ნებისმიერი ორგანიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტრატეგიულად გამართლებული გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, ორგანიზაციების უმეტესობას ასეთი გადაწყვეტილებების მოძიება და მიღება ძალიან უჭირს, რადგან, როგორც წესი, მკაფიო სეგმენტი არ აქვთ გამოვლენილი. ამ ნაბიჯის გარეშე კი, ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ბურუსში გასროლას ჰგავს.
ზოგადად, გადაწყვეტილებები იმისთვის მიიღება, რომ ორგანიზაციამ ბაზრის მოლოდინები გაამართლოს — იქნება ეს კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების მიმართ. მკაფიო სეგმენტაციის გარეშე კი, კომპანიას ეს მოლოდინები არ ესმის. შედეგად, მენეჯმენტს უწევს, დაეყრდნოს არა რეალურ მონაცემებს, არამედ ბუნდოვან ჰიპოთეზებსა და ინტუიციას, რაც შეცდომების ალბათობას, ბუნებრივია, ზრდის.
ამ კანონზომიერების თვალსაჩინო მაგალითია კბილის პასტების გიგანტი ბრენდი „Colgate“, რომელმაც ბიზნესის გაფართოება გაყინული, მზა საკვები პროდუქტების ხაზის ჩაშვებით გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი სრულად აცდა არსებული სეგმენტის მოლოდინებსა და ბრენდის აღქმას. შესაბამისად, მან არა მხოლოდ არსებულ მომხმარებლებში, არამედ გლობალური მასშტაბით გამოიწვია გაუგებრობა და უარყოფითი რეაქცია, რამაც ეს გადაწყვეტილება ისტორიულ ფიასკოდ აქცია.
საბოლოო ჯამში, როდესაც გადაწყვეტილების მიღება სრულ ბუნდოვანებაში, ყოველგვარი ხელმოსაჭიდი საფუძვლის გარეშე ხდება, პროცესი ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის რთულდება. საყრდენის გარეშე მართვა კომპანიას არაპროგნოზირებად გარემოში ტოვებს, სადაც ლიდერები ან ძალაუფლებას კარგავენ, ან – ხარისხიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარს.
