ბუღალტერს, საწყობის უფროსსა და მსგავს ერთეულებს, ერთი შეხედვით, მთლიანი სამუშაოს მოცულობასა თუ ორგანიზაციულ შედეგებში არსებითი წვლილი არ შეაქვთ, თუმცა, ამის მიუხედავად, მათთვის შესაბამისი სამოტივაციო სქემების არსებობას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს.
მოტივაციის სქემების არსებობა მათთვის მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ სამუშაოს მოცულობისა და დატვირთვის გაზრდის შემთხვევაში, შესაბამისი საბონუსე სქემის არარსებობამ ამ ერთეულში ბუნებრივი პროტესტი არ გამოიწვიოს. მათში ასეთი განცდის ჩამოყალიბებამ, ძალიან შეუმჩნევლად, სამუშაოს ხარისხის შემცირებასთან ერთად, შეიძლება მნიშვნელოვანი პროცესებიც შეაფერხოს.
ამავდროულად კი, სამოტივაციო სქემები აუცილებელია იმისათვის, რომ ავირიდოთ შიდა დაძაბულობა — საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილებისა და სხვების ჯიბრით, კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას იმ ერთეულებთან მიმართებით, რომლებსაც შესაბამისი საბონუსე სქემები აქვთ. საკუთარი საქმის განზრახ შეფერხებასთან ერთად, ამან მთლიანობაში ორგანიზაციის მუშაობასაც შეიძლება შეუშალოს ხელი.
