ორგანიზაციის როგორც წარმატებას, ისე წარუმატებლობას ყველაზე მეტად განაპირობებს: სტრატეგია, ორგანიზაციული სტრუქტურა და მთავარი ბიზნეს პროცესები. სწორედ ამ სამი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს, თუ რამდენად მიზანმიმართული და თანმიმდევრული იქნება ორგანიზაცია მოქმედებებში და რამდენად რაციონალურად გამოიყენებს მის განკარგულებაში არსებულ რესურსებს.
სტრატეგია განსაზრავს, თუ რა უნდა გააკეთოს ორგანიზაციამ და რატომ, ან რა არ უნდა გააკეთოს და რატომ. სტრუქტურა განსაზღვრავს, ვინ უნდა გააკეთოს ის, რაც გასაკთებელია, ხოლო პროცესები აღწერენ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს.
შესაბამისად, თუ თქვენ ორგანიზაციაში ყველაფერი კარგად მიდის, ამ სამი მიმართულებით მიღებული და განხორციელებული გადაწყვეტილებების წვლილი ამაში აუცილებლად დიდი იქნება და თუ რაღაცა ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, ამის უპირველესი მიზეზიც უმჯობესია სწორედ ამ სამი მიმართულებით ვეძებოთ.
პრობლემები ასევე შეიძლება იყოს განპირობებული მოტივაციის არასწორი სისტემებით და/ან კულტურაში გამჯდარი ცუდი ჩვევებით ან არაფორმალური წესებით. თუმცა ამ ორი ფაქტორის გავლენა, საბოლოოდ, მაინც ბევრად უფრო მცირეა, ვიდე სტრატეგიის, სტრუქტურის და აღწერილი თუ აღუწერელი, მაგრამ რეალურად მოქმედი ბიზნეს პროცესების.
რასაკვირველია, ორგანიზაციის როგორც წარმატებაში, ისე წარუმატებლობაში მმართველი გუნდის როლი განუზომლად დიდია, მაგრამ ისინი ყველაზე საპასუხისმგებლო შეცდომებსაც სწორედ ამ სამი მიმართულებით უშვებენ და თუ წარმატებას აღწევენ, იმასაც ამ მიმართულებით მიღებული და განხორციელებული გადაწყვეტილებებით ახერხებენ უპირველესად.