოთ თითოეული თეთრი ამ მიმართულებებით.

კლიენტებზე ორიენტირებული გარემო – მენეჯმენტის მთავარი პროდუქტი

სადაც მენეჯმენტი ახერხებს ორგანიზაციაში კლიენტზე ორიენტირებული გარემო შექმნას, ისეთი, სადაც ყველა თანამშრომელი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს კლიენტების კმაყოფილების მისაღწევად, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო შემოქმედებითი და პროდუქტიული იქნება ამ პროცესში და ამავე დროს ერთმანეთს ეხმარებიან, რომ კლიენტებისთვის გუნდურად უფრო მეტი ღირებულება შექმნან, იქ აღწევს მენეჯმენტი ყველაზე დიდ წარმატებას. მაშინ ქმნის მისი მხრიდან ყველაზე ღირებულ პროდუქტს. პროდუქტს, რომელიც ყველაფერს დანარჩენს უკვე თვითონ გააკეთებს ორგანიზაციის მაქსიმალური წარმატებისთვის.

თუ დააკვირდები სამუშაო გარემოს, რაზე ლაპარაკობენ თანამშრომლები, როგორი ჟინით და მონდომებით ცდილობენ რაღაცა ახალი და მნიშვნელოვანი გააკეთონ კლიენტებისთვის, ამის მიხედვით შეიძლება ივარაუდო რამდენად წარმატებული მენეჯმენტი ჰყავს ორგანიზაციას და რამდენად წარმატებული იქნება ორგანიზაცია თვითონ.

  • თარიღი: April 3, 2018
  • კატეგორია: სტრატეგია
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,436-ჯერ

შემოსავლების ზრდა თუ კლიენტების კმაყოფილება

ძალიან ბევრი ორგანიზაციის წარმატება იმაზეა დამოკიდებული დამფუძნებლებსა და მენეჯმენტის გუნდში რომელ ადამიანებს უფრო დიდი გავლენა აქვთ – ვისაც მთავარ მიზნად შემოსავლების ზრდა მიაჩნია, თუ ვინც ყველაზე დიდ მნიშვნელობას კლიენტების ინტერესებისთვის ზრუნვას და მათი კმაყოფილების ზრდას ანიჭებს.

თითქმის ყველა კომპანიის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის არიან ორივე პრიორიტეტის მქონე ადამიანები. მაგრამ იქ, სადაც კლიენტების კმაყოფილებას ანიჭებენ უფრო მეტ მნიშვნელობას, დროთა განმავლობაში უკეთეს პროდუქტებს ქმნიან და მომსახურების უფრო მაღალ ხარისხს აღწევენ.

მაშინ როდესაც შემოსავლების ზრდისკენ მიმართულ ორგანიზაციებში უფრო მეტი დრო სწორედ გაყიდვებზე იხარჯება და დროთა განმავლობაში პროდუქტებიც და მომსახურებაც კონკურენტუნარიანობას შედარებით კარგავს.

არასაჭირო მოგება შესაძლოა უფრო საზიანო იყოს ორგანიზაციისთვის, ვიდრე დაგეგმილი ზარალი

როცა ორგანიზაცია არასაჭირო მოგებას იღებს ამას როგორც წესი, ან კლიენტების ხარჯზე აღწევს ან თანამშრომლების. ერთიც და მეორეც უფრო საზიანოა, ვიდრე ზარალი, რომელიც კარგად გაქვს გააზრებული, დათვლილი და ნაღდი ფულით უზრუნველყოფილი.

გაცილებით სწორია მოგების მართვა ისე, რომ კარგად გქონდეს განსაზღვრული მოგების რა მაჩვენებელია მინიმუმ საჭირო მესაკუთრეების ბედნიერებისთვის. დანარჩენი რესურსი კი სწორ ფასებზე, კადრების განვითარებაზე, მომხმარებლების ლოიალურობის გაზრდაზე და ბრენდის განვითარებაზე დახარჯო.

ასე იმავე მოგების უფრო მზარდად და დიდი ხნის განმავლობაში მიღების მეტი შანსი იქნება.

ორგანიზაციებს ინიციატივები მართავს და არა ძალაუფლება

ბევრისგან გაიგებთ – მე რომ ამის უფლება მქონდეს ამას ვიზამდი, იმას ვიზამდი. ის, რაც ჩვენ მოვალეობაში შედის იმას ძალაუფლება იმდენად არ სჭირდება, რამდენადაც ინიციატივა. არავინ უშლის ვინმეს ინიციატივით გამოსვლას, მაგრამ იქაც კი, სადაც ამას მენეჯმენტი დიდი სიხარულით არ ხვდება ინიციატივით გამოსვლა სჯობს, მაინც არგამოსვლას.

უფრო ხშირად ინიციატივებს უშუალო ხელმძღვანელები ბლოკავენ, რომლებიც ალბათ (იმედია) ქვეცნობიერად ამაში საკუთარი ავტორიტეტის და გავლენის მიმართ საფრთხეს ხედავენ ზედა იერარქიაში.

მათი შიშით ინიციატივებით გამოსვლაზე უარის თქმა უფრო შეანელებს კარიერის განვითარებას. ასეთი უშუალო ხელმძღვანელის დროს ჯობია არ შევეპუოთ, არ მოვისვენოთ, დავაყენოთ ახალ-ახალი წინადადებები ჩვენი საქმე უკეთესად როგორ გაკეთდეს. ასეთ დროს, ალბათობა იმისა, რომ სწორი ადამიანები გაიგებენ და დაგვეხმარებიან ამ ინიციატივების განხორციელებაში უფრო მაღალია, ვიდრე ამის გარეშე კარიერის განვითარების ან უკეთესი თვითრეალიზაციის შანსი.

ზოგადადაც, რეალურად ორგანიზაციებს უფრო ის ადამიანები მარათავენ, ვინც არ ეპუება წინააღმდეგობებს და არ წყვეტს ინიციატივებით გამოსვლას, ვიდრე ისინი, ვისაც ძალაუფლება აქვს, მაგრამ არც თვითონ იჩენს ინიციატივას და სხვასაც უშლის მათ განხორციელებას.

ვაშლის ჩამოვარდნას ნუ დაველოდებით

ყოველთვის უმჯობესია გააკეთო ის, რაც იმ მომენტში, იმ რეალობაში და არსებულ ალტერნატივებში ყველაზე სწორად მიგაჩნია, თუნდაც გქონდეს შეგრძნება, რომ უკეთესის მოფიქრებაც შეიძლება, ვიდრე ელოდო უმოქმედოდ, საუკეთესო გადაწყვეტილების ან იდეის გამობრწყინებას.

არც თუ იშვიათად ხდება, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტი გარკვეული იდეების განხორციელებისგან თავს იკავებს, რადგან მათი განხორციელების შედეგად მოტანილ სარგებელს მკაფიოდ ვერ ხედავს,  ვერ ითვლის, ვერ ზომავს. არ არის დარწმუნებული, რომ ძალისხმევის დახარჯვა ღირს და ელოდება უკეთესი იდეებისა და გადაწყვეტილებების გამოჩენას.

ამასობაში დრო გადის, შესაძლებლობები იკარგება, ახალი და უკეთესი იდეები კი შეიძლება არც ჩანდეს ან იშვიათად გაიელვოს.

გადადგი ის ნაბიჯი, რაც ყველა სხვა ალტერნატივაზე ოდნავ მაინც უკეთესია. გააგრძელე სვლა და ამ მოქმედებებში უფრო უკეთეს იდეებსაც მოიფიქრებ, უკეთეს აღმოჩენებს გააკეთებ, სავარაუდოდ შეცდომებსაც დაუშვებ, მაგრამ მაინც ყველა შემთხვევაში უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებ, ვიდრე უმოქმედოდ ყოფნისას.

განვითარება, როგორც რუტინა, თუ რუტინა, როგორც განვითარება

როდესაც განვითარების პროცესი ისეთივე პერმანენტულია, როგორც მიმდინარე რუტინა, ბევრად უფრო განსხვავებული, ორიგინალური და თვალშისაცემია სიახლეების სიხშირე, საქმიანობის შედეგები. სულ სხვა სიმაღლეზე და სხვა განზომილებაშია ორგანიზაცია.

როდესაც რუტინაა თავად განვითარების წყარო, ამ შემთხვევაში რაიმე ახალი, განსხვავებული, ორიგინალური სრულებით არ არის მოსალოდნელი. ორგანიზაცია იხვეწება და ვითარდება მხოლოდ იმის უკეთ კეთებაში, რასაც აქამდე ცოტათი უფრო ცუდად, უხარისხოდ ან ნელა აკეთებდა. განვითარების ეს ალტერნატივა თითქმის არგანვითარების ტოლფასია. ეს ნიშნავს გზადაგზა, საკუთარ შეცდომებზე და წარუმატებლობებზე რაღაცების სწავლას. ასეთი ორგანიზაციები არასდროს იქნებიან გამორჩეული, ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან იქნებიან კონკურენციის ასპარეზზე და მუდმივად ექნებათ განცდა, რომ უამრავ შესაძლებლობას კარგავენ.

აქციეთ განვითარება რუტინად. ყოველდღიურ თუნდაც მცირე ძალისხმევას რაიმე ახლის მისაღებად აგურებად შეუძლია დიდი წარმატების აშენება.

არ გვინდოდეს “ერთი და ნაღდი”

ერთი კლიენტი, რომელიც ჩვენი შემოსავლების დიდ ნაწილს გვიგენერირებს, ერთი მომწოდებელი, რომელიც ძირითადად გვაწვდის ჩვენი საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო პროდუქციას/მომსახურებას, თანამშრომელი, რომელიც დებს ძირითად შედეგს, არ გვინდოდეს.

ასეთ დროს ჩვენი დამოკიდებულება იზრდება ამ პირზე, მისი მოქმედება ხდება ჩვენი წარმატების თუ წარუმატებლობის საზომი, მისი მოტივები ხდება უფრო გადამწყვეტი, ვიდრე ორგანიზაციის დანიშნულება და მიზნები. დამოკიდებულების განცდა კი თავის მხრივ ადამიანებში აგრესიას აღვივებს და ერთხელაც აუცილებლად იწვევს კრიზისს ურთიერთობებში.

როცა ასეთ მდგომარეობაში ვართ, იმაზე კიარ ვიზრუნოთ, როგორ უფრო გავუფრთხილდეთ ასეთ კლიენტს/მომწოდებელს/თანამშრომელს, რომ დიდხანს გვყავდეს, ველოლიავოთ და ამით მასზე დამოკიდებულება და ამით გამოწვეული რისკები კიდევ უფრო გავიზარდოთ. არამედ ჩვენი დრო და რესურსები დავხარჯოთ იმაზე, თუ როგორ გავამრავლოთ სწრაფად ასეთი კლიენტების/მომწოდებლების/თანამშრომლების რიცხვი.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება