როდესაც ადამიანს თავის თავზე ძალიან დიდი წარმოადგენა აქვს, მას კითხვების დასმაც უჭირს, დახმარების თხოვნაც, და რასაც ვერ ხვდება, ყველაფერი არასწორი ჰგონია. შენიშვნების, კრიტიკის და რჩევების მიღებაც არ შეუძლია, რაც ძალიან ურთულებს სწავლასაც, განვითარებასაც და, შესაბამისად, წარმატების მიღწევასაც.
ამას ისიც ემატება, რომ ასეთ ადამიანებთან მუშაობა და ურთიერთობა თითქმის არავისთვის არ არის ადვილი და სასიამოვნო, რაც წარმატების მიღწევას კიდევ უფრო ართულებს.
მაშინ როდესაც ადამიანი, რომელსაც თავის შესაძლებლობებზე შედარებით ნაკლები წარმოდგენა აქვს, ბევრად უფრო გახსნილია სწავლისთვის, ინფორმაციის მიღებისთვის; რასაც ვერ ხვდება, პირდაპირ შეცდომად არ თვლის, უშვებს, რომ შეიძლება ასეც იყოს და უფრო მონდომებით იწყებს გამოკვლევას. კითხვების დასმაც არ უჭირს და როცა რაღაცას ვერ აკეთებს, არც დახმარების თხოვნაა მისთვის რთული.
შესაბამისად, ასეთი ადამიანი ბევრად სწრაფად სწავლობს, ვითარდება, მასთან ურთიერთობაც ბევრად მარტივი და სასიამოვნოა გარშემომყოფებისთვის და წარმატებასაც ბევრად ადვილად აღწევს.
„სინერჯი ჯგუფში“ დაარსების დღიდან ადამიანებს ინტელექტის დონის მიხედვით ვარჩევთ, შესაბამისად, ვისაც ჩვენთან უმუშავია, ყველა ჭკვიანია. მაგრამ ჩვენი არსებობის თითქმის ოცდაათწლიანი გამოცდილება ცხადად აჩვენებს, რომ წარმატებას ისინი უფრო აღწევენ, ვისაც საკუთარ ინტელექტზე ნაკლები წარმოდგენა აქვს, ვიდრე ისინი, ვისაც თავი იმაზე ჭკვიანი ჰგონიათ, ვიდრე სინამდვილეში არიან.
