ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



  • თარიღი: October 1, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,013-ჯერ

იმაზე მნიშვნელოვანი, თუ რას აკეთებს ადამიანი არის ალბათ ის, თუ რატომ აკეთებს ამას

ის კი არ არის მნიშვნელოვანი ადამიანი რას აკეთებს, ის უფრო მნიშვნელოვანია რატომ აკეთებს ამას. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ როდესაც იცი ადამიანის მოტივაცია, მიხვდები რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი ან რეაქცია ამა თუ იმ მომენტში. მაგრამ თუ არ იცი რატომ აკეთებს, რასაც აკეთებს, ადამიანის ნაბიჯების გამოცნობა ძალიან ძნელია. ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისი შემდეგი ნაბიჯის გამოცნობაც ჭირს, ძალიან ძნელიც არის და სახიფათოც.

შეიძლება ადამიანი აკეთებდეს ერთი შეხედვით ძალიან კარგ რაღაცას, მაგრამ ცუდი მოტივებით, და ასე გაკეთებული კარგი საქმეც საშიშია. მეორე მხრივ შეიძლება აკეთებდეს ერთი შეხედვით ცუდ რაღაცას, მაგრამ ძალიან კარგი, კეთილი მოტივებით, და ასე გაკეთებული ცუდი საქმე ბევრად ნაკლებად საშიშია ალბათ.

მე პირადად ისევ კარგი მოტივებით გაკეთებული ცუდი საქმე მირჩევნია, ცუდი მოტივებით გაკეთებულ ვითომ კარგ საქმეებს. მგონი ასეთი “კარგი” საქმის საფასური საბოლოო ჯამში მაინც უფრო დიდი და უფრო მძიმე იქნება. თქვენ რას ფიქრობთ?

ვინც უფრო ახლოს არის მომხმარებელთან, ყველაზე მეტ სარგებელს იღებს

ის, ვინც ღირებულების შექმნის ჯაჭვში ყველაზე ახლოს არის მომხმარებელთან, საბოლოო ჯამში ყველაზე მეტ სარგებელს იღებს.

თუ ადრე მწარმოებლებს რჩებოდათ ყველაზე მეტი მარჟა, მერე რაღაც ეტაპზე დისტრიბუტორებს, დღეს სარგებელს ყველა საბოლოო მომხმარებელზე გამსვლელ არხს უთმობს. ვინც ყველაზე ახლოს არის მომხმარებელთან, ვინც ეხება, უსმენს, უყურებს, გრძნობს საბოლოო მომხმარებელს, ვინც ყველაზე კარგად იცის რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რა უნდათ და რა არ უნდათ მომხმარებლებს, სულ უფრო კარნახობს პირობებს ღირებულების ჯაჭვის დანარჩენ რგოლებს.

ჯერ შეიძლება ყველა დარგში, ყველა სფეროში ეგრე არ არის, მაგრამ ტენდენცია საბოლოოდ მაინც მაქეთ მიდის.

ავტოკრატულ მმართველობაზე დიდი საშინელება ვითომ დემოკრატის მმართველობა შეიძლება იყოს

არიან ადამიანები, ვინც ავტოკრატი დიქტატორები არიან ბუნებით, მაგრამ მართვისას დემოკრატის ნიღბის მორგებას ცდილობენ. ასეთი ხელმძღვანელის გაგებაც ჭირს და პროგნოზირებაც – რას გააკეთებს, რა მოეწონება, რა არა, ვერ გაიგებ. გააკეთებ რაღაცას დემოკატიულს, ხედავ არ მოსწონს. გააკეთებ რაღაცას ავტოკრატულს და საყვედურს ამბობს მაგაზეც და თან გარიგებს, რომ ასე არ უნდა გააკეთო, რომ სხვების აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

თითქოს ცდილობს ყველაფერი სხვებთან ერთად გადაწყვიტოს, მაგრამ სინამდვილეში ყველა განხილვას საკუთარი აზრის სხვების მეშვეობით გასატანად და დასამტკიცებლად იყენებს. ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თვითონ მარტო ან ერთეულ პირებთან ერთად იღებს და უმნიშვნელო გადაწყვეტილებებზე ვითომ სხვების აზრის გათვალისწინებას თამაშობს. ძალიან რთულია ასეთ ხელმძღვანელებთან მუშაობა. ყველაზე რთული კი ის არის, რომ დემოკრატის ნიღბის ტარებით თუ დაიღლებიან და ღიად ავტოკრატები გახდებიან, თორემ რეალურ დემოკრატებად მათი გადაქცევა მგონი თითქმის შეუძლებელია.

ჩვენს გვერდით ადამიანების შესაძლებლობებს თუ უფრო კარგად შევაფასებთ

როგორც წესი ყველა ადამიანი, ვისი დახმარებაც ჩვენ ჩვენი ამოცანის გადასაწყვეტად გვჭირდება, გვერდით გვყავს უკვე. უბრალოდ ხანდახან უფრო კარგად უნდა გავახილოთ თვალები, რომ დავინახოთ ისინი და  შევაფასოთ მათში ის უნარები და შესაძლებლობები, რაც აქვთ, მაგრამ რომლის გამოყენებაც ჯერ არ დასჭირვებიათ.

სამწუხაროდ, უფრო ხშირად, ადამიანებში იმას ვხედავთ, რასაც ისინი აკეთებენ და არა იმას, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ. ამის გამო ახალ როლებში არსებული თანამშრომლების დანახვა ძალიან გვიჭირს. მაგრამ, თუ ჩვენ დავიჯერებთ, რომ ვინც გვჭირდება უკვე გვყავს, კარგად, ყურადღებით მიმოვიხედავთ გვერდით, ამაში ყოველ ჯერზე კიდევ და კიდევ, უფრო მეტად დავრწმუნდებით.

ამოცანა გამოწვევა უნდა იყოს

ამოცანა ისეთ ადამიანს კი არ უნდა ჩავაბაროთ, ვისაც გამოცდილება აქვს საკმარისი, არამედ იმას, ვისთვისაც მისი გადაწყვეტა გამოწვევა იქნება.

როგორც წესი ადამიანებს, ვისთვისაც მასზე დაკისრებული ამოცანა გამოწვევა არ არის, მოტივაცია არ ჰყოფნით, რომ ამ ამოცანაზე საკმარისი მონდომებით იმუშაონ. მაშინ როდესაც თუ ამოცანას ისეთ ადამიანს ჩავაბარებთ, ვისაც შესაძლოა გამოცდილება არ ჰყოფნის, მაგრამ ვისთვისაც იმ ამოცანის გადაწყვეტა სერიოზული გამოწვევა იქნება, ისინი გზებსაც პოულობენ, სწრაფადაც სწავლობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათზე გაკეთებული არჩევანი მაქსიმალურად გაამართლონ.

  • თარიღი: September 14, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,067-ჯერ

სრულყოფა მხოლოდ ბევრი მუშაობით შეიძლება

ფეხბურთს ის უკეთესად თამაშობს, ვინც ბურთთან უფრო მეტ დროს ატარებსო ამბობენ. ალბათ თავიდან ნიჭსაც აქვს რაღაც მნიშვნელობა, მაგრამ საბოლოო შედეგი ამაზე უფრო უნდა იყოს დამოკიდებული წესით.

სავარაუდოდ ალბათ ყველა საქმეში ესეა. ის უფრო მაგარია თავის საქმეში, ვინც დახლთან, ჩარხთან, თაროსთან, კლიენტთან, მუშაობაში უფრო მეტ დროს ატარებს. ვიდრე ის, ვინც სრულყოფას ძირითადად ფანჯარაში ყურებით და იმაზე ფიქრით ცდილობს, როგორ გახდეს უკეთესი თავის საქმეში.

გაუმჯობესების და განვითარების გზებზე ფიქრი რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ალბათ მაინც უნდა გვახსოვდეს სულ, რომ სრულყოფა მხოლოდ ბევრი მუშაობით შეიძლება.

  • თარიღი: September 13, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,041-ჯერ

შეიძლება გვერდით არ იყო, მაგრამ მეტად ეხმარებოდე

სჯობს ალბათ იმასთან გვერდით არ იყო, ვისაც შენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, მაგრამ უფრო მეტად და უფრო უხმაუროდ ეხმარებოდე, ვიდრე გვერდით ყოფნით მოახერხებდი მაგას. იმის ნაცვლად, რომ გვერდიდან არ ცილდებოდე, რეალურ ღირებულებას ვერ უქმნიდე და ძირითადად მხოლოდ იმის განცდას უჩენდე, რომ ძალიან დავალებულია შენგან.

არიან ადამიანები, შეგაწუხებენ ყურადღებით, მაგრამ რომ გააანალიზებ მიხვდები, რომ არაფერი ღირებული დახმარება არ გაუწევიათ შენთვის. და არიან ადამიანები, რომლებიც ჩუმად, უხმაუროდ, მოგყვებიან ცხოვრებაში, თითქოს არც ჩანან, არც ყურადღებას არ გაქცევენ, მაგრამ ერთხელაც რომ დაფიქრდები, შეიძლება აღმოაჩინო, რომ ცხოვრება მოგიძღვნეს შენც და სხვებსაც. თუმცა შეიძლება არც დაფიქრდე არასდროს, ვერც გაიაზრო და ვერც დააფასო ასეთი თანადგომა, მაგრამ ეს მათ მოტივაციას არაფრით არ ამცირებს. შეიძლება პირიქითაც.

მე უფრო მეორეებს ვაფასებ, ვიდრე პირველებს. ასეთებთან ცხოვრება და მუშაობა მირჩევნია ბევრად. თქვენ?

მომავლის ხედვა, რომელიც ყოველდღიურად მოქმედების მოტივაციას გვმატებს

რაც უფრო ცხადია მომავლის ხედვა და რაც უფრო სასურველი ის მდგომარეობა, რომლისკენაც ვისწრაფვით, რაც უფრო მეტი ადამიანი იზიარებს ამ ხედვას უმაღლეს, საშუალო მენეჯმენტში და რიგით თანამშრომლებს შორის, მით უფრო დიდია მოტივაცია და სარგებელი, რასაც ეს ხედვა ყოველდღიურად ქმნის.

რამხელები ვიქნებით 5 წლის შემდეგ (ან სამის), როგორი ოფისი გვექნება, სად ვიქნებით, ვინ იქნებიან ჩვენი კლიენტები, რა იქნება ჩვენი მთავარი პროდუქტები, რა იქნება ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორი იქნება ჩვენი ბრენდი მაშინ, ამ და სხვა მსგავს კითხვებზე გაცემული და შეჯერებული საერთო პასუხები ადამიანებს კოორდინირებულს, მოტივირებულს ხდის, ერთ გუნდად კრავს და სწრაფად მოძრაობაში ეხმარება.

ასეთ განაცხადზე მუშაობაც კი ღირებულია ორგანიზაციისთვის. თუ მენეჯმენტი წელიწადში ერთხელ ნახულობს რამდენიმე საათს იმისთვის, რომ ამ განაცხადს პერიოდულად გადახედოს და განაახლოს, ის სულ აქტუალური იქნება და მის დანიშნულებასაც უკეთესად შეასრულებს.

დათვი თურმე 2 წელიწადში ველოსიპედის ტარებას სწავლობს

ერთი ჩვენი კლიენტი ამბობს ხოლმე – დათვი თურმე ორ წელიწადში ველოსიპედის ტარებას სწავლობს და ადამიანს რა ღმერთი გაუწყრება რაღაცა ვერ გააკეთოს, თუ მას საკმარის მოტივაციას შევუქმნით და შესაბამის დახმარებას გავუწევთო.

ჩვენი გამოცდილებაც მაგას გვეუბნება, ადამიანებს სურვილის და მხარდაჭერის შემთხვევაში შეუძლიათ თითქმის ნებისმიერი საქმის კეთება ისწავლონ. მთავარია რამდენი დრო და რამდენი რესურსი დაგვჭირდება, სანამ ისინი საქმის კეთებას ჩვენთვის სასურველ დონეზე ისწავლიან.

თითქმის ყოველთვის არის ალტერნატივა, უფრო სწრაფად გარედან მოვიყვანოთ ჩვენთვის სასურველი კადრი. თუმცა არსებულის სწავლება, თუ გვჯერა რომ შეძლებს, შესაძლოა მეტი დრო დაჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც უფრო იაფი დაგვიჯდება. თანამშრომელსაც უფრო მოტივირებულს და ლოიალურს გავხდით ასე, ვიდრე გარედან მოყვანისას.

ავეჯი 24 საათი ოფისში დგას

მთავარია ადამიანი როგორ ჭრის თავის ამოცანებს და არა ის როდის მოდის სამსახურში და როდის მიდის. ჩემი ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი ამბობდა, რომ მაგიდები და სკამები 24 საათი ოფისშია, მთავარი ის კი არ არის ვინ რამდენ ხანს ატარებს აქ, მთავარია ვინ რას აკეთებს და ვის რა შედეგები აქვსო, და ალბათ მართალიც არის.

ვინც ადრე მოდის, და გვიან გადის სულ არ ნიშნავს, რომ იმაზე მეტს მუშაობს და უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე მას, ვინც იგვიანებს დილას თუნდაც სისტემურად და ადრე გადის სამსახურიდან, მარტო იმიტომ პირველი ფიზიკურად მეტ დროს ატარებს სამსახურში. ის დრო, როცა მეორე იგვიანებს და ადრე გადის შეიძლება ხარჯავდეს ისეთ რამეზე, რაც მას ბევრად უფრო პროდუქტიულს ხდის და უკეთეს შედეგებს აღებინებს ჯამში, თუნდაც მაგ დროს ეძინოს ან ოჯახის წევრებთან ერთად ატარებდეს ან თავის დღეს გეგმავდეს უბრალოდ სხვა გარემოში.

ამიტომ, აჯობებს ალბათ მუდმივად იმაზე ვიფიქროთ, როგორ შევაფასოთ და დავაფასოთ ის შედეგები, რომლებსაც ადამიანები დებენ და არა მათი ქცევა, მათ შორის რამდენ ხანს ატარებენ სამსახურში, როდის მოდიან და როდის მიდიან.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება