ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



არასაჭირო მოგება შესაძლოა უფრო საზიანო იყოს ორგანიზაციისთვის, ვიდრე დაგეგმილი ზარალი

როცა ორგანიზაცია არასაჭირო მოგებას იღებს ამას როგორც წესი, ან კლიენტების ხარჯზე აღწევს ან თანამშრომლების. ერთიც და მეორეც უფრო საზიანოა, ვიდრე ზარალი, რომელიც კარგად გაქვს გააზრებული, დათვლილი და ნაღდი ფულით უზრუნველყოფილი.

გაცილებით სწორია მოგების მართვა ისე, რომ კარგად გქონდეს განსაზღვრული მოგების რა მაჩვენებელია მინიმუმ საჭირო მესაკუთრეების ბედნიერებისთვის. დანარჩენი რესურსი კი სწორ ფასებზე, კადრების განვითარებაზე, მომხმარებლების ლოიალურობის გაზრდაზე და ბრენდის განვითარებაზე დახარჯო.

ასე იმავე მოგების უფრო მზარდად და დიდი ხნის განმავლობაში მიღების მეტი შანსი იქნება.

ორგანიზაციებს ინიციატივები მართავს და არა ძალაუფლება

ბევრისგან გაიგებთ – მე რომ ამის უფლება მქონდეს ამას ვიზამდი, იმას ვიზამდი. ის, რაც ჩვენ მოვალეობაში შედის იმას ძალაუფლება იმდენად არ სჭირდება, რამდენადაც ინიციატივა. არავინ უშლის ვინმეს ინიციატივით გამოსვლას, მაგრამ იქაც კი, სადაც ამას მენეჯმენტი დიდი სიხარულით არ ხვდება ინიციატივით გამოსვლა სჯობს, მაინც არგამოსვლას.

უფრო ხშირად ინიციატივებს უშუალო ხელმძღვანელები ბლოკავენ, რომლებიც ალბათ (იმედია) ქვეცნობიერად ამაში საკუთარი ავტორიტეტის და გავლენის მიმართ საფრთხეს ხედავენ ზედა იერარქიაში.

მათი შიშით ინიციატივებით გამოსვლაზე უარის თქმა უფრო შეანელებს კარიერის განვითარებას. ასეთი უშუალო ხელმძღვანელის დროს ჯობია არ შევეპუოთ, არ მოვისვენოთ, დავაყენოთ ახალ-ახალი წინადადებები ჩვენი საქმე უკეთესად როგორ გაკეთდეს. ასეთ დროს, ალბათობა იმისა, რომ სწორი ადამიანები გაიგებენ და დაგვეხმარებიან ამ ინიციატივების განხორციელებაში უფრო მაღალია, ვიდრე ამის გარეშე კარიერის განვითარების ან უკეთესი თვითრეალიზაციის შანსი.

ზოგადადაც, რეალურად ორგანიზაციებს უფრო ის ადამიანები მარათავენ, ვინც არ ეპუება წინააღმდეგობებს და არ წყვეტს ინიციატივებით გამოსვლას, ვიდრე ისინი, ვისაც ძალაუფლება აქვს, მაგრამ არც თვითონ იჩენს ინიციატივას და სხვასაც უშლის მათ განხორციელებას.

ვაშლის ჩამოვარდნას ნუ დაველოდებით

ყოველთვის უმჯობესია გააკეთო ის, რაც იმ მომენტში, იმ რეალობაში და არსებულ ალტერნატივებში ყველაზე სწორად მიგაჩნია, თუნდაც გქონდეს შეგრძნება, რომ უკეთესის მოფიქრებაც შეიძლება, ვიდრე ელოდო უმოქმედოდ, საუკეთესო გადაწყვეტილების ან იდეის გამობრწყინებას.

არც თუ იშვიათად ხდება, რომ ორგანიზაციის მენეჯმენტი გარკვეული იდეების განხორციელებისგან თავს იკავებს, რადგან მათი განხორციელების შედეგად მოტანილ სარგებელს მკაფიოდ ვერ ხედავს,  ვერ ითვლის, ვერ ზომავს. არ არის დარწმუნებული, რომ ძალისხმევის დახარჯვა ღირს და ელოდება უკეთესი იდეებისა და გადაწყვეტილებების გამოჩენას.

ამასობაში დრო გადის, შესაძლებლობები იკარგება, ახალი და უკეთესი იდეები კი შეიძლება არც ჩანდეს ან იშვიათად გაიელვოს.

