ნებისმიერი გადაწყვეტილება, იდეა, თუ მიგნება მაშინ არის გენიალური, როდესაც მარტივია. ამიტომაც, ჭეშმარიტი ღირებულება რთულის მარტივად გადაქცევაშია. სიმარტივე ის ფუნდამენტური ძალაა, რომელიც უზრუნველყოფს იდეის ეფექტიან გაზიარებას, ამარტივებს შემდგომი ნაბიჯების გადადგმას და, საბოლოოდ, მიღებული შედეგების უმაღლეს ხარისხს განაპირობებს.
ნებისმიერი იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის სხვებსაც გაუზიარდეთ და მათშიც აანთოს ნაპერწკალი. რაც უფრო მარტივია ჩანაფიქრი, მით უფრო ადვილია მისი კომუნიკაცია, ადამიანებისთვის დასაბუთება და მათ მიერ ამ იდეის გათავისების შანსიც უფრო მაღალია. როდესაც ადამიანებს მკაფიოდ ესმით დასახული მიზანი, ისინი საერთო ხედვის გარშემო ერთიანდებიან და მოქმედებას შეუფერხებლად, ბევრად უფრო თავდაჯერებულად იწყებენ.
ამგვარი ერთიანობა მუშაობის ხარისხს თვისებრივად აუმჯობესებს, რადგან ერთი ადამიანის ნაცვლად, საერთო იდეით შთაგონებული გუნდი მოქმედებს. ამ დროს თითოეული წევრი ინარჩუნებს ობიექტურ ხედვას, რაც შეცდომებზე სწრაფი რეაგირებისა და შემდგომი გადაწყვეტილებების მარტივად მიღების შესაძლებლობას ქმნის.
შესაბამისად, ორგანიზაციის მმართველთა უპირველესი უნარი სწორედ რთულის იმგვარ სიმარტივედ გადაქცევაა, რომელიც პრიმიტიულობას კი არ გულისხმობს, არამედ სიცხადის, ფოკუსისა და ეფექტიანობის უმაღლესი ფორმაა.
