როდესაც პირველ პირს პირადად ექვემდებარება ძალიან ბევრი (10-12 ან მეტი) ერთეული, მისი დროის უდიდესი ნაწილი ამ ერთეულებს შორის წარმოქმნილი მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაზე იხარჯება, ისევე როგორც მათი შიდა საკითხების მოსმენასა და შეთანხმებაზე. ამის გამო ხელმძღვანელს ძალიან უჭირს ორგანიზაციის განვითარებისთვის საჭირო სტრატეგიული საკითხებისთვის დროისა და ყურადღების დათმობა.
პირველ პირთან უშუალოდ დაქვემდებარებული სამსახურები, როგორც წესი, უფრო პროდუქტიულად მუშაობენ, ვინაიდან მათზე პასუხისმგებლობის წნევაც მეტია, მეტი აქვთ ძალაუფლებაც და რესურსებზე წვდომაც. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეალობას პირველი პირები პირად მენეჯერულ უნარებს აწერენ, და იმატებენ და იმატებენ პირად დაქვემდებარებაში ახალ-ახალ „გაჭედილ“ ერთეულებს.
უშუალოდ დაქვემდებარებული ერთეულების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს როდესაც სცილდება, სიტუაცია მკვეთრად უარყოფითად იწყებს შემობრუნებას: მეტი მიმდინარე, მათ შორის სასწრაფო, საკითხი იჭედება პირველი პირის მოუცლელობის გამო. იგი საკუთარ დროს უფრო მეტად ოპერაციულ საკითხებზე ხარჯავს და მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე საფიქრალად აღარ რჩება არც დრო, არც ყურადღება და აღარც ნერვები.
ასეთ დროს, სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელი ხდება სტრუქტურაში მაღალი რანგის ხელმძღვანელების შრის შექმნა, ან ამ შრის გაფართოვება, ან ამოცანების ხელახალი გადანაწილება მათ შორის. ასეთი მოქმედებები ოპერაციულ საკითხებს ისევ ქვევით ჩაიტანს და პირველ პირს მნიშვნელოვან, სტრატეგიულ საკითხებზე ფიქრისა და მუშაობის საშუალებას მისცემს.
