პირველი პირის უშუალო დაქვემდებარებულებს შორის პასუხისმგებლობების არასწორმა განაწილებამ შესაძლოა ამ ერთეულებს შეუქმნას როგორც მოტივაცია, ისე შესაძლებლობა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირველ პირამდე რაიმე მიზეზით ან საერთოდ არ მიიტანონ, მის ასვლას ხელი შეუშალონ, ან რეგულარულად „შეალამაზონ“.
ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ერთი შუა რგოლის ხელმძღვანელი ისეთ კონფლიქტურ ამოცანებზეა პასუხისმგებელი, რომლებიც ერთმანეთის კონტროლსა და ხარვეზების დაფიქსირებას მოითხოვს; მაგალითად, გაყიდვები და მომსახურების ხარისხი, ან ხარისხის კონტროლი და ხარისხის უზრუნველყოფა. დაშვებულ შეცდომებზე რადგან ამავე ერთეულს უნდა მოეკითხოს პასუხი, ბუნებრივია, ეს ერთეული ხშირად ეცდება თავისი ხარვეზების დაფარვას, რათა საკუთარი მუშაობის ხარისხი ეჭვქვეშ არ დადგეს. შედეგად, არ არსებობს არხი, რომელიც კრიტიკულ ინფორმაციას პირველ პირამდე მიიტანს.
ამ რისკის თავიდან ასარიდებლად, პირველმა პირმა კრიტიკული ამოცანები ერთეულებს შორის ისე უნდა გაანაწილოს, (მაგ. ხარისხის უზრუნველყოფასა და ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელი ერთეულების გამიჯვნა) რომ შექმნილმა ინტერესთა კონფლიქტმა და პარალელურმა კონტროლმა, როგორც მინიმუმ, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაინც ბუნებრივად, სწრაფად და შეულამაზებლად ამოიტანოს ზემოთ.
