ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების წარდგენა პირველი პირებისთვის ხშირად დისკომფორტთან არის დაკავშირებული, რის გამოც ამ კომუნიკაციას სხვებს ავალებენ. თუმცა, ასეთ დროს არ ითვალისწინებენ იმას, რომ კომუნიკაციის წარმატებას ყველაზე მეტად სწორედ მათი პირადი ჩართულობა განსაზღვრავს.
პირველი პირის გარეშე განხორციელებული კომუნიკაცია თანამშრომლებში გაურკვევლობას აჩენს და ცვლილების მნიშვნელობას ამცირებს. შესაბამისად, გუნდი ინიციატივას ნაკლები გულისხმიერებით ეკიდება, რის გამოც ცვლილებების დანერგვა ხშირად ზედაპირულად და უშედეგოდ მიმდინარეობს.
როდესაც პირველი პირი გუნდს თავად წარუდგენს ცვლილებებს, ინიციატივა მეტ წონას იძენს, რადგან ეს მკაფიო მანიშნებელია, რომ სიახლე პრიორიტეტულია. შედეგად, გუნდი პროცესს მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება და მის განხორციელებაშიც მეტად არის ჩართული.
