თუ სტრუქტურის კეთებისას მნიშვნელოვანი პროცესების უწყვეტი დინებისათვის საჭირო ფუნქციებს გამოვტოვებთ და სტრუქტურაში არ გავითვალისწინებთ, ეს ნიშნავს, რომ მათი შესრულება ან ხელმძღვანელებს მოუწევთ, ან რიგით თანამშრომლებს, ოღონდ დამატებითი სამუშაოს განცდით. შედეგად, ეს პროცესები უსისტემოდ, არათანმიმდევრულად, არაორგანიზებულად დაიწყებენ მსვლელობას და ორგანიზაციაც ბევრ დანაკარგს მიიღებს.
ყველა ორგანიზაციისთვის არსებობს 5-7 მნიშვნელოვანი პროცესი, რომელთა გამართული მსვლელობა ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მისი საქმიანობის შედეგებზე და განვითარებაზე. პროდუქტების განვითარება, ხარისხის კონტროლი და განვითარება, რისკების მართვა, ძირითადი ოპერაციული ციკლი – ის პროცესებია, რომელთა სწორი ანალიზი, ფუნქციებად კარგად გაშლა და მერე სტრუქტურაში სწორად გადატანა დიდ გავლენას ახდენს ორგანიზაციის გამართულ მუშაობაზე.
თუ, მაგალითად, პროდუქტების განვითარების პროცესი კარგად არ გვესმის როგორ უნდა იყოს აწყობილი, საიდან უნდა შემოდიოდეს ინფორმაცია და რა პერიოდულობით არსებული პროდუქტების ხარვეზებზე, ახალი პროდუქტების განვითარების წინადადებებზე, სად უნდა იხილებოდეს ისინი, როგორ უნდა ხდებოდეს იდეების პირველადი გადარჩევა, მათი მოსალოდნელი ფინანსური ეფექტის შეფასება, როგორ უნდა ხდებოდეს პროდუქტების საპილოტე ტესტირება, დამუშავება, ბაზარზე გატანა..
თუ ამ ყველაფერს ამ პროცესისთვის კარგად არ გავიაზრებთ და მერე არ დავრწმუნდებით, რომ ყველა საჭირო ფუნქცია და განხილვის პროცესი გადატანილი გვაქვს სამსახურების ფუნქციების აღწერებში და საბჭოების განსახილველ საკითხთა ნუსხაში, რომ ყველა მოქმედებას კონკრეტული პასუხისმგებელი ჰყავს სტრუქტურაში, სხვანაირად ეს პროცესი სისტემური და ორგანიზებული ვერ გახდება.
ზოგადად, სტრუქტურის ფორმირებისას პირველ რიგში პრიორიტეტებზე შეთანხმება, შემდეგ მნიშვნელოვანი პროცესების დეტალურად გააზრება და სტრუქტურაში საჭირო ფუნქციებად გადატანა უნდა მოხდეს და შემდეგ ადამიანებზე პასუხისმგებლობების გადანაწილება. თუ ამას ეს ნაბიჯები წინ არ უსწრებს, უფრო ადამიანებზე მორგებული სტრუქტურა გვექნება, რაც საქმის კარგად კეთებაში დახმარების მაგივრად ბევრ ბარიერს და პრობლემას შეგვიქმნის.