ბევრი ორგანიზაცია ვერ ახერხებს შიდა კორუფციასთან ეფექტურად ბრძოლას. ყველასათვის ცნობილია, რომ ძალიან ხშირად, ამა თუ იმ მომწოდებლის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის უკან კონკრეტული ფიზიკური პირების ფინანსური დაინტერესება დგას. ამ პრობლემის გამო, ბევრი კომპანია მარჟების არაერთ პროცენტს კარგავს და, გარკვეულ შემთხვევებში, ზარალზეც კი გადის.
პრობლემა, თითქმის ყოველთვის, არასწორად წარმოებულ შესყიდვებშია: ან შესყიდულის საჭიროება არ იყო, ან სხვა პრიორიტეტი ჰქონდა ორგანიზაციას და სხვა რამ იყიდა, ან პროცესი იყო არასწორი, ან მომწოდებელი შეირჩა არაობიექტურად, ან ფასი იყო იმაზე მაღალი ვიდრე შეიძლებოდა… ძირითადად, სწორედ ამ საკითხებზეა დაკლებული ყურადღება, გამოჩენილია ანგარება, ან მინიმუმ გულგრილობა, და სწორედ ამას უფასებენ მომწოდებლები ორგანიზაციაში მათ „პარტნიორებს“.
შიდა კორუფციასთან საბრძოლველად შესყიდვების ანალიზის ფუნქციის გაძლიერება არის საჭირო. ორგანიზაციაში უნდა არსებობდეს ერთეული, რომელიც იკვლევს კონკრეტულ შესყიდვებს, რომლებსაც წინასწარ განსაზღვრული ლოგიკით უნდა არჩევდეს. სწავლობდეს, რამდენად იყო სინამდვილეში შესყიდვის საჭიროება, რამდენად სწორად დადგინდა სპეციფიკა, სამართლიანად გამოვლინდა თუ არა მომწოდებელი, და საფასო პირობებში არსებული რეზერვები ბოლომდე იქნა თუ არა გამოყენებული.
თუ ამ ფუნქციას ვინმე შეასრულებს, პერიოდულად აიღებს კონკრეტულ შესყიდვებს და გააანალიზებს, ამას, ძირითადი დანიშნულების გარდა, მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტიც ექნება. ადამიანები გაცილებით მეტს იფიქრებენ, ვიდრე კონკრეტულ მომწოდებელთან შევლენ გარიგებაში და სხვა მხრივაც ბევრად უფრო მეტი ყურადღებით იქნებიან შესყიდვების ოპერაციებისას.
შესყიდვების ანალიზის ფუნქციის განვითარებისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა ალტერნატიული ექსპერტიზის მოძიების უნარის გამომუშავება. აღნიშნულმა შესაძლებელი უნდა გახადოს როგორც შესყიდვის გადაწყვეტილების ეფექტიანობის, ისე მომწოდებლის სწორად შერჩევის, ან გადახდილი ფასის გონივრულობის კვალიფიციური შეფასება შესყიდვების რაც შეიძლება მეტი კატეგორიისთვის.
