დღეს შრომის ბაზარზე კანდიდატები ადვილად სწავლობენ, თუ როგორ შეადგინონ რეზიუმე პროფესიონალურ დონეზე და როგორ „გაყიდონ“ საკუთარი თავი გასაუბრებაზე. ახალი თანამშრომლის აყვანისას მცდარი გადაწყვეტილების მიღება კი ორგანიზაციას დიდი ძალისხმევისა და მინიმუმ ნახევარი წლის დაკარგვის ფასად უჯდება.
ეს რისკი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება სტრატეგიული როლების დაკომპლექტებისას, ვინაიდან ამ შემთხვევაში არასწორი კადრის აყვანით მიღებული ზიანი კიდევ უფრო დიდია. სანდო რეკომენდაციის გარეშე კი უფრო რთულდება იმ პიროვნული და პროფესიული თვისებების ამოცნობა, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვაკანტური პოზიციისთვის.
იმისათვის, რომ ორგანიზაცია კანდიდატის შესაბამისობაში დარწმუნებული იყოს, სასურველია, შერჩეულ კანდიდატზე მოიძიოს მაქსიმალურად ობიექტური რეკომენდაციები, ან პირდაპირ სანდო რეკომენდატორების მეშვეობით სცადოს სწორი კანდიდატის პოვნა. ადამიანებს, რომლებიც იცნობენ პოტენციურ კანდიდატს — როგორც თანამშრომელს, როგორც დაქვემდებარებულს, ან როგორც ზემდგომს — უფრო კარგად შეუძლიათ მათი შესაძლებლობების შეფასება.
