ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



შეცდომის არდაშვების შიშით არაფრის კეთება ყველაზე დიდი შეცდომაა

ადამიანებიც და შესაბამისად ორგანიზაციებიც ხანდახან იმის შიშით, რომ შეცდომა არ დავუშვათ, ვამჯობინებთ საერთოდ არაფერი ახალი და საინტერესო არ ვაკეთოთ. არადა მხოლოდ კეთებას შუძლია სიახლე მოიტანოს მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მასვე მოყვება უამრავი შეცდომა, რომელსაც ამ პროცესში ვუშვებთ. ამის გარეშე კი არაფერი ახალი და საინტერესო არ ხდება.

სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები, მათი სწრაფი განხორციელება, ამ პროცესში დაშვებული შეცდომების ასევე სწრაფად აღმოჩენა და სწრაფადვე გამოსწორება უფრო კარგი მიდგომაა დღეს, ვიდრე ბევრი ფიქრი, შეცდომის დაშვებაზე თავის არიდების გაუთავებელი მცდელობა და ამის გამო სერიულად დაგვიანებული და არ მიღებული ან არგანხორციელებული გადაწყვეტილებები.

თქვენ რას ფიქრობთ?

  • თარიღი: October 1, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,013-ჯერ

იმაზე მნიშვნელოვანი, თუ რას აკეთებს ადამიანი არის ალბათ ის, თუ რატომ აკეთებს ამას

ის კი არ არის მნიშვნელოვანი ადამიანი რას აკეთებს, ის უფრო მნიშვნელოვანია რატომ აკეთებს ამას. თუნდაც მარტო იმიტომ, რომ როდესაც იცი ადამიანის მოტივაცია, მიხვდები რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი ან რეაქცია ამა თუ იმ მომენტში. მაგრამ თუ არ იცი რატომ აკეთებს, რასაც აკეთებს, ადამიანის ნაბიჯების გამოცნობა ძალიან ძნელია. ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისი შემდეგი ნაბიჯის გამოცნობაც ჭირს, ძალიან ძნელიც არის და სახიფათოც.

შეიძლება ადამიანი აკეთებდეს ერთი შეხედვით ძალიან კარგ რაღაცას, მაგრამ ცუდი მოტივებით, და ასე გაკეთებული კარგი საქმეც საშიშია. მეორე მხრივ შეიძლება აკეთებდეს ერთი შეხედვით ცუდ რაღაცას, მაგრამ ძალიან კარგი, კეთილი მოტივებით, და ასე გაკეთებული ცუდი საქმე ბევრად ნაკლებად საშიშია ალბათ.

მე პირადად ისევ კარგი მოტივებით გაკეთებული ცუდი საქმე მირჩევნია, ცუდი მოტივებით გაკეთებულ ვითომ კარგ საქმეებს. მგონი ასეთი “კარგი” საქმის საფასური საბოლოო ჯამში მაინც უფრო დიდი და უფრო მძიმე იქნება. თქვენ რას ფიქრობთ?

შეჩერდი და “წაუსნიკერსე”

ხშირად ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და არ ვიცით საიდან დავიწყოთ, მაშინ ჩემი აზრით ყველაზე სწორია, დავიწყოთ გააზრება და რაც მთავარია ჩამოწერა კონკრეტულად რა არის ეს ბევრი საქმე, რისი გაკეთებაც დღეს უნდა მოვასწროთ ასე ძალიან ბევრი რომ გვეჩვენება. მათ შორის გავითვალისწინოთ თუნდაც შესვენების დროც. შემდეგ დავაპრიორიტეტოთ ეს საკითხები, მაგალითად, რაც აუცილებელია მოვასწროთ, რაც სასურველია და რაც სულ არაა საჩქარო დღეს. ჩვენი გონება ქაოსური მდგომარეობიდან აუცილებლად გადავა მშვიდ, დალაგებულ მდგომარეობაში, რაც უპირველესი ნაბიჯია საქმის დაწყების და შემდეგ შესრულების.

ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი რამის მოსწრებას შევძლებთ. ასევე, დაახლოებით გვეცოდინება რას ვერ ვასწრებთ და ვისაც ჩვენი იმედი აქვს, მასაც დრულად შევატყობინებთ ამის შესახებ.  კითხვასაც – კონკრეტული დავალება როდის გვექნება – და შაბლონურ პასუხს – ვერ მოვასწარი – ავირიდებთ თავიდან.

ვინც უფრო ახლოს არის მომხმარებელთან, ყველაზე მეტ სარგებელს იღებს

ის, ვინც ღირებულების შექმნის ჯაჭვში ყველაზე ახლოს არის მომხმარებელთან, საბოლოო ჯამში ყველაზე მეტ სარგებელს იღებს.

თუ ადრე მწარმოებლებს რჩებოდათ ყველაზე მეტი მარჟა, მერე რაღაც ეტაპზე დისტრიბუტორებს, დღეს სარგებელს ყველა საბოლოო მომხმარებელზე გამსვლელ არხს უთმობს. ვინც ყველაზე ახლოს არის მომხმარებელთან, ვინც ეხება, უსმენს, უყურებს, გრძნობს საბოლოო მომხმარებელს, ვინც ყველაზე კარგად იცის რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რა უნდათ და რა არ უნდათ მომხმარებლებს, სულ უფრო კარნახობს პირობებს ღირებულების ჯაჭვის დანარჩენ რგოლებს.

ჯერ შეიძლება ყველა დარგში, ყველა სფეროში ეგრე არ არის, მაგრამ ტენდენცია საბოლოოდ მაინც მაქეთ მიდის.

  • თარიღი: September 20, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,054-ჯერ

როგორც დიდი და პატარა ტყუილი არ არსებობს, ისე დიდი და პატარა პასუხისმგებლობა

ადამიანის პასუხისმგებლობის გრძნობის გამოცდა სულ პატარა დავალების შესრულების ხარისხითაც შეიძლება. და რაც უფრო პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მით უფრო კიდევ უკეთ, ჩემი აზრით. შეცდომა რა თქმა უნდა ყველას მოსდის და ახალი შანსის მიცემა უნდა შეგეძლოს, მაგრამ ან ხარ ესეთი ან არ ხარ, ერთნაირად, დიდშიც და პატარა საქმეშიც.

ჩვენს გვერდით ადამიანების შესაძლებლობებს თუ უფრო კარგად შევაფასებთ

როგორც წესი ყველა ადამიანი, ვისი დახმარებაც ჩვენ ჩვენი ამოცანის გადასაწყვეტად გვჭირდება, გვერდით გვყავს უკვე. უბრალოდ ხანდახან უფრო კარგად უნდა გავახილოთ თვალები, რომ დავინახოთ ისინი და  შევაფასოთ მათში ის უნარები და შესაძლებლობები, რაც აქვთ, მაგრამ რომლის გამოყენებაც ჯერ არ დასჭირვებიათ.

სამწუხაროდ, უფრო ხშირად, ადამიანებში იმას ვხედავთ, რასაც ისინი აკეთებენ და არა იმას, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ. ამის გამო ახალ როლებში არსებული თანამშრომლების დანახვა ძალიან გვიჭირს. მაგრამ, თუ ჩვენ დავიჯერებთ, რომ ვინც გვჭირდება უკვე გვყავს, კარგად, ყურადღებით მიმოვიხედავთ გვერდით, ამაში ყოველ ჯერზე კიდევ და კიდევ, უფრო მეტად დავრწმუნდებით.

ამოცანა გამოწვევა უნდა იყოს

ამოცანა ისეთ ადამიანს კი არ უნდა ჩავაბაროთ, ვისაც გამოცდილება აქვს საკმარისი, არამედ იმას, ვისთვისაც მისი გადაწყვეტა გამოწვევა იქნება.

როგორც წესი ადამიანებს, ვისთვისაც მასზე დაკისრებული ამოცანა გამოწვევა არ არის, მოტივაცია არ ჰყოფნით, რომ ამ ამოცანაზე საკმარისი მონდომებით იმუშაონ. მაშინ როდესაც თუ ამოცანას ისეთ ადამიანს ჩავაბარებთ, ვისაც შესაძლოა გამოცდილება არ ჰყოფნის, მაგრამ ვისთვისაც იმ ამოცანის გადაწყვეტა სერიოზული გამოწვევა იქნება, ისინი გზებსაც პოულობენ, სწრაფადაც სწავლობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათზე გაკეთებული არჩევანი მაქსიმალურად გაამართლონ.

  • თარიღი: September 14, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,067-ჯერ

სრულყოფა მხოლოდ ბევრი მუშაობით შეიძლება

ფეხბურთს ის უკეთესად თამაშობს, ვინც ბურთთან უფრო მეტ დროს ატარებსო ამბობენ. ალბათ თავიდან ნიჭსაც აქვს რაღაც მნიშვნელობა, მაგრამ საბოლოო შედეგი ამაზე უფრო უნდა იყოს დამოკიდებული წესით.

სავარაუდოდ ალბათ ყველა საქმეში ესეა. ის უფრო მაგარია თავის საქმეში, ვინც დახლთან, ჩარხთან, თაროსთან, კლიენტთან, მუშაობაში უფრო მეტ დროს ატარებს. ვიდრე ის, ვინც სრულყოფას ძირითადად ფანჯარაში ყურებით და იმაზე ფიქრით ცდილობს, როგორ გახდეს უკეთესი თავის საქმეში.

გაუმჯობესების და განვითარების გზებზე ფიქრი რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ალბათ მაინც უნდა გვახსოვდეს სულ, რომ სრულყოფა მხოლოდ ბევრი მუშაობით შეიძლება.

  • თარიღი: September 13, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,041-ჯერ

შეიძლება გვერდით არ იყო, მაგრამ მეტად ეხმარებოდე

სჯობს ალბათ იმასთან გვერდით არ იყო, ვისაც შენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, მაგრამ უფრო მეტად და უფრო უხმაუროდ ეხმარებოდე, ვიდრე გვერდით ყოფნით მოახერხებდი მაგას. იმის ნაცვლად, რომ გვერდიდან არ ცილდებოდე, რეალურ ღირებულებას ვერ უქმნიდე და ძირითადად მხოლოდ იმის განცდას უჩენდე, რომ ძალიან დავალებულია შენგან.

არიან ადამიანები, შეგაწუხებენ ყურადღებით, მაგრამ რომ გააანალიზებ მიხვდები, რომ არაფერი ღირებული დახმარება არ გაუწევიათ შენთვის. და არიან ადამიანები, რომლებიც ჩუმად, უხმაუროდ, მოგყვებიან ცხოვრებაში, თითქოს არც ჩანან, არც ყურადღებას არ გაქცევენ, მაგრამ ერთხელაც რომ დაფიქრდები, შეიძლება აღმოაჩინო, რომ ცხოვრება მოგიძღვნეს შენც და სხვებსაც. თუმცა შეიძლება არც დაფიქრდე არასდროს, ვერც გაიაზრო და ვერც დააფასო ასეთი თანადგომა, მაგრამ ეს მათ მოტივაციას არაფრით არ ამცირებს. შეიძლება პირიქითაც.

მე უფრო მეორეებს ვაფასებ, ვიდრე პირველებს. ასეთებთან ცხოვრება და მუშაობა მირჩევნია ბევრად. თქვენ?

თუ არ გიყვარს, ვერ გამოგივა

ზერმატში, შვეიცარიის ულამაზეს სოფელში, ერთ-ერთ კოხტა სასტუმროში რამდენიმე დღით დასვენების ბედნიერება მხვდა წელს.

გამორჩეულად შთამბეჭდავი იყო სასტუმროს რესტორნის პერსონალის მომსახურების ხარისხი. არანაირი სტანდარტული წესები, ფორმალიზებული პროცედურები, მომართვის ფორმები. გაოცებას იწვევდა ჩემში როგორ ახერხებდნენ, რომ ზუსტად ახსოვდათ სასტუმროს რომელ სტუმარს საუზმის რითი დაწყება უყვარდა, ვის სად უყვარდა დაჯდომა და მისთვის ადგილის დარეზერვება, ვისი ბავშვი ჭირვეულობდა ჭამისას და სახის უცნაურად დამანჭვით ცდილობდა ყურადღება გადაეტაბინებინა ბავშვისთვის და  შეშველებოდა დედას, ვინ იტალიურად ვინ გერმანულად და ვინ ფრანგულად მოსაუბრე იყო რომ ისე მისალმებოდა და კარგი დღე ესურვებინა, ვინ სად აპირებდა სტუმრობას გუშინ რომ კმაყოფილების ამბები მოეკითხა და ა.შ. და ა.შ.

ამას ვერ ასწავლი, ვერც ვერავის მოსთხოვ ასეთი იყოს, უბრალოდ უნდა გიყვარდეს ძალიან ამის კეთება რომ ეს შეძლო, ასე ბუნებრივად, ასე ხალისით და დასამახსოვრებლად. ამ სასტუმროს მენეჯმენტს ეს კარგად ესმის როგორც ჩანს და ისე ჰყავს შერჩეული პერსონალი, რომ მათ ძალიან მოსწონთ თავიანთი საქმე, სიამოვნებას ანიჭებთ პროცესი და უყვართ კიდეც ის ნაწილები, რასაც მოითხოვს მათი ყოველდღიური საქმიანობა.

რა მაგარი იქნებოდა, განსაკუთრებით მომხმარებელთან ვისაც პირდაპირი შეხება აქვს, მათ ყველას ამის მიხედვით რომ ვიყვანდეთ და მერე ვასწავლიდეთ რაც აუცილებელია, არა?

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება