თანამშრომლებში ინიციატივის ნაკლებობა ხშირად იმითაა გამოწვეული, რომ მათზე მხოლოდ ფუნქციები გვაქვს გადანაწილებული — ანუ მხოლოდ ის იციან, რა უნდა გააკეთონ. თუ გვინდა, რომ მათი მხრიდან მეტი ინიციატივა მოდიოდეს, ფუნქციების ნაცვლად, კონკრეტული ამოცანები უნდა დავუსახოთ, და ამით მათი გონება ამ ამოცანების გადაჭრის გზების ძიებისკენ მივმართოთ.
მაშინ, როდესაც მხოლოდ ფუნქციებს ვანაწილებთ, ინიციატივის ნაცვლად, თანამშრომლებში კითხვები იბადება. მაგალითად, ფუნქცია, რომელიც თანამშრომელს მარკეტინგის კეთებას ავალებს, მასში ბევრ კითხვას აჩენს: „რისი მარკეტინგი?“, „რომელ სეგმენტზე?“ და ა.შ.
ხოლო, როდესაც ამოცანას ვუსახავთ — მაგალითად, ვეუბნებით, რომ „გვინდა ისეთი მარკეტინგი, რომელიც გაყიდვებს 5-10%-ით გაზრდის“ — ასეთ დროს, თანამშრომელს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად იფიქროს, მოიძიოს გზები და გამოიჩინოს ყველა ის ინიციატივა, რაც ამ ამოცანის გადასაჭრელად არის საჭირო.