გადადგი ის ნაბიჯი, რაც ყველა სხვა ალტერნატივაზე ოდნავ მაინც უკეთესია. გააგრძელე სვლა და ამ მოქმედებებში უფრო უკეთეს იდეებსაც მოიფიქრებ, უკეთეს აღმოჩენებს გააკეთებ, სავარაუდოდ შეცდომებსაც დაუშვებ, მაგრამ მაინც ყველა შემთხვევაში უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებ, ვიდრე უმოქმედოდ ყოფნისას.

განვითარება, როგორც რუტინა, თუ რუტინა, როგორც განვითარება

როდესაც განვითარების პროცესი ისეთივე პერმანენტულია, როგორც მიმდინარე რუტინა, ბევრად უფრო განსხვავებული, ორიგინალური და თვალშისაცემია სიახლეების სიხშირე, საქმიანობის შედეგები. სულ სხვა სიმაღლეზე და სხვა განზომილებაშია ორგანიზაცია.

როდესაც რუტინაა თავად განვითარების წყარო, ამ შემთხვევაში რაიმე ახალი, განსხვავებული, ორიგინალური სრულებით არ არის მოსალოდნელი. ორგანიზაცია იხვეწება და ვითარდება მხოლოდ იმის უკეთ კეთებაში, რასაც აქამდე ცოტათი უფრო ცუდად, უხარისხოდ ან ნელა აკეთებდა. განვითარების ეს ალტერნატივა თითქმის არგანვითარების ტოლფასია. ეს ნიშნავს გზადაგზა, საკუთარ შეცდომებზე და წარუმატებლობებზე რაღაცების სწავლას. ასეთი ორგანიზაციები არასდროს იქნებიან გამორჩეული, ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან იქნებიან კონკურენციის ასპარეზზე და მუდმივად ექნებათ განცდა, რომ უამრავ შესაძლებლობას კარგავენ.

აქციეთ განვითარება რუტინად. ყოველდღიურ თუნდაც მცირე ძალისხმევას რაიმე ახლის მისაღებად აგურებად შეუძლია დიდი წარმატების აშენება.

არ გვინდოდეს “ერთი და ნაღდი”

ერთი კლიენტი, რომელიც ჩვენი შემოსავლების დიდ ნაწილს გვიგენერირებს, ერთი მომწოდებელი, რომელიც ძირითადად გვაწვდის ჩვენი საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო პროდუქციას/მომსახურებას, თანამშრომელი, რომელიც დებს ძირითად შედეგს, არ გვინდოდეს.

ასეთ დროს ჩვენი დამოკიდებულება იზრდება ამ პირზე, მისი მოქმედება ხდება ჩვენი წარმატების თუ წარუმატებლობის საზომი, მისი მოტივები ხდება უფრო გადამწყვეტი, ვიდრე ორგანიზაციის დანიშნულება და მიზნები. დამოკიდებულების განცდა კი თავის მხრივ ადამიანებში აგრესიას აღვივებს და ერთხელაც აუცილებლად იწვევს კრიზისს ურთიერთობებში.

როცა ასეთ მდგომარეობაში ვართ, იმაზე კიარ ვიზრუნოთ, როგორ უფრო გავუფრთხილდეთ ასეთ კლიენტს/მომწოდებელს/თანამშრომელს, რომ დიდხანს გვყავდეს, ველოლიავოთ და ამით მასზე დამოკიდებულება და ამით გამოწვეული რისკები კიდევ უფრო გავიზარდოთ. არამედ ჩვენი დრო და რესურსები დავხარჯოთ იმაზე, თუ როგორ გავამრავლოთ სწრაფად ასეთი კლიენტების/მომწოდებლების/თანამშრომლების რიცხვი.

ხანდახან შემოსავლების ზრდას ყველაზე მეტად სწორედ შემოსავლებისკენ სწრაფვა უშლის ხელს

ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც საკუთარი დანიშნულება კარგად ესმით და თანმიმდევრულად და ორგანიზებულად ცდილობენ მის შესრულებას, გაცილებით დიდ მასშტაბებს აღწევენ საქმიანობაში და შემოსავლებსაც გაცილებით უფრო მეტს იღებენ აქედან. განსხვავებით იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც უმთავრეს მიზნად სწორედ შემოსავლების მიღებას ისახავენ და რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ ამისთვის.

ის, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ მეტი შემოსავალი მიიღოს, უარს არ ამბობს არცერთი შესაძლებლობის გამოყენებაზე ამისთვის. საქმიანობის სფეროებს ხშირად იცვლის, შედეგად ვერც კომპეტენციების და გამოცდილების დაგროვებას ახერხებს, ვერც საჭირო კავშირების ჩამოყალიბებას კლიენტებთან, მომწოდებლებთან. ამით ვერც ბრენდს აძლევს საშუალებას სწორი მიმართულებით განვითარდეს და დაეხმაროს ბიზნესის ზრდას.

შედეგად ლიმიტირებული ხდება გრძელვადიან პერსპექტივაში საქმიანობის მასშტაბის და შესაბამისად თვითონ შემოსავლების გაზრდაც.

 

ნუ მივაჩერდებით ქვიშის გორას დაჟინებული მზერით

ხანდახან იმის ნაცვლად, რომ დაჟინებული ყურებით ვცადოთ ქვიშის გორა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადავიტანოთ, ჯობს მივიდეთ მასთან და პეშვებით დავიწყოთ მისი გადატანა სასურველ ადგილას.

მოქმედება გამოცდილებასაც შეგვძენს, სამუშაოს დაჩქარების გზებსაც მალე დაგვანახებს და თანამოაზრეებსაც უფრო ადვილად გაგვიჩენს.

მაშინ, როდესაც ხშირად მხოლოდ ფიქრს და მხოლოდ დაჟინებულ ყურებას არაფერი კონკრეტული შედეგის მოტანა არ შეუძლია და ქმედების გარეშე მხოლოდ დრო შეიძლება დაგვაკარგინოს.

კარგი ზარალი

თუ მენეჯმენტი ისე მუშაობს, რომ მთავარია ზარალი არ ქონდეთ ამ ორგანიზაციას დიდი მოგება არასდროს არ ექნება.

ზარალისგან გაქცევას მოგება არ მოაქვს. მენეჯმენტი გაცილებით ფრთხილია ინვესტიციებში და ვერ აფინანსებს ვერც მუშაობას ვერც საკმარისი ყურადღების დათმობას ვერ ახერხებს ისეთი საკითხებისთვის რასაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მოგების კიდევ უფრი გაზრდა შეუძლია.

შედეგად ასეთი ორგანიზაციები უზარალობის ზღვარის გარშემო ტრიალებენ სულ და გაუთავებლად ებრძვიან ზარალიანი ორგანიზაციის რეპუტაციას.

კარგად დაგეგმილი ზარალი, რომელსაც გაცილებით მეტი მოგების მოტანა შეუძლია და ამისათვის საჭირო ნაღდი ფულით საკმარისად არის უზრუნველყოფილი გაცილებით უფრო სასარგებლოა ორგანიზაციისათვის, ვიდრე ზრდის პერსპექტივის გარეშე დარჩენილი მცირე მოგება.

როცა ადვილად ყიდი, ესეიგი ბევრ შესაძლებლობებს კარგავ

ხშირად გაიგებთ, რომ ისეთი კარგი პროდუქტი გვაქვს, მომსახურება ან ბრენდი, რომ გაყიდვა არ გვჭირდება, მყიდველები თავისით მოდიან და წარმოებას ან მომსახურებას ვერ აუდივართო.

ეს სინამდვილეში მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კომპანია უბრალოდ პროდუქტის, ან ბრენდის პოტენციალს ბოლომდე ვერ იყენებს.

თუ ორგანიზაცია გაყიდვების შესაძლებლობების ზღვარზე არ მუშაობს, მას სავარაუდოდ უბრალოდ ოპერაციული პრობლემები აქვს და იმდენის წარმოებას ან მომსახურებას ვერ ახერხებს, რამდენიც საჭიროა ან უნდა აწარმოოს იმისთვის, რომ გაჭირვებით გაყიდოს.

სავარაუდოდ, მხოლოდ გაჭირვებით გაყიდვების შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ შესაძლებლობების ზღვარზე ვმუშაობთ.

იმისათვის, რომ განსხვავებულ შედეგებს მივაღწიოთ რაღაც განსხვავებული უნდა გავაკეთოთ

ორგანიზაციების დიდი ნაწილი ცდილობს გაიმეოროს მისი კონკურენტების ნაბიჯები, იგივე პროდუქტი გამოუშვას, იგივენაირად გაყიდოს, იგივე კლიენტებზე მოახდინოს კონცენტრირება.

ასეთი სტრატეგია შეიძლება დაგვეხმაროს ძალიან არ ჩამოვრჩეთ ჩვენ კონკურენტს ზედმეტი რისკის და დანახარჯების გარეშე, მაგრამ არ დაგვეხმარება როდესმე მასზე უკეთესი გავხდეთ.

თუ გვინდა როდესმე ვაჯობოთ, უნდა გავრისკოთ და ან ის ან ისე უნდა გავაკეთოთ რასაც ან როგორც კონკურენტი ამას არ აკეთებს.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება