კრიზისების უმეტესობა არაპროგნოზირებადია — ისინი ხშირად გარე ფაქტორებითაა გამოწვეული და ყოველთვის შიდა შეცდომების შედეგს არ წარმოადგენს, რის გამოც არც ერთი ორგანიზაცია არ არის დაცული მსგავსი საფრთხისგან. თუმცა, კომპანიებისთვის ბევრად უფრო სახიფათოა შიდა, მცირე დაუდევრობით პროვოცირებული კრიზისები. ეს არის შეცდომები, რომლებიც ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და ორგანიზაციას გარდაუვალ ზიანს აყენებს. ასეთი დაუდევრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ორგანიზაციის მიერ თავისი საწარმოო სიმძლავრეების – ტექნოლოგიური, თუ ადამიანური რესურსის – გამოუყენებლობა.
ამ პრობლემას, უპირველეს ყოვლისა, სამიზნე სეგმენტის ბუნდოვანება და, შესაბამისად, გაყიდვების არხების განუვითარებლობა იწვევს. როდესაც ორგანიზაციას მკაფიოდ არ აქვს განსაზღვრული სამიზნე მომხმარებელი, პროდუქციის რეალიზაციის მექანიზმებიც ქაოსურად ვითარდება და არაეფექტიანი ხდება. ეს კი, თავის მხრივ, გამორიცხავს ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების მიზნობრივ, ან შესაბამისი დატვირთვით გამოყენებას და მათ უმოქმედობას განაპირობებს. სტრატეგიული ხედვის ეს ნაკლოვანება კი პირდაპირ აფერხებს საწარმოო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებას.
სიმძლავრეების აუთვისებლობა ჯაჭვურ რეაქციას იწვევს: ერთი მხრივ, მკვეთრად მცირდება კომპანიის შემოსავლები და უარესდება საწარმოო ხარჯთეფექტიანობა, მეორე მხრივ კი, თანამშრომლებს მოტივაცია უქვეითდებათ. ეს ყოველივე, საბოლოო ჯამში, აზიანებს ორგანიზაციულ კულტურას, კომპანიას სრულ უმოქმედობაში ძირავს და, შესაძლოა, ჩამოშლამდეც კი მიიყვანოს.
