წარმოებებში ხშირად ხარისხის უზრუნველყოფას ხარისხის კონტროლში ურევენ, ხარისხის განვითარების ამოცანას კი საერთოდ არ ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებელი – ხან ვის აძლევენ ამ დავალებებს, ხან ვის, ძირითადად, ადამიანების უნარებიდან გამომდინარე. არადა, ხარისხის კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფა და ხარისხის განვითარება არათუ სხვადასხვა ამოცანებია არამედ ურთიერთკონფლიქტურიც. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს ორგანზიაციისთვის შესაძლებელია, სასურველია, ისინი ერთმანეთისგან გამიჯნოს.
ხარისხის უზრუნველყოფა იმაზე ზრუნავს, რომ ისე მართოს წარმოების პროცესი, რომ თითოეული პროდუქტი სტანდარტების შესაბამისი გამოვიდეს. რაც ოპერაციული მმართველობითი ამოცანაა და იმ სიმძლავრეების, ცვლების, ნედლეულის და სხვა რესურსების მიმდინარე მართვას გულისხმობს, რომელიც პროდუქტს ქმნის.
ხარისხის კონტროლი არ ერევა წარმოების პროცესში, არ ცვლის არაფერს მასში, უბრალოდ აკვირდება პროდუქტის შექმნის პროცესს, პროდუქტის ხარისხს მისი შექმნისა და მიწოდების სხვადასხვა ეტაპზე და ნედლეულის შემოტანა-შენახვას – ასევე სხვადასხვა ეტაპზე. მისი ამოცანაა, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოს ყველა ფაქტი, რომელსაც შეუძლია კლიენტამდე არასწორი პროდუქტის მიტანა გამოიწვიოს და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის სამსახურებს. ამის გამო, ეს ამოცანა ხარისხის უზრუნველყოფის ამოცანასთან კონფლიქტურ ურთიერთობაშია.
რაც შეეხება ხარიხის განვითარებას, ის ერევა საწარმოო პროცესში, წარმოების სიმძლავრეებში, ნედლეულის შეძენისა და მოძრაობა/შენახვის საკითხებში და ცდილობს გააუმჯობესოს ყოველდღიურად ნაწარმოები პროდუქტის ხარისხი. სადაც ის კონტროლის ამოცანას შეითავსებს, თავის თავში არსებულ პრობლემებს ვეღარ აღმოაჩენს, ხოლო სადაც კონტროლი ჩაერევა განვითარებაში, კონტროლის ამოცანის ობიექტურად გადაწყვეტას ვეღარ შეძლებს. უზრუნველყოფის ამოცანასთან ერთად კი, ყოველთვის მეორე ხარისხოვანი ამოცანა იქნება და მასზე საკმარისი ყურადღების დათმობა ძნელი იქნება.
საწარმოო მანქანა-დანადგარების ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა კიდევ ერთი, საერთოდ სხვა ამოცანაა, რომელიც ამ ამოცანების პარალელურად არსებობს და მას კიდევ განყენებული ყურადღება და მუშაობა სჭირდება.
„სინერჯი ჯგუფი“ ორგანიზაციებს რთული მმართველობითი, სტრატეგიული და ორგანიზაციული ამოცანების შესწავლაში, დამუშავებასა და გადაწყვეტაში ეხმარება.
