პოტენციური კლიენტისთვის პროდუქტის (მომსახურების) გაცნობა და მისი მოხმარების სურვილის გაჩენა, განსაკუთრებით ახალი, შედარებით უცხო ტიპის პროდუქტების შემთხვევაში, იმაზე უკეთ არაფერს შეუძლია, როგორც თავად ამ პროდუქტს (მომსახურებას). ასე რეკლამაც უფრო იაფი დაჯდება და შედეგსაც უფრო მეტს მოიტანს.
გაასინჯე, დაურიგე, მიაჩვიე, შეაყვარე – ამაზე დახარჯული რესურსები ის ხარჯია, რომელსაც თუ სწორად გაწევ, ყველაზე კარგი ინვესტიცია შეიძლება აღმოჩნდეს საკუთარი პროდუქტების გრძელვადიან წარმატებაში.
როგორი მაგარი რეკლამაც არ უნდა გადაიღო, როგორი კარგი სტატიაც არ უნდა დაწერო იმაზე, თუ რა განსაკუთრებულია შენი პროდუქტი, რა არის მისი უპირატესობა, რით გასხვავდება კონკურენტებისგან და ა.შ. არ იქნება იმაზე ეფექტური, თუ სწორ მომხმარებელს სწორად გაასინჯებ მას, საშუალებას მისცემ და ცოტას დაეხმარები კიდეც, რომ მერე თვითონ გააკეთოს დანარჩენი საქმე პროდუქტის შემდგომი რეკლამირებისთვის.
ინფლუენსერებთან მუშაობა, „პრომოების“ დახმარებით მაღაზიებში დეგუსტაციების მოწყობა და მსგავსი საპრომოციო სამუშაოები ამ მიდგომის ნაირსახეობებია და საკმაოდ აქტიურადაც გამოიყენება წარმატებულ მარკეტინგულ კამპანიებში. თუმცა პროდუქტების საკუთარი რეკლამისთვის გამოყენების მასშტაბი მაინც არ არის იმხელა და ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც უნდა იყოს წესით მისი ეფექტიდან, მნიშვნელობიდან და ამასთან დაკავშირებული დანახარჯების სიმცირიდან გამომდინარე, ყველა დანარჩენ საპრომოციო ღონისძიებასთან შედარებით.
პროდუქტების (განსაკუთრებით, ახალი პროდუქტების) ეფექტიანი რეკლამირება თავად ამ პროდუქტების გამოყენებით რთული მმართველობითი ამოცანაა. ვის უნდა გაასინჯო, როგორ უნდა გააკეთო ეს ყველაზე ეფექტურად და როგორ შეუწყო მერე იმათ ხელი, რომ თვითონ გაავრცელონ დადებითი ემოცია შენს პროდუქტებთან დაკავშირებით, ამ საკითხების გააზრებას და კარგად დაგეგმვას სპეციალური მიდგომებით სჭირდება მუშაობა. შესაბამისად, უმჯობესია თუ ამ სამუშაოს შესრულებაში სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანები იქნებიან ჩართული.