ხშირად გვესმის ხელმძღვანელებისგან თანამშრომლებთან მიმართებაში ნათქვამი: „ამაში ხომ ხელფასს იღებს, ბონუსი რაღაში უნდა გადავუხადოთ?“ თუმცა, თანამშრომელთა უმეტესობა, რომლებიც მხოლოდ ფიქსირებულ ანაზღაურებას იღებენ, როგორც წესი, მხოლოდ იმდენს მუშაობენ, რამდენიც საჭიროა, რომ სამსახური არ დაკარგონ; ქვეცნობიერად თვლიან, რომ ნაკლებად თუ დაიხარჯებიან, მაინც იმავე ანაზღაურებას მიიღებენ და ასე საკუთარ უნარებს უკეთ „გაყიდიან“.
ამავდროულად კი, ამით დისკომფორტს არ განიცდიან, რადგან დაზოგილ ყურადღებასა და ენერგიას მათთვის უფრო საინტერესო, საყვარელ საქმეს, ან ძვირფას ადამიანებს მოახმარენ.
ასე რომ, მოგვწონს ეს დამსაქმებლებს თუ არა, და მიგვაჩნია თუ არა სამართლიანად, თანამშრომელთა მოტივაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ამ მოცემულობის გათვალისწინება გაცილებით მომგებიანი იქნება.
