ორგანიზაციისთვის არასასურველ შედეგებს ბევრი ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, შიდა გარემოში არსებული არაჯანსაღი განწყობა ამის ერთ-ერთი დიდი მიზეზია. თანამშრომლებს შორის სწორი განწყობის ჩამოყალიბება ყველაზე ეფექტურად, მინიმალური რესურსის დახარჯვით, განვითარების შეხვედრების რეგულარულად ჩატარებამ შეიძლება შეძლოს.
განვითარების შეხვედრებზე განიხილება ყველა ის საკითხი, რაც ორგანიზაციის მომავალს და ზრდას შეეხება. მასში მონაწილეობის მიღება კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანს შეუძლია.
ეს შეხვედრები თავდაპირველად შესაძლოა საოპერაციო საქმიანობასა და მიმდინარე საკითხებზე მსჯელობით დაიწყოს. თუმცა, დრო გავა და ნელ-ნელა სასარგებლო ინიციატივებიც გაჩნდება; თანამშრომლები შეამჩნევენ ორგანიზაციის განახლებულ დინამიკას და ამჯერად კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება მოტივირებული, რომ საკუთარ გადატვირთულ გრაფიკში ჩაგდებული თითოეული თავისუფალი წუთი ორგანიზაციის კეთილდღეობაზე ფიქრს დაუთმოს.
რეგულარულად ჩატარებული განვითარების შეხვედრები თანამშრომლებს ორგანიზაციის მართვაში თანამონაწილეობას ასწავლის. ეს მათ ყოველდღიურ საქმიანობას მეტად მნიშვნელოვანს და მიზანსწრაფულს გახდის, შედეგად, საოპერაციო საქმიანობაში ჩაფლული კომპანია ჯერ ფიქრს, შემდეგ კი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.
