ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ როგორ არის მენეჯმენტის ყურადღება განაწილებული, ეს კი, თავის მხრივ, ორგანიზაციის საბოლოო შედეგებზე ახდენს გავლენას. ხშირად, მნიშვნელოვან საკითხებზე მენეჯმენტის ყურადღების დანაკლისი, ანუ ე.წ. ორგანიზაციული გონებაგაფანტულობა, ერთი კონკრეტული შეცდომით არის გამოწვეული: როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება არა გააზრებული ერთსულოვნებით, არამედ ერთმანეთის „ხათრით“ და ზედაპირული კომპრომისით – მმართველი გუნდის წევრები სათანადო ძალისხმევას არ დებენ საკითხების გააზრებაში, ან გარკვეული მიზეზის გამო, არ უნდათ, რომ ერთმანეთი გაანაწყენონ.
მსგავსი პრაქტიკის პირველი ნეგატიური შედეგი რესურსების გაფანტვაში ვლინდება. ვინაიდან გადაწყვეტილება ნამსჯელი და გააზრებული არაა და „ხათრით“ არის მიღებული, დანარჩენი ხელმძღვანელები მის განხორციელებას სათანადო მხარდაჭერას არ უწევენ, და საკუთარი იდეების განხორციელებაზე უფრო ხარჯავენ რესურსებს. შედეგად, მენეჯმენტის ყურადღება დეცენტრალიზებული ხდება, ორგანიზაციული რესურსები არაეფექტურად ნაწილდება, დასახული მიზნები კი მაინც მიუღწეველი რჩება.
ეს მიდგომა რაც უფრო სისტემურ ხასიათს იღებს, ორგანიზაციაც უფრო კარგავს მართვის უნარს. მენეჯმენტი ვეღარ ინარჩუნებს ობიექტურობას ვერც ახალი გადაწყვეტილებების მიღებისას, და ვერც – უკვე გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას. დროთა განმავლობაში, მსგავსი პროცესი ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების არაჯანსაღ კულტურას აყალიბებს, რაც პირდაპირ აისახება მათი შედეგების ეფექტიანობაზე.
