ის სტრუქტურული ერთეულები, რომელთა შორის კოორდინაციას, ჰარმონიულ თანამშრომლობას, ინფორმაციის შეუფერხებელ გაცვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული პროცესების შეუფერხებელი მსვლელობისთვის, ძალიან სასურველია სტრუქტურაში ერთი და იმავე ადამიანის უშუალო დაქვემდებარებაში მოვაქციოთ.
ორგანიზაციის უკეთესად სამართავად, თანამშრომლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მათი ჯგუფებად და ქვეჯგუფებად გაერთიანება ხდება საჭირო. სადაც ადამიანები ერთ ჯგუფში ხვდებიან მათ შორის კოორდინაცია და კომუნიკაცია ადვილდება და უფრო გამართული ხდება, სამაგიეროდ ჯგუფებს და ქვეჯგუფებს შორის რთულდება. ეს ცალკეული მულტიფუნქციური პროცესების მსვლელობას ართულებს. ფორმალიზებული პროცედურები, IT სისტემები თითქოს აადვილებს ამას, მაგრამ სტრუქტურული დაჯგუფება ერთ ვერტიკალში, ერთი ხელმძღვანელის ქვეშ საუკეთესო საშუალებად ითვლება, რომ ქვედანაყოფებმა ინფორმაცია ადვილად გაცვალონ და შეთანხმებულად იმოქმედონ.
ბევრი ჩვენი კლიენტი, ვისთანაც სტრუქტურის გაუმჯობესებაზე გვიმუშავია და სადაც მაგალითად საწყობი და დისტრიბუცია სხვა ვერტიკალშია და შესყიდვები და ჩამოტანის ორგანიზება სხვაში, მუდმივად წუწუნებენ, რომ საწყობში არასოდესაა ის, რაც საჭიროა და გამოტენილია იმით, რაც არავის სჭირდება. მხოლოდ საწყობს რომ უკავშირდებოდეს ეს პრობლემა კიდევ არაუშავს. ძალიან ხშირად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფუნქციების სტრუქტურული დაცილება ისეთ სასიცოცხლო პროცესებზე ახდენს გავლენას, როგორიცაა წარმოება, მომსახურება, პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის განვითარება, რისკების იდენტიფიკაცია და მათი ჰეჯირება და ა.შ.
ამგვარად, ზუსტად უნდა ვიცოდეთ სტრატეგიული პროცესები როგორ უნდა მიდიოდეს, მათი შეუფერხებელი მსვლელობისთვის რომელ ფუნქციებს განსაკუთრებით სჭირდებათ სიახლოვე და ვეცადოთ ეს ფუნქციები ერთი და იმავე ადამიანის დაქვემდებარებაში მოვაქციოთ.
თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს, ნებისმიერი ადამიანის უშუალო დაქვემდებარებაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, და საკმარისია ამ რიცხვმა კრიტიკულ ზღვარს გადააცილოს და პროცესები უარესად შეიძლება განვითარდეს.
თუ გაქვთ შეგრძნება, რომ თქვენს ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი პროცესები შეფერხებით მიმდინარეობს, გადაამოწმეთ რამდენად სწორადაა სტრუქტურაში საჭირო ფუნქციები დაჯგუფებული.