ზევიდან ქვევით ჩაშლილი და ჩაშვებული გეგმებით ორგანიზაციის მართვა საშუალო და გრძელ ვადაში გეგმის ხარისხსაც ამცირებს, მიღწეულ შედეგებსაც და ორგანიზაციასაც მრავალმხრივ ზიანს აყენებს.
ზევიდან ქვევით ჩაშვებული გეგმების ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ შემსრულებლები მათზე პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. დაგეგმვის პროცესშიც ყველაფერს აკეთებენ მათ შესამცირებლად და რასაც არ უმცირებენ, იმაზეც პოზიციას წინასწარ აფიქსირებენ, რომ არ სჯერათ და არ ეთანხმებიან, რომ შესრულებადია.
ამის ნაცვლად, მნიშვნელოვანია, რომ შემსრულებელი ერთეულები საკუთარ გეგმას თვითონ ადგენდნენ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იგრძნობენ ისინი პასუხისმგებლობას შეთანხმებულ გეგმებზე, და ყველაფერს გააკეთებენ მათ შესასრულებლად.
იმისათვის, რომ დაგეგმვა ამ პრინციპით აეწყოს, მნიშვნელოვანია, პირველმა პირმა დაგეგმვის დასაწყისში ერთი ან ორი მთავარი ორიენტირი მისცეს გუნდს, ანუ ის მიზნები, რომელთა მიღწევის შემთხვევაშიც ჩაითვლება, რომ ორგანიზაციამ კარგი შედეგები დადო.
ამის შემდეგ შემსრულებლებს უნდა მიეცეთ თავისუფლება, მოამზადონ ისეთი გეგმები, რომლებიც დაძაბული, მაგრამ, მათი წარმოდგენით, შესრულებადი იქნება.
პირველმა პირმა კი მთელი ძალისხმევა მათთან აღნიშნული გეგმების ოპონირებაზე უნდა დახარჯოს, რათა განხილვისას მსჯელობით როგორც მან, ისე გეგმის ავტორებმა, გეგმები მაქსიმალურად გაუმჯობესონ და დახვეწონ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც რეალისტურად განხორციელებადი იქნება.
