წამყვანი ბანკების ზურგში მომუშავე თანამშრომლები უფრო და უფრო აქტიურად წავლენ უცხოეთში სამუშაოდ ან სასწავლებლად, ან შედარებით პატარა ზომის კონკურენტებთან უკეთეს პოზიციებზე გადავლენ, ხოლო კლიენტებთან მომუშავე თანამშრომლებს სულ უფრო ადვილად წაიყვანენ თავად კლიენტები.
მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ წამყვანი ბანკები დღეს ყველაზე კარგად ავითარებენ კადრებს, არამედ იმიტომაც რომ მაღალი და საშუალო და დაბალი რანგის თანამშრომლებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ჯამურ წლიურ ანაზღაურებაში.
მეორე მხრივ, რატომ უნდა იყოს ეს პრობლემური? მენეჯმენტმა მოახერხა და კომპენსაციის კარგი სქემები შეათანხმა სამეთვალყურეო საბჭოებთან. კარგად იმუშავეს და, შესაბამისად, შეთანხმებული სქემით დაიმსახურეს კიდეც ის, რასაც იღებენ. ერთი შეხედვით, ყველაფერი სამართლიანადაა.
მაგრამ თანამშრომლები, რომლებიც ამას ხედავენ, თვლიან, რომ შედეგში მათაც მიუძღვით გარკვეული წილი – არც ისე მცირე. მათი ანაზღაურება საბაზროსთან შედარებით შესაძლოა მაღალიც კია, მაგრამ არასამართლიანად დაბალია, ბანკის მოგების გათვალისწინებით და ხელმძღვანელების ანაზღაურებასთან შედარებით.
ამასთან, ინფორმირებული თანამშრომლების აზრით, მენეჯმენტის შეფასების ინდიკატორები ისეა დადგენილი, რომ ისინი მოგებას, და შესაბამისად არც საკუთარ ბონუსებს, არ შეამცირებენ თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდის ხარჯზე; ეს კი მათ გულისწყრომას და წასვლის სურვილს კიდევ უფრო აძლიერებს.
შრომის ანაზღაურების სისტემა ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ის არა მარტო საბაზროს შესაბამის კომპენსაციას უზრუნველყოფდეს, არამედ სამართლიანიც იყოს თანამშრომლების უდიდესი ნაწილის აღქმაში.
