ალბათ პირველი პირების დროის მინიმუმ 30% ისე უნდა იგეგმებოდეს, რომ სტაბილურად იხარჯებოდეს ოფისების და საწარმოო სივრცეების დათვალიერება-შემოვლაზე და დაკავშირებულ ადამიანებთან უპირატესად მათ სივრცეში შეხვედრებზე, გასაუბრებებზე.
პირველ პირებს ორგანიზაციის პულსზე რომ მუდმივად გვედოს ხელი ეს ალბათ ჩვენი სამუშაო დროის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს. ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვიურ თუ ყოველკვარტალურ რაოდენობრივ პარამეტრებზე დაკვირვება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ბუნებრივია ყველა ხელმძღვანელი თავისი დროის გარკვეულ ნაწილს სტაბილურად ისედაც უთმობს.
მაგრამ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს იმ სივრცეების მუდმივი დათვალიერება, მონახულება, სადაც ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ამბები ხდება. განსაკუთრებით კრიტიკული კი ალბათ შეხვედრები და გასაუბრებებია თანამშრომლებთან, კლიენტებთან, მომწოდებლებთან, უშუალოდ მათგან მოსმენა თუ რას ფიქრობენ ჩვენს ორგანიზაციაზე, ჩვენს პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე.
ეს ხელმძღვანელებს საშუალებას მოგვცემს გადაწყვეტილებები მივიღოთ არა მხოლოდ იმ ადამიანებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ვინც სტრუქტურულად გვექვემდებარება პირადად, არამედ ბევრად ინფორმირებული და მრავალმხრივი შეხედულებების და მოსაზრებების გათვალისწინებით.