ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ლიდერის სისწრაფე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის მაგალითი დანარჩენი ადამიანებისთვის რამდენად სწრაფად უნდა გააკეთონ მათაც იგივე

თუ ლიდერი სწრაფად და მარტივად იღებს გადაწყვეტილებებს, ყველა დანარჩენი ადამიანიც ცდილობს იგივე გააკეთოს. თუ ლიდერი ფრთხილია და ნელი გადაწყვეტილებების მიღებისას, მაშინ მისი გუნდის უდიდესი ნაწილიც ასე იქცევა.

ამიტომ, ლიდერებმა უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ჩვენ რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ვაჭიანურებთ, ვფრთხილობთ და გარისკვის გვეშინია, ჩვენ ამით არა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას და ამ საქმეს ვაფერხებთ, არამედ ყველა დანარჩენ ადამიანს ვეუბნებით არ იჩქარო, ფრთხილად იყავი, არაფერი შეგეშალოს, თუ არ გააკეთებ რამეს, არაუშავს, მთავარია არაფერი გააფუჭოო. ეს მიდგომა კი დღეს ბევრ ინდუსტრიაში, ბევრ ბაზარზე არათუ განვითარების, დარჩენის შანსსაც აღარ იძლევა.

  • თარიღი: May 21, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,497-ჯერ

ნებისმიერი საქმის გასაკეთებლად ნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული

ძალიან ბევრი ადამიანი იმას, რომ რაღაცას არ აკეთებს იმით ამართლებს, რომ ფული არ აქვს საკმარისი.

თუ სტრატეგია გვაქვს ისეთი, რომელიც გუნდის და გარემოს შესატყვისია და წარმატების მიღწევის გზას ცხადად გვიჩვენებს, ფულის შოვნა მისი განხორციელებისთვის ყოველთვის შეიძლება. არსებობენ ადამიანები, და არც თუ ისე ცოტა, ვისაც შეუძლია და აინტერესებს ამ სტრატეგიის განხორციელებაში ფულადი რესურსებით დაგვეხმაროს.

უბრალოდ იმისთვის, რომ ეს სტრატეგიაც ვიპოვოთ და მისი საშუალებით ფულადი რესურსების შოვნაც მოვახერხოთ, საკმარისი ნებაა საჭირო. და რაც უფრო რთულია მიზანი, მით უფრო დიდი უნდა იყოს ნება, როგორც თვითონ გზების მოფიქრებისთვის, ისე ამ გზების განხორციელებისთვის საჭირო ძალების საკუთარ თავში საპოვნელად.

როცა არ იცი საიდან დაიწყო, დაიწყე დაგეგმვით

ხშირად ხდება ისე, რომ უამრავი ამოცანა და საქმე გვიტრიალებს თავში და ვერ ვიგებთ საიდან დავიწყოთ მუშაობა. ჯერ ერთს დავიწყებთ, მერე მეორე უფრო საჩქარო მოგვეჩვენება და გადავერთვებით, მერე შეხვედრაზე გავრბივართ და გადის დღე, კვირა.

როცა ვერ ხვდები საიდან დაიწყო და გაწუხებს მოწოლილი საქმე, ესე იგი უნდა დაიწყო აუცილებლად დაგეგმვით. თვის, კვირის, დღის მოწესრიგებული გეგმები ფაქტობრივად ანახევრებს იმ ტვირთს, რასაც განვიცდით დაუგეგმავობის დროს. უკვე ცხადია რა რესურსები და ვადები გჭირდება და იცი, რომ გეგმა თუ შესრულდება ყველაფერი მოგვარდება და სიმშვიდეც ისადგურებს.

სამწუხაროდ, პირადი სამუშაო დროის დაგეგმვისთვის ხშირად ვერ ვიცლით, არადა როგორი მნიშვნელოვანი და კომფორტულია, როცა იცი რაზე რამდენ დროს ხარჯავ და როდის. აუცილებელია დროის დაგეგმვისას არ დავკარგოთ რეალობის შეგრძნება, არ გავტენოთ ჩვენი კალენდარი უსარგებლო ან ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებით და ჩავნიშნოთ მხოლოდ ის, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ჩავნიშნოთ არა მარტო გარეთ სამუშაო საქმეები, არამედ საფიქრალი დროც. ასე ბევრად ორგანიზებული და სასიამოვნო გახდება ბევრ საქმესთან გამკლავება.

ორგანიზაციის პირველი პირის ყურადღების განაწილება ყველაზე მეტად განსაზღვრავს შედეგებს

თუ პირველი პირი იცლის და დროს ხარჯავს საკითხებზე, ის საკითხები ყოველთვის იჭრება, როგორი რთულიც და როგორი უტოპიურიც არ უნდა იყოს ერთი შეხედვით. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორ ნაწილდება დღის განმავლობაში პირველი პირის დრო და ყურადღება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორ ნაწილდება პირველი პირის ყურადღება მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან შედეგებზე ზემოქმედ საკითხებს შორის.

ის ორგანიზაციები, რომლის ხელმძღვანელებიც გრძელვადიან საკითხებს აკლებენ ყურადღებას, მასშტაბში ვერ იზრდებიან, მაგრამ მიმდინარე ცხოვრება არ უჭირთ. ისინი კი, ვინც უფრო მეტ დროს გრძელვადიან ამოცანებზე ხარჯავს, დროს უძლებს, იზრდება კიდეც, მაგრამ ადამიანების მინდინარე ტანჯვა-წამების ხარჯზე, მაღალი დენადობა აქვს თანამშრომლების და ბევრი მიმდინარე ყოფითი პრობლემა.

ორგანიზაციების უდიდეს ნაწილში პირველი პირი სასურველია ყურადღების 60%-ს მიმდინარე წარმატებაზე, 25%-ს საშუალოვადიან, ხოლო 15%-ს გრძელვადიან წარმატებაზე მიმართულ საკითხებზე ხარჯავდეს.

სჯობს ხელმძღვანელებმა თანამშრომლებს შორის კონკურენცია კიარ გააღვივონ, არამედ თანამშრომლობა წაახალისონ

არიან ხელმძღვანელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასე უკეთესია ან ქვეცნობიერად თანამშრომლებს შორის კონკურენციას და შეჯიბრებითობის გაჩენას უწყობენ ხელს. გარკვეულ შემთხვევებში ეს მოკლევადიანად რაღაც შედეგებს იძლევა, თუმცა უფრო ხშირად გრძელვადიანად მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორგანიზაციას.

ადამიანები, ერთეულები ასეთ დროს ერთმანეთს არათუ აღარ ეხმარებიან და ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასაც აღარ ცვლიან, უფრო მეტიც ერთმანეთისთვის ხელის შეშლას იწყებენ და ამით ორგანიზაციასაც მნიშვნელოვნად აზიანებენ. გუნდურობა კლებულობს, ძვირფასი რესურსები შუღლში და შიდა ბრძოლებში იკარგება იმის მაგივრად, რომ ერთობლივად მეტი წარმატების მიღწევაზე დაიხარჯოს.

ბიზნესში ეთიკური საქმიანობა ბევრად მომგებიანია

როდესაც მენეჯმენტი ბიზნესის კეთების ეთიკურ პრინციპებს აღიარებს და ძალიან მკაცრად მიჰყვება, ბევრად ადვილი ხდება ორგანიზაციის მართვა. ასეთ დროს მეტად შეიძლება ვენდოთ თანამშრომლებს, უფრო მეტი მხარდაჭერის და თანადგომის იმედი შეიძლება გვქონდეს მათგან. ასეთ დროს მომწოდებლები და პარტნიორებიც ბევრად უფრო ლოიალურები არიან და მეტად გვენდობიან; მომხმარებელიც მეტად გვენდობა, გვაფასებს და ერთგული ხდება ჩვენი.

რამდენადაც რთული არ უნდა იყოს გაუძლო ცდუნებას, სულ პატარა ტყუილით ორი ლარით მეტი მოიგო, სინამდვილეში დანაკარგი ასეთ დროს ყოველთვის ათასჯერ უფრო დიდია. და მაშინაც კი, როდესაც გვგონია, რომ ამით ჩვენი მოგება გავზარდეთ, სინამდვილეში ჩვენი ორგანიზაციის მომგებიანობაც, სარგებლიანობაც და ღირებულებაც მნიშვნელოვნად მცირდება.

დაწერეთ თქვენი წესები, თორემ დაუწერელი წესები იმუშავებს

ყველა ორგანიზაციაში არსებობს რაღაც დამკვიდრებული წესები, პრინციპები, მიდგომები, რომლებიც გამჯდარია თანამშრომლებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად მოქმედებს და რომლითაც ადამიანები ხელმძღვანელობენ გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს წესები სხვადასხვა ადამიანების შეხედულებებით, ფასეულობების გამო მკვიდრდება. მათი ნაწილი ეხმარება ორგანიზაციას, რომ უკეთესი იყოს, ნაწილი კი პირიქით განვითარებაში უშლის ხელს, უფრო მეტიც – საფრთხესაც კი უქმნის ორგანიზაციის გრძელვადიან არსებობას.

იმისთვის, რომ დაუწერელემა ცუდმა წესებმა ორგანიზაცია არ დააზიანოს და კარგებმა კი მეტი დახმარება გაუწიოს, სასურველია დაიწეროს ეს მთავარი წესები, მოხდეს განხილვა და მათი დამკვიდრებისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმოს.

 

ადამიანებს უხარიათ და ეამაყებათ მუშაობა იქ, სადაც მუდმივად რაღაცა მაგარი და საინტერესო ხდება

მაშინაც კი, თუ ისინი პირადად ამაში არ ან ვერ მონაწილეობენ თავიდან, მაგრამ მათი ორგანიზაცია სულ ყურადღების ცენტრშია, საინტერესო განსხვავებულ რაღაცებს აკეთებს, საზოგადოების სიმპათიებს ხშირად იმსახურებს, თანამშრომლებს სიამაყის განცდა უჩნდებათ საკუთარი ორგანიზაციის გამო და თვითონაც უძლიერდებათ სურვილი, უფრო აქტიური როლი და ადგილი ჰქონდეთ ამ პროცესებში.

მაშინაც კი, თუ ხელმძღვანელები ვხედავთ, რომ თანამშრომლების დიდი ნაწილი დემოტივირებულია და არ მოგვყვება სიახლეებში, საკმარისია ერთი ორი მაგარი რაღაც მოხდეს და ისინი ნელ-ნელა გამოცოცხლდებიან, დაინტერესდებიან, გამოგვყვებიან და მალე ჩვენს გარეშეც არანაკლებ მაგარ რაღაცებს გააკეთებენ.

  • თარიღი: May 10, 2018
  • კატეგორია: ლიდერობა
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,654-ჯერ

მომხმარებლებზე რიგით თანამშრომლებს გაცილებით დიდი გავლენა აქვთ, ვიდრე ხელმძღვანელებს

ორგანიზაცია მით უფრო მდიდარია რამდენი რიგითი თანამშრომელიც გულშემატკივრობს და ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს მისი წარმატებისთვის. სწორედ რიგითი და არა საშუალო რგოლის ან უმაღლესი რანგის ხელმძღვანელი.

თუნდაც ერთ რიგითს, რომელიც გულით მოინდომებს გააოცოს მომხმარებელი, გაცილებით დიდი ეფექტის მოხდენა შეუძლია კლიენტზეც, პროდუქტზეც და სხვა კოლეგების მოტივაციის დონეზეც, ვიდრე შესაძლოა მთელს მენეჯმენტს ერთად აღებულს.

ჩვენ, ხელმძღვანელებს ეს ხანდახან გვავიწყდება და ისე ვიქცევით მათთან ურთიერთობაში, თითქოს მათზე მნიშვნელოვნები ვართ და მათზე დიდი გავლენა გვაქვს ორგანიზაციის საბოლოო შედეგებზე. არადა ჩვენ მხოლოდ მათზე, ამ ადამიანებზე გვაქვს გავლენა, თორემ მომხმარებელზე ჩვენი გავლენა მათთან შედარებით მინიმალურია.

  • თარიღი: May 8, 2018
  • კატეგორია: ლიდერობა
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,532-ჯერ

ელაპარაკეთ თანამშრომლებს

არ უნდა გავუშვათ შესაძლებლობა, ველაპარაკოთ თანამშრომლებს. ველაპარაკოთ სტრატეგიაზე, გეგმებზე, პრობლემებზე, მათი გადაწყვეტის სავარაუდო გზებზე, მოლოდინებზე და საფრთხეებზე მომავალთან დაკავშირებით. ველაპარაკოთ ინდივიდუალურად, მცირე ჯგუფებად, ველაპარაკოთ დიდ შეხვედრებზე, ვიდეო ან წერილობითი მიმართვებით. ყველა ფორმით, მთავარია ვეცადოთ რაც შეიძლება ნათლად გადავცეთ რას ვგრძნობთ, რას ვფიქრობთ, როგორ ვუყურებთ მოვლენებს.

რაც უფრო პირდაპირ, აქტიურად ვაკეთებთ ამას, მით უფრო მეტად ესმით თანამშრომლებს ჩვენი, მით უფრო ესმით ჩვენი გადაწყვეტილებები და უფრო ადვილად ხვდებიან რაზე რა რექცია გვექნება, მით უფრო თამამები არიან პრობლემების დაფიქსირებაშიც და გადაწყვეტილებების მიღებაშიც.

სამწუხაროდ ხელმძღვანელები იმის ნაცვლად, რომ მაქსიმალურად ვცდილობდეთ თანამშრომლებთან საუბარს, პირიქით გავურბივართ ამას.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება