ჩვენი დაკვირვებით, ლიდერების ორი ძირითადი ტიპი არსებობს: ლიდერები, რომლებიც აშენებენ და ლიდერები, რომლებიც იბრძვიან. ორგანიზაციებისთვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ან ერთი ტიპის ლიდერი ქმნის უფრო მეტ ღირებულებას, ან მეორე.
მშენებელი ლიდერები წარმოდგენაში ხატავენ რაღაცას, რის შექმნაც უნდათ და ვერ ისვენებენ, სანამ არ შექმნიან ან ააშენებენ იმას, რაც ჩაიფიქრეს. არ აქცევენ ყურადღებას არანაირ წინააღმდეგობას. ვნებითა და შემართებით შრომობენ. წინააღმდეგობას, რასაც გზაში ხვდებიან, მომავლის ხედვით მოტივირებულები ლახავენ, ნაკლებ დროს უთმობენ მტრებს და მოწინააღმდეგეებს; შეხედავენ მათ, როგორც შეძლებენ, ისე შეებრძოლებიან, დაამარცხებენ (თუ დაამარცხებენ) და ისევ აგრძელებენ მშენებლობას.
მებრძოლი ლიდერები დიდი მშენებლები არ არიან, მაგრამ მტრების წინააღმდეგ ბრძოლა ხელოვნებამდე აქვთ აყვანილი. საიდან უნდა მოუარონ, როგორ ებრძოლონ, როგორ დაასუსტონ და გაანეიტრალონ მოწინააღმდეგე, მაგაზე ხარჯავენ უმეტეს ენერგიას და შემოქმედებით უნარებს. ასეთი ლიდერები, როდესაც მტრები არ ჰყავთ, გარემოში ეძებენ მათ, იგონებენ ან ქმნიან ამ მტრებს და იმათთან ბრძოლით არიან დაკავებული. მათთვის გადარჩენის და მოწინააღმდეგის დამარცხების ინსტიქტი უფრო მთავარია, ვიდრე შექმნისა და აშენების.
რომელ ეტაპზე როგორი ტიპის ლიდერობა სჭირდება ორგანიზაციას, იმის მიხედვით არჩევენ ლიდერებს. ერთი და იგივე ადამიანები კი თავის თავში, საჭიროებებიდან გამომდინარე, ერთი მიდგომიდან მეორე მიდგომაზე გადართვას ვერ ახერხებენ, ან მინიმუმ ძალიან უჭირთ.