იმისათვის, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტის ან გაწეული მომსახურების მუდმივად მზარდი ხარისხი უზრუნველვყოთ, საჭიროა, ორგანიზაციაში ცალ-ცალკე გვყავდეს:
ა) ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება უშუალოდ პროდუქტის/მომსახურების წარმოებაზე;
ბ) ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროდუქტში/მომსახურებაში ხარვეზების, ან სრულყოფის შესაძლებლობების აღმოჩენაზე;
გ) ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროდუქტის/მომსახურების გაუმჯობესებაზე.
ამასთან ეს სამივე ადამიანი უნდა იყოს იმდენად მაღალი სტატუსის, რამდენადაც მნიშვნელოვანია პროდუქტის/მომსახურების ხარისხი ორგანიზაციისათვის.
აგრეთვე საჭიროა გვქონდეს საბჭო, სადაც ეს ადამიანები, ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც შეიკრიბებიან და განიხილავენ ხარისხის კუთხით არსებულ პრობლემებს, ამოცანებს და მათი გადაწყვეტის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას.
იმისათვის, რომ პროდუქტის/მომსახურების ხარისხი მუდმივად განვითარდეს, ამისათვის თვითონ წარმოება რომ საჭიროა ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მაგრამ ბევრ ორგანიზაციაში (განსაკუთრებით მომსახურების სფეროში) არ არის ადამიანი (ქვედანაყოფი), რომელიც უშუალოდ წარმოების დაკვირვებაზე, ხარისხის კონტროლზე და ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენაზე იქნება პასუხისმგებელი. ასეთი ადამიანის (ქვედანაყოფის) ყოლა აუცილებელია იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ხარისხზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ.
თუმცა აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პიროვნება არ იყოს წარმოებაზე პასუხისმგებელი ადამიანის დაქვემდებარებაში და სასურველია, რომ მასზე დაბალი სტატუსიც არ ჰქონდეს ორგანიზაციაში. ასეთ შემთხვევაში მისი მოქმედების ეფექტიანობა ბევრად უფრო გაიზრდება და წარმოებაც იძულებული იქნება უკეთესი პროდუქტი/მომსახურება აწარმოოს.
რაც შეეხება პროდუქტის/მომსახურების განვითარებას, აქაც მნიშნელოვანია არსებობდეს ცალკე პასუხისმგებელი პირი (ქვედანაყოფი) და ის არ იყოს იმავე ადამიანების დაქვემდებარებაში, ვინც წარმოებაზე ან ხარისხის კონტროლზეა პასუხისმგებელი. ასევე სასურველია, რომ ამ ადამიანსაც არანაკლები სტატუსი ჰქონდეს ორგანიზაციაში, ვიდრე წარმოებაზე და ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელ ადამიანებს. ასეთ შემთხვევაში მისი ეფექტიანობაც საკმარისად მაღალი იქნება.
ხარისხის განვითარების ამოცანის იმავე ადამიანისათვის დაქვემდებარება, ვინც ხარვეზების და სრულყოფის შესაძლებლობების აღმოჩენაზეა პასუხისმგებელი არ არის სასურველი, ვინაიდან ადამიანი, ვინც უნდა აღმოაჩინოს პრობლემები, როცა იცის, რომ ეს პრობლემები მისივე მოსაგვარებელია ბევრად ნაკლებ პრობლემას აღმოაჩენს, რის გამოც ბევრი შესაძლებლობა დაიკარგება.
განვითარება წარმოებაზე პასუხისმგებელი ადამიანის დაქვემდებარებული ამოცანა რომ იყოს უფრო ნაკლებად საზიანოა ორგანიზაციისათვის, თუმცა ძალიან სახარბიელო არც ეს არ არის, ვინიადან პროცესების მიმდინარე მართვა და განვითარების სამუშაოები იმდენად განსხავებული სპეციფიკის საქმიანობებია, რომ მათი ერთ ადამიანში მოქცევა თითქმის ყოველთვის იწვევს განვითარების ფუნქციის დაკნინებას ბევრი მიმდინარე საქმეების საბაბით.