ადამიანის პასუხისმგებლობის გრძნობის გამოცდა სულ პატარა დავალების შესრულების ხარისხითაც შეიძლება. და რაც უფრო პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მით უფრო კიდევ უკეთ, ჩემი აზრით. შეცდომა რა თქმა უნდა ყველას მოსდის და ახალი შანსის მიცემა უნდა შეგეძლოს, მაგრამ ან ხარ ესეთი ან არ ხარ, ერთნაირად, დიდშიც და პატარა საქმეშიც.
ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.
- თარიღი: September 19, 2018
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, ლიდერობა
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,373-ჯერ
ავტოკრატულ მმართველობაზე დიდი საშინელება ვითომ დემოკრატის მმართველობა შეიძლება იყოს
არიან ადამიანები, ვინც ავტოკრატი დიქტატორები არიან ბუნებით, მაგრამ მართვისას დემოკრატის ნიღბის მორგებას ცდილობენ. ასეთი ხელმძღვანელის გაგებაც ჭირს და პროგნოზირებაც – რას გააკეთებს, რა მოეწონება, რა არა, ვერ გაიგებ. გააკეთებ რაღაცას დემოკატიულს, ხედავ არ მოსწონს. გააკეთებ რაღაცას ავტოკრატულს და საყვედურს ამბობს მაგაზეც და თან გარიგებს, რომ ასე არ უნდა გააკეთო, რომ სხვების აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
თითქოს ცდილობს ყველაფერი სხვებთან ერთად გადაწყვიტოს, მაგრამ სინამდვილეში ყველა განხილვას საკუთარი აზრის სხვების მეშვეობით გასატანად და დასამტკიცებლად იყენებს. ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თვითონ მარტო ან ერთეულ პირებთან ერთად იღებს და უმნიშვნელო გადაწყვეტილებებზე ვითომ სხვების აზრის გათვალისწინებას თამაშობს. ძალიან რთულია ასეთ ხელმძღვანელებთან მუშაობა. ყველაზე რთული კი ის არის, რომ დემოკრატის ნიღბის ტარებით თუ დაიღლებიან და ღიად ავტოკრატები გახდებიან, თორემ რეალურ დემოკრატებად მათი გადაქცევა მგონი თითქმის შეუძლებელია.
ჩვენს გვერდით ადამიანების შესაძლებლობებს თუ უფრო კარგად შევაფასებთ
როგორც წესი ყველა ადამიანი, ვისი დახმარებაც ჩვენ ჩვენი ამოცანის გადასაწყვეტად გვჭირდება, გვერდით გვყავს უკვე. უბრალოდ ხანდახან უფრო კარგად უნდა გავახილოთ თვალები, რომ დავინახოთ ისინი და შევაფასოთ მათში ის უნარები და შესაძლებლობები, რაც აქვთ, მაგრამ რომლის გამოყენებაც ჯერ არ დასჭირვებიათ.
სამწუხაროდ, უფრო ხშირად, ადამიანებში იმას ვხედავთ, რასაც ისინი აკეთებენ და არა იმას, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ. ამის გამო ახალ როლებში არსებული თანამშრომლების დანახვა ძალიან გვიჭირს. მაგრამ, თუ ჩვენ დავიჯერებთ, რომ ვინც გვჭირდება უკვე გვყავს, კარგად, ყურადღებით მიმოვიხედავთ გვერდით, ამაში ყოველ ჯერზე კიდევ და კიდევ, უფრო მეტად დავრწმუნდებით.
- თარიღი: September 17, 2018
- კატეგორია: კადრების მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,501-ჯერ
ამოცანა გამოწვევა უნდა იყოს
ამოცანა ისეთ ადამიანს კი არ უნდა ჩავაბაროთ, ვისაც გამოცდილება აქვს საკმარისი, არამედ იმას, ვისთვისაც მისი გადაწყვეტა გამოწვევა იქნება.
როგორც წესი ადამიანებს, ვისთვისაც მასზე დაკისრებული ამოცანა გამოწვევა არ არის, მოტივაცია არ ჰყოფნით, რომ ამ ამოცანაზე საკმარისი მონდომებით იმუშაონ. მაშინ როდესაც თუ ამოცანას ისეთ ადამიანს ჩავაბარებთ, ვისაც შესაძლოა გამოცდილება არ ჰყოფნის, მაგრამ ვისთვისაც იმ ამოცანის გადაწყვეტა სერიოზული გამოწვევა იქნება, ისინი გზებსაც პოულობენ, სწრაფადაც სწავლობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათზე გაკეთებული არჩევანი მაქსიმალურად გაამართლონ.
სრულყოფა მხოლოდ ბევრი მუშაობით შეიძლება
ფეხბურთს ის უკეთესად თამაშობს, ვინც ბურთთან უფრო მეტ დროს ატარებსო ამბობენ. ალბათ თავიდან ნიჭსაც აქვს რაღაც მნიშვნელობა, მაგრამ საბოლოო შედეგი ამაზე უფრო უნდა იყოს დამოკიდებული წესით.
სავარაუდოდ ალბათ ყველა საქმეში ესეა. ის უფრო მაგარია თავის საქმეში, ვინც დახლთან, ჩარხთან, თაროსთან, კლიენტთან, მუშაობაში უფრო მეტ დროს ატარებს. ვიდრე ის, ვინც სრულყოფას ძირითადად ფანჯარაში ყურებით და იმაზე ფიქრით ცდილობს, როგორ გახდეს უკეთესი თავის საქმეში.
გაუმჯობესების და განვითარების გზებზე ფიქრი რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ალბათ მაინც უნდა გვახსოვდეს სულ, რომ სრულყოფა მხოლოდ ბევრი მუშაობით შეიძლება.
შეიძლება გვერდით არ იყო, მაგრამ მეტად ეხმარებოდე
სჯობს ალბათ იმასთან გვერდით არ იყო, ვისაც შენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, მაგრამ უფრო მეტად და უფრო უხმაუროდ ეხმარებოდე, ვიდრე გვერდით ყოფნით მოახერხებდი მაგას. იმის ნაცვლად, რომ გვერდიდან არ ცილდებოდე, რეალურ ღირებულებას ვერ უქმნიდე და ძირითადად მხოლოდ იმის განცდას უჩენდე, რომ ძალიან დავალებულია შენგან.
არიან ადამიანები, შეგაწუხებენ ყურადღებით, მაგრამ რომ გააანალიზებ მიხვდები, რომ არაფერი ღირებული დახმარება არ გაუწევიათ შენთვის. და არიან ადამიანები, რომლებიც ჩუმად, უხმაუროდ, მოგყვებიან ცხოვრებაში, თითქოს არც ჩანან, არც ყურადღებას არ გაქცევენ, მაგრამ ერთხელაც რომ დაფიქრდები, შეიძლება აღმოაჩინო, რომ ცხოვრება მოგიძღვნეს შენც და სხვებსაც. თუმცა შეიძლება არც დაფიქრდე არასდროს, ვერც გაიაზრო და ვერც დააფასო ასეთი თანადგომა, მაგრამ ეს მათ მოტივაციას არაფრით არ ამცირებს. შეიძლება პირიქითაც.
მე უფრო მეორეებს ვაფასებ, ვიდრე პირველებს. ასეთებთან ცხოვრება და მუშაობა მირჩევნია ბევრად. თქვენ?
- თარიღი: September 12, 2018
- კატეგორია: ზოგადი მენეჯმენტი, კადრების მართვა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,517-ჯერ
თუ არ გიყვარს, ვერ გამოგივა
ზერმატში, შვეიცარიის ულამაზეს სოფელში, ერთ-ერთ კოხტა სასტუმროში რამდენიმე დღით დასვენების ბედნიერება მხვდა წელს.
გამორჩეულად შთამბეჭდავი იყო სასტუმროს რესტორნის პერსონალის მომსახურების ხარისხი. არანაირი სტანდარტული წესები, ფორმალიზებული პროცედურები, მომართვის ფორმები. გაოცებას იწვევდა ჩემში როგორ ახერხებდნენ, რომ ზუსტად ახსოვდათ სასტუმროს რომელ სტუმარს საუზმის რითი დაწყება უყვარდა, ვის სად უყვარდა დაჯდომა და მისთვის ადგილის დარეზერვება, ვისი ბავშვი ჭირვეულობდა ჭამისას და სახის უცნაურად დამანჭვით ცდილობდა ყურადღება გადაეტაბინებინა ბავშვისთვის და შეშველებოდა დედას, ვინ იტალიურად ვინ გერმანულად და ვინ ფრანგულად მოსაუბრე იყო რომ ისე მისალმებოდა და კარგი დღე ესურვებინა, ვინ სად აპირებდა სტუმრობას გუშინ რომ კმაყოფილების ამბები მოეკითხა და ა.შ. და ა.შ.
ამას ვერ ასწავლი, ვერც ვერავის მოსთხოვ ასეთი იყოს, უბრალოდ უნდა გიყვარდეს ძალიან ამის კეთება რომ ეს შეძლო, ასე ბუნებრივად, ასე ხალისით და დასამახსოვრებლად. ამ სასტუმროს მენეჯმენტს ეს კარგად ესმის როგორც ჩანს და ისე ჰყავს შერჩეული პერსონალი, რომ მათ ძალიან მოსწონთ თავიანთი საქმე, სიამოვნებას ანიჭებთ პროცესი და უყვართ კიდეც ის ნაწილები, რასაც მოითხოვს მათი ყოველდღიური საქმიანობა.
რა მაგარი იქნებოდა, განსაკუთრებით მომხმარებელთან ვისაც პირდაპირი შეხება აქვს, მათ ყველას ამის მიხედვით რომ ვიყვანდეთ და მერე ვასწავლიდეთ რაც აუცილებელია, არა?
- თარიღი: September 11, 2018
- კატეგორია: ლიდერობა, საერთო, სტრატეგია
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,465-ჯერ
მომავლის ხედვა, რომელიც ყოველდღიურად მოქმედების მოტივაციას გვმატებს
რაც უფრო ცხადია მომავლის ხედვა და რაც უფრო სასურველი ის მდგომარეობა, რომლისკენაც ვისწრაფვით, რაც უფრო მეტი ადამიანი იზიარებს ამ ხედვას უმაღლეს, საშუალო მენეჯმენტში და რიგით თანამშრომლებს შორის, მით უფრო დიდია მოტივაცია და სარგებელი, რასაც ეს ხედვა ყოველდღიურად ქმნის.
რამხელები ვიქნებით 5 წლის შემდეგ (ან სამის), როგორი ოფისი გვექნება, სად ვიქნებით, ვინ იქნებიან ჩვენი კლიენტები, რა იქნება ჩვენი მთავარი პროდუქტები, რა იქნება ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორი იქნება ჩვენი ბრენდი მაშინ, ამ და სხვა მსგავს კითხვებზე გაცემული და შეჯერებული საერთო პასუხები ადამიანებს კოორდინირებულს, მოტივირებულს ხდის, ერთ გუნდად კრავს და სწრაფად მოძრაობაში ეხმარება.
ასეთ განაცხადზე მუშაობაც კი ღირებულია ორგანიზაციისთვის. თუ მენეჯმენტი წელიწადში ერთხელ ნახულობს რამდენიმე საათს იმისთვის, რომ ამ განაცხადს პერიოდულად გადახედოს და განაახლოს, ის სულ აქტუალური იქნება და მის დანიშნულებასაც უკეთესად შეასრულებს.
- თარიღი: September 10, 2018
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 1,574-ჯერ
დათვი თურმე 2 წელიწადში ველოსიპედის ტარებას სწავლობს
ერთი ჩვენი კლიენტი ამბობს ხოლმე – დათვი თურმე ორ წელიწადში ველოსიპედის ტარებას სწავლობს და ადამიანს რა ღმერთი გაუწყრება რაღაცა ვერ გააკეთოს, თუ მას საკმარის მოტივაციას შევუქმნით და შესაბამის დახმარებას გავუწევთო.
ჩვენი გამოცდილებაც მაგას გვეუბნება, ადამიანებს სურვილის და მხარდაჭერის შემთხვევაში შეუძლიათ თითქმის ნებისმიერი საქმის კეთება ისწავლონ. მთავარია რამდენი დრო და რამდენი რესურსი დაგვჭირდება, სანამ ისინი საქმის კეთებას ჩვენთვის სასურველ დონეზე ისწავლიან.
თითქმის ყოველთვის არის ალტერნატივა, უფრო სწრაფად გარედან მოვიყვანოთ ჩვენთვის სასურველი კადრი. თუმცა არსებულის სწავლება, თუ გვჯერა რომ შეძლებს, შესაძლოა მეტი დრო დაჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც უფრო იაფი დაგვიჯდება. თანამშრომელსაც უფრო მოტივირებულს და ლოიალურს გავხდით ასე, ვიდრე გარედან მოყვანისას.
- თარიღი: September 7, 2018
- კატეგორია: კადრების მართვა, ლიდერობა, საერთო
- კომენტარები: 0
- წაკითხულია 2,054-ჯერ
ავეჯი 24 საათი ოფისში დგას
მთავარია ადამიანი როგორ ჭრის თავის ამოცანებს და არა ის როდის მოდის სამსახურში და როდის მიდის. ჩემი ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი ამბობდა, რომ მაგიდები და სკამები 24 საათი ოფისშია, მთავარი ის კი არ არის ვინ რამდენ ხანს ატარებს აქ, მთავარია ვინ რას აკეთებს და ვის რა შედეგები აქვსო, და ალბათ მართალიც არის.
ვინც ადრე მოდის, და გვიან გადის სულ არ ნიშნავს, რომ იმაზე მეტს მუშაობს და უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე მას, ვინც იგვიანებს დილას თუნდაც სისტემურად და ადრე გადის სამსახურიდან, მარტო იმიტომ პირველი ფიზიკურად მეტ დროს ატარებს სამსახურში. ის დრო, როცა მეორე იგვიანებს და ადრე გადის შეიძლება ხარჯავდეს ისეთ რამეზე, რაც მას ბევრად უფრო პროდუქტიულს ხდის და უკეთეს შედეგებს აღებინებს ჯამში, თუნდაც მაგ დროს ეძინოს ან ოჯახის წევრებთან ერთად ატარებდეს ან თავის დღეს გეგმავდეს უბრალოდ სხვა გარემოში.
ამიტომ, აჯობებს ალბათ მუდმივად იმაზე ვიფიქროთ, როგორ შევაფასოთ და დავაფასოთ ის შედეგები, რომლებსაც ადამიანები დებენ და არა მათი ქცევა, მათ შორის რამდენ ხანს ატარებენ სამსახურში, როდის მოდიან და როდის მიდიან.