ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



რატომ უყვართ თქვენს თანამშრომლებს თქვენი ორგანიზაცია?

სინერჯის თითქმის 20 წლიანი მუშაობის პერიოდში ათასობით ადამიანთან მოგვიწია ინდივიდუალური ინტერვიუს ჩატარება, თითქმის ყველასთან დაგვისვამს კითხვა – რა მოგწონს ორგანიზაციაში სადაც მუშაობ, რატომ მუშაობ აქ ამდენი წელი?  პასუხი უმეტეს შემთხვევებში არის – ადამიანები, ვისთან ერთადაც სასიამოვნოა მუშაობა, გარემო, რომელიც არის კომფორტული, მეგობრული და ჯანსაღი და იმ საქმის სიყვარული, რასაც აკეთებს და ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას.

ამ სამი პასუხიდან პირველი ორი რამდენად გახდება თანამშრომლებისთვის ორგანიზაციის ერთგულებისა და სიყვარულის მიზეზი, სრულად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ფასეულობები აქვს ორგანიზაციას ან საერთოდაც, აქვს თუ არა გააზრებული და გაცხადებული ფასეულობათა სისტემა.

ფასეულობები განსაზღვრავს ორგანიზაციისთვის იმ პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც უნდა გახდეს სახელმძღვანელო სწორი გადაწყვეტილებების მიღებისას, რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნისას, გუნდის წევრების შერჩევისა და შეფასებისას.

ის ორგანიზაციები, რომელთაც კარგად გააზრებული და გაცხადებული ფასეულობათა სისტემა აქვთ გამოირჩევიან ჯანსაღი ურთიერთობებით როგორც შიდა, ისე გარე მხარეებთან, თანამშრომლებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობებით მათ თითქოს თავისი გამორჩეული სტილი აქვთ. სწორედ ეს ქმნის ორგანიზაციის მიმართ ერთგულებას, ლოიალობას და სიყვარულს თანამშრომლებში.

გაგვიზიარეთ, თქვენი ორგანიზაციები რატომ უყვართ თანამშრომლებს?

ბუა ხელმძღვანელებთან თანამშრომლები ამოცანის გადაჭრაში დახმარების თხოვნით არ მიდიან

ხელმძღვანელებთან, რომლებიც ძირითადად დავალებების მიცემის და კონტროლის მართვის სტილს იყენებენ და შეკლული ჰყავთ თანამშრომლები აბა თუ გააკეთე, აბა რატო ვერ გააკეთე, ასეთ ხელმძღვანელებთან თანამშრომლებს უფრო თავის დაღწევის მცდელობა აქვთ საქმეში, ვიდრე ამოცანების გადაჭრის და შედეგზე ორიენტაციის.

რაც მნიშვნელოვანია, ასეთ გარემოში ადამიანები გაცილებით ჩაკეტილები არიან, შეცდომების დამალვისკენ აქვთ მიდრეკილება და ხელმძღვანელებს თანამშრომლები დახმარების თხოვნით ან აზრის საკითხავად არ მიმართავენ, იმის შიშით, არ “უსაყვედუროს” შენ რატო ვერ გააკეთე, შენ რატო ვერ მოიფიქრე ან ეს რა შეცდომები დაგიშვიაო. ასეც რომ არ იყოს მსგავს გარემოში ბუნებრივად ასეთი განცდა უყალიბდებათ.

ხელმძღვანელებო არჩევანი თქვენზეა.

ახსენი შენი გადაწყვეტილება

რამდენად თავისუფლებიც არ უნდა ვიყოთ გადაწყვეტილების მიღებისას, რამდენადაც ჩვენი საქმე არ უნდა იყოს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, ვალდებულები ვართ დეტალურად ავუხსნათ ყველას, განსაკუთრებით, ვისაც ეს გადაწყვეტილება ეხება თუ კონკრეტულად რატომ ვფიქრობთ, რომ ასე უკეთესია.

ისინი, ვინც ჩვენი გადაწყვეტილების არგუმენტები არ იციან, დაგვცინებენ, წინააღმდეგობას გაგვიწევენ განხორციელებაში, ექნებათ განცდა, რომ გადაწყვეტილება გაუაზრებლად, საკმარისი დამუშავების გარეშეა მიღებული. ეს კი ან განხორციელებას გაართულებს ან რეპუტაციულ რისკებს მაინც შექმნის.

ამიტომ აჯობებს არ დავიშუროთ არც დრო და არც ენერგია, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დეტალურად ასახსნელად ყველასთვის, ვისთვისაც ის მნიშვნელოვანია.

სხვისი უხარისხო ინიციატივა სჯობს ჩვენსას, თუნდაც გენიალურს

ხელმძღვანელის თუნდაც ძალიან ჭკვიანურ, დროულ და სავარაუდოდ ძალიან შედეგიან ინიციატივას მგონი ყოველთვის სჯობს სხვისი თუნდაც მარტივი, უბრალო და სავარაუდოდ ნაკლები შედეგის მქონე ინიციატივა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სხვის როლი ამ ინიციატივების განხორციელებაში ძალიან დიდია.

ვინაიდან დიდია ალბათობა იმისა, რომ ჩვენი “გენიალური” იდეები განხორციელების მილიონ დეტალში უფრო გაიჭედება და დროშიც და ხარისხშიც წააგებს. მაშინ როდესაც თავის იდეას, თუნდაც უხარისხოს, შემსრულებელი დეტალების დონეზე ეცდება მთელი პასუხისმგებლობით და იდეალურად შეასრულოს. რაც საბოლოო ჯამში ბევრად უფრო კარგი შედეგის მომტანი გახდება მაინც.

სწორედ ამიტომ ხელმძღვანელები ტაშითა და აღტაცებით უნდა ვხვდებოდეთ ყოველთვის ჩვენი თანამშრომლების ყველა ინიციატივას და ყველაფერს უნდა ვაკეთებთდეთ, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მათ განხორციელებას. ასე ჩვენი საქმიანობა საბოლოო ჯამში ბევრად უფრო შედეგიანი უნდა აღმოჩნდეს წესით ვიდრე “გენიალური” იდეების ფრქვევა და აქედან გამომდინარე დავალებების გაცემა, რისი კეთებაც ასე ძალიან გვსიამოვნებს არადა.

თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ?

რას მიბღვერს, ნეტა რა უნდა

ხშირად ხელმძღვანელები საყვედურის თქმის ან უკმაყოფილების გამოხატვას თანამშრომლობის მიმართ არაპირდაპირი გზებით აკეთებენ, ბოლომდე არ ეუბნებიან, მიანიშნებენ, გამოხედვაში გამოხატავენ, ან იმ განზრახვით, რომ ცხვირი არ ჩამოუშვას თანამშრომელმა ან საკმარის მნიშვნელობას არ ანიჭებენ აუხსნან უკმაყოფილების მიზეზი და ჩათვლიან ასე შემოვლითი გზებით მიხვდება.

რაც არ უნდა გვიჭირდეს ან გვაფერხებდეს რამე, გარემოს სიჯანსაღისთვისაც და შედეგისთვისაც ყოველთვის ჯობია პირდაპირ, გულწრფელად ვუთხრათ პირადად რა არ მოგვეწონა, რატომ, რის გამო ვართ უკმაყოფილო, რატომ ვიფიქრეთ ჩვენ ასე და მას მოვუსმინოთ მიზეზი რა არის. პირდაპირობა და გულწრფელობა პატივისცემის გამოხატულებაა ადამიანის მიმართ. ასე რაღაც ისეთიც შეიძლება გავიგოთ მასზე, რაც აქამდე არც წარმოგვედგინა, იმასაც გავაგებინებთ რა არ მოგვწონს და რატომ რომ სამომავლოდ იცოდეს და ის საკითხი იქვე დაიხურება, არც მას გაუჩნდება ბუნდოვანება რას მიბღვერსო და არასაჭირო დაძაბულობაც არ შეიქმნება.

გაჩერებული ქარის ტურბინები

გინახავთ გაჩერებული ქარის ტურბინები, რკინის დიდი ბეტონები, უსიციცხლო, უფუნქციო. მოგინდება სული შეუბერო, ცოტა გამოძრავდეს, თავისი დანიშნულება შეასრულოს, ღირებულება შექმნას.

ასეთი სულის შებერვები სჭირდება ძალიან თანამშრომლებს, რომ გაღვივდეს ის ნაპერწკალი, რაც ყველაში არის სხვადასხვა დონეზე, აგიზგიზდეს, თავისი გააკეთოს და სხვებსაც გადასცეს.

ზოგჯერ სულ პატარაც საკმარისია, მოკითხვა და გაღიმებაც, ყველამ ვიცით, მარა რაღაცები გვიშლის ხელს რო არ დავიშუროთ სხვებისთვის სულის შებერვა.

თქვენ რა მეთოდებს იყენებთ ამისთვის, გაგვიზიარეთ.

ხშირად მოკლე, გულწრფელი გასაუბრებაც კი საკმარისია, რომ მოწინააღმდეგის ნაცვლად კარგი თანამებრძოლი შევიძინოთ

ხშირად, როდესაც თანამშრომელზე ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეა, პატივს არ გვცემს, ჩვენთვის ცუდის გაკეთებას ცდილობს სულ 10-15 წუთი პირადი გასაუბრება შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს, რომ კიდევ ერთი ერთგული თანამებრძოლი და მეგობარი შევიძინოთ.

სამწუხაროდ სწორედ ის, რომ ჩვენ ამ ადამიანებთან დალაპარაკებისთვის დროს და ნებას ვერ ვპოულობთ, ყურადღებას ვერ ვუთმობთ და ჩვენთვის მათი მნიშვნელობის გამოხატვას ვერ ვახერხებთ, იწვევს მათ ასეთ დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ. სწორედ ჩვენი ასეთი დამოკიდებულების გამო ფიქრობენ, რომ უმნიშვნელონი და არასასურველები არიან ჩვენთვის, პოტენციურ საფრთხეს გრძნობენ ჩვენგან და ბუნებრივად, ქვეცნობიერ დონეზე იწყებენ თვით-გადარჩენის ინსტინქტით მოქმედებას, როგორც ახერხებენ. მათ შორის, იწყებენ ჩვენზე და ჩვენს გადაწყვეტილებებზე აგრესიით, სკეპტიციზმით, ირონიულად საუბარს.

თუ ჩვენ ასეთ თანამშრომლებთან გულწრფელები ვიქნებით, ღიად მოვუყვებით ჩვენი ამოცანების, ჩვენი ხედვების, პოზიციების შესახებ, არ დაგვეზარება ავუხსნათ ჩვენი მოტივები ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას, წავახალისებთ, რომ ღიად გვითხრან მათი დამოკიდებულების შესახებ პირადად, ხშირად ესეც კი საკმარისია, რომ ადამიანმა დაგვიჯეროს, გამოგვყვეს და ძალიან ღირებულ თანამებრძოლად იქცეს.

საქმის კეთების კულტურა და თავდადების კულტურა

კომპანიების ორგანიზაციული კულტურები ბევრ ასპექტში განსხვავდება ერთმანეთისგან და ინდივიდუალურია, მაგრამ მათი დაყოფა პირობითად შეიძლება ორ კატეგორიად – ორგანიზაციები, სადაც არის საქმის კეთების კულტურა და ორგანიზაციები, სადაც არის თავდადების კულტურა.

პირველი ტიპის ორგანიზაციებში თანამშრომლები დაკავებულნი არიან კონკრეტული ფუნქციების ჩამონათვალის შესრულებით, ელოდებიან დავალებებს და ასრულებენ მათ, ასევე ყოველდღიურ რუტინას და ცდილობენ არაფერი გააფუჭონ, რომ არ მიიღონ საყვედური. ამიტომ მსგავსი კულტურის ორგანიზაციებში ხშირად ითხოვენ ფუნქციების ჩამონათვალს – რა უნდა გააკეთონ.

მეორე ტიპის ორგანიზაციებში თანამშრომლებს აქვთ მკაფიო ამოცანები და უნდა უზრუნველყონ კონკრეტული შედეგების მიღწევა, რაც ითხოვს მათგან მაქსიმალურ ჩართულობას და ბოლომდე დახარჯვას. არის „ფიქრების ჭიდილი“, ალტერნატივების მოძიება, გადაწყვეტილებების მიღება. ასეთი ტიპის ორგანიზაციებში არ ელოდებიან დავალებებს. ამოცანებიდან გამომდინარე რა უნდა გააკეთონ, რა ფუნქციები უნდა შეასრულონ, ამას თავად საზღვრავენ.

აქედან რომელი კულტურა გინდათ რომ გქონდეთ ორგანიზაციაში ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

ხელმძღვანელის არყოფნაში მიღებული გადაწყვეტილებები

ხელმძღვანელებო, თუ თქვენს არყოფნაში რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს გუნდში და თქვენ არ მოგწონთ, გგონიათ პრობლემებს შექმნის, ვფიქრობ, აჯობებს მიზეზში გაერკვეთ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მოიფიქროთ სამომავლოდ როგორ მოგვარდეს ეს. და არაფრით არ შეცვალოთ გადაწყვეტილება ან დასაჯოთ ამის გამო. პირიქით მხარდაჭერაც გამოუცხადოთ და გამოწვეული პრობლემები, თუ ასე მოხდება, მათთან ერთად მოაგვაროთ.

ასე არც უარს იტყვიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაზე, რადგან შიში არ ექნებათ – მაინც შეცვლის ან საყვედურს გვეტყვისო, და უფრო დიდ პასუხისმგებლობას იგრძნობენ, მეტი ლოიალობაც გაუჩნდებათ.

დეტონატორი შემოქმედებითი აფეთქებებისთვის

ორგანიზაციების წარმატება სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დიდი და რამდენად ხშირად ხდება შემოქმედებითი აფეთქება მასში. რამდენად ახერხებს ორგანიზაცია ისეთი მაგარი მიგნება გააკეთოს პროდუქტში, მომსახურებაში, საქმიანობაში ზოგადად, რომ გააოცოს მომხმარებლები, მომწოდებლები, თანამშრომლები ან უბრალოდ ადამიანები, ვისთვისაც ეს მიგნებები თვალსაჩინო გახდება.

ასეთი საოცარი მიგნებების სიმრავლე იმ გარემოზეა დამოკიდებული, რომელიც ორგანიზაციაში არსებობს და პირველ რიგში ლიდერზე, რომლის როლიც გახდა, იყოს დეტონატორი თანამშრომლებს შორის შემოქმედებითი აფეთქებები რომ გამოიწვიოს.

ლიდერის ოსტატობა სულ უფრო მეტად ფასდება იმით, თუ რამდენად ახერხებს ისე ააწყოს სამუშაო პროცესი, ურთიერთობები შიგნით, გარემო, კულტურა და მოტივაციის მექანიზმები, რომ სულ უფრო მეტ ასეთ აფეთქებას შეუწყოს ხელი.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება