ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



  • თარიღი: February 27, 2018
  • კატეგორია: ლიდერობა
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,596-ჯერ

ჯერ მარტომ მიაღწიე რამე წარმატებას და მერე დანარჩენებიც გამოგყვებიან

როცა ადამიანები არ მოგყვებიან, ეგ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათ შენი წარმატების ან შენთან ერთად წარმატების მიღწევის არ სჯერათ. წარუმატებლობის ნაწილად ყოფნა კი არავის არ სურს.

ასეთ დროს, თანამშრომლებისთვის ისევ დავალებების მიცემას და რაღაცების გაკეთების დაძალებას აზრი აღარ აქვს. სჯობს წახვიდე და პირველი წარმატების მიღწევას შენი უშუალო ჩართულობით ან სულაც მხოლოდ საკუთარი ძალებით შეეცადო.

ამის მერე კი მიუბრუნდე ადამიანებს და ნელ-ნელა შესთავაზო მათ, გახდნენ შენი წარმატების თანამონაწილე. მარტო რაც უფრი დიდი წარმატებების მიღწევას შეძლებ, მით უფრი მეტი ადამიანი და უფრო მალე გამოგყვება.

ხელმძღვანელების ნაწილი მათ წარუმატებლობას და უმოქმედობას იმას აბრალებს, რომ არავის მათ გარშემო არ სჯერა, არ სურს ან არ შეუძლია წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. ამ მიზეზით ხელმძღვანელის უმოქმედობა არა მისი თანამშრომლების, არამედ მხოლოდ მის სისუსტედ შეიძლება ჩაითვალოს.

არ გვინდოდეს “ერთი და ნაღდი”

ერთი კლიენტი, რომელიც ჩვენი შემოსავლების დიდ ნაწილს გვიგენერირებს, ერთი მომწოდებელი, რომელიც ძირითადად გვაწვდის ჩვენი საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო პროდუქციას/მომსახურებას, თანამშრომელი, რომელიც დებს ძირითად შედეგს, არ გვინდოდეს.

ასეთ დროს ჩვენი დამოკიდებულება იზრდება ამ პირზე, მისი მოქმედება ხდება ჩვენი წარმატების თუ წარუმატებლობის საზომი, მისი მოტივები ხდება უფრო გადამწყვეტი, ვიდრე ორგანიზაციის დანიშნულება და მიზნები. დამოკიდებულების განცდა კი თავის მხრივ ადამიანებში აგრესიას აღვივებს და ერთხელაც აუცილებლად იწვევს კრიზისს ურთიერთობებში.

როცა ასეთ მდგომარეობაში ვართ, იმაზე კიარ ვიზრუნოთ, როგორ უფრო გავუფრთხილდეთ ასეთ კლიენტს/მომწოდებელს/თანამშრომელს, რომ დიდხანს გვყავდეს, ველოლიავოთ და ამით მასზე დამოკიდებულება და ამით გამოწვეული რისკები კიდევ უფრო გავიზარდოთ. არამედ ჩვენი დრო და რესურსები დავხარჯოთ იმაზე, თუ როგორ გავამრავლოთ სწრაფად ასეთი კლიენტების/მომწოდებლების/თანამშრომლების რიცხვი.

როდესაც ვცდილობთ აუცილებლად ჩვენ გავაკეთოთ

ხელმძღვანელების ნაწილი, იმას რაშიც კარგად ვერკვევით და კარგადაც გამოგვდის, ვცდილობთ გაუთავებლად ჩვენ თვითონ ვაკეთოთ, არც ვაცლით არავის ამის კეთებას და არც ვასწავლით.

თუ იმას, რაც ყველაზე კარგად ვიცით და შეგვიძლია, და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანიც არის ორგანიზაციისთვის მუდმივად ჩვენით კი არ გავაკეთებთ, არამედ სხვას გავაკეთებინებთ, მაქსიმალურად დავეხმარებით ამაში და წარმატებასაც იმ ადამიანს მივაწერთ, გაცილებით მაგარი შედეგები შეიძლება მივიღოთ.

პირველ შემთხვევაში ჩვენ დიდხანს მოგვიწევს პირადად იგივეს კეთება. ასე ვერც განვვითარდებით, დავიღლებით კიდეც და მოგვწყინდება. ორგანიზაციაც სულ უფრო მიგვიჯაჭვავს და იძულებულს გაგვხდის ერთი და იგივე გაუთავებლად, ისევ და ისევ ვაკეთოთ. საქმეც დიდი ალბათობით სულ უფრო და უფრო უარესად გაკეთდება.

მეორე შემთხვევაში ჩვენს გვერდით ადამიანები გაიზრდებიან. მეტი მოტივაცია და პასუხისმგებლობა ექნებათ. საქმეც უფრო კარგად გაკეთდება ნელ-ნელა, თანაც უჩვენოდ და ჩვენც მეტი საშუალება გვექნება ახალი რაღაცების გაკეთება ვცადოთ, რამე ახალი ვისწავლოთ და განვვითარდეთ.

როდესაც განსაკუთრებით გვიჭირს სირთულეებთან გამკლავება

სასიამოვნო პროცესი იშვიათად იძლევა გამორჩეულად ღირებული შედეგების მიღების შესაძლებლობას. პროფესიონალიზმი, თვითშეფასება, თავდაჯერებულობა, გამოცდილება უფრო სწრაფად და უფრო სტაბილურად შეცდომებით, დამარცხებებით, ტკივილით და გაჭირვებით მოდის.

თუ ასეთ სირთულეებს სიხარულით შევხვდებით და ჩვენ თავს წარმოვიდგენთ როგორები გავხდებით ეს სირთულეები როცა გადაივლის, გაცილებით ადვილი გახდება პრობლემებთან და სირთულეებთან ბრძოლა.

 

 

ხანდახან შემოსავლების ზრდას ყველაზე მეტად სწორედ შემოსავლებისკენ სწრაფვა უშლის ხელს

ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც საკუთარი დანიშნულება კარგად ესმით და თანმიმდევრულად და ორგანიზებულად ცდილობენ მის შესრულებას, გაცილებით დიდ მასშტაბებს აღწევენ საქმიანობაში და შემოსავლებსაც გაცილებით უფრო მეტს იღებენ აქედან. განსხვავებით იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც უმთავრეს მიზნად სწორედ შემოსავლების მიღებას ისახავენ და რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ ამისთვის.

ის, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ მეტი შემოსავალი მიიღოს, უარს არ ამბობს არცერთი შესაძლებლობის გამოყენებაზე ამისთვის. საქმიანობის სფეროებს ხშირად იცვლის, შედეგად ვერც კომპეტენციების და გამოცდილების დაგროვებას ახერხებს, ვერც საჭირო კავშირების ჩამოყალიბებას კლიენტებთან, მომწოდებლებთან. ამით ვერც ბრენდს აძლევს საშუალებას სწორი მიმართულებით განვითარდეს და დაეხმაროს ბიზნესის ზრდას.

შედეგად ლიმიტირებული ხდება გრძელვადიან პერსპექტივაში საქმიანობის მასშტაბის და შესაბამისად თვითონ შემოსავლების გაზრდაც.

 

  • თარიღი: February 20, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 1,559-ჯერ

თუ გინდა, რომ თანამშრომლებმა მართლა მოინდომონ აქციონერების გამდიდრება, ისინი ან აქციონერებად უნდა აქციო ან..

ბევრ დამფუძნებელს ძალიან სწყდება გული იმის გამო, რომ დაქირავებული თანამშრომლები გადახდილი ხელფასის მიუხედავად ძალიან დიდი მონდომებით არ ცდილობენ აქციონერებისთვის რაც შეიძლება მეტი სარგებელი შექმნან.

რაოდენ სამწუხაროც და გულდასაწყვეტიც არ უნდა იყოს ადამიანების უდიდეს ნაწილს აქციონერების გამდიდრების იდეა სულაც არ ამოტივირებს. მათ საკუთარი სწავლა- განვითარება, საკუთარი პრემია, კარიერის განვითარება და საზოგადოებრივი სარგებლის შექმნაც გაცილებით მეტად ამოძრავებთ.

ამიტომ, თუ მეტად მოტივირებული თანამშრომლები გვინდა რომ გვყავდეს ისინი აქციონერებად უნდა ვაქციოთ ან ისეთი ამოცანები დავუსახოთ და ისეთი მოტივაციის სისტემები შევქმნათ, რომ მათი გადაწყვეტისას თან გაიზარდონ, განვითარდნენ, ისიამოვნონ და მეტი საზოგადოებრივი სარგებელი შექმნან. ამის პარალელურად მიიღოს მეტი მოგება ორგანიზაციამ და დივიდენდები აქციონერებმაც.

ნუ მივაჩერდებით ქვიშის გორას დაჟინებული მზერით

ხანდახან იმის ნაცვლად, რომ დაჟინებული ყურებით ვცადოთ ქვიშის გორა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადავიტანოთ, ჯობს მივიდეთ მასთან და პეშვებით დავიწყოთ მისი გადატანა სასურველ ადგილას.

მოქმედება გამოცდილებასაც შეგვძენს, სამუშაოს დაჩქარების გზებსაც მალე დაგვანახებს და თანამოაზრეებსაც უფრო ადვილად გაგვიჩენს.

მაშინ, როდესაც ხშირად მხოლოდ ფიქრს და მხოლოდ დაჟინებულ ყურებას არაფერი კონკრეტული შედეგის მოტანა არ შეუძლია და ქმედების გარეშე მხოლოდ დრო შეიძლება დაგვაკარგინოს.

თანამშრომლების შექება რომ შეგვძლებოდა

არავინ თქვას, რომ ადამიანები გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ნაკლებად მგრძნობიარეები ხდებიან შექებაზე. არ არსებობს ადამიანი, რომელიც შესაბამისი ადამიანის მხრიდან, სწორ დროს, სწორად გამოთქმულ გულიდან წამოსულ შექებაზე არ რეაგირებდეს, არ ინთებოდეს და თავის თავში ახალ ძალებს არ პოულობდეს. ეს მიუხედავად იმისა, როგორი დაღლილიც, დემოტივირებულიც, მხოლოდ მატერიალურ საზღაურზე ორიენტირებულიც არ უნდა გვეჩვენებოდნენ ისინი.

უბრალოდ ხელმძღვანელების უდიდეს ნაწილს არ გვიყვარს, არ შეგვიძლია, არ ვიცით როგორ და როდის შევაქოთ თანამშრომლები, რის გამოც ძალიან ბევრ შესაძლებლობებს ვკარგავთ ვიმუშაოთ უფრო კარგ გარემოში, უფრო მოტივირებულ გუნდთან და უფრო მეტ და უფრო კარგ შედეგებსაც მივაღწიოთ.

რა შესაძლებლობას ვკარგავთ, როცა შიგნიდან არ ვაწინაურებთ

გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ვაკანტური პოზიციების დაკომპლექტებას ძირითადად გარედან ცდილობენ. “ახალი სისხლი”, “ახალი ხედვა”, “ახალი სუნთქვა” – ამგვარი განმარტებებიც მოჰყავთ ხოლმე არგუმენტებად. და მიუხედავად იმისა, რომ გარედან მოსულს არც ისე კარგად ვიცნობთ, არ ვიცით მისი შესაძლებლობები, უფრო მეტი მოლოდინები გვაქვს და უფრო იდეალურ კანდიდატად გვეჩვენება. ამ ინსაითში მინდა შეგახსენოთ რა შესაძლებლობებს ვკარგავთ, როცა ვაკანტურ პოზიციებზე პირველ რიგში ორგანიზაციის შიგნიდან არ ვცდილობთ დაწინაურებას:

  • ნდობის გამოცხადებით მოტივაცია გაგვეზარდა რომელიმე არსებული თანამშრომლისთვის, რომელსაც კომპანიის მიმართ პასუხისმგებლობა და ლოიალობა გაუათმაგდებოდა;
  • ორგანიზაციის კულტურის, გარემოს, მისი გამოწვევების ცოდნის გამო სწრაფი ადაპტაციით შედეგები გაცილებით მალე მიგვეღო, ვიდრე ამას ახალ-მოსული შეძლებდა;
  • სხვა თანამშრომლების მოტივაცია და რწმენა გაგვეზარდა ამგვარი ფაქტებით, რომ მათი მუშაობა ფასდება და დაწინაურების შესაძლებლობა ყველას მიეცემა.

უბრალოდ უნდა დავიჯეროთ, რომ ორგანიზაციის შიგნითაც შეიძლება გვყავდეს სასურველი ადამიანი, რომელსაც ასე გამეტებით ვეძებთ ხოლმე გარეთ.

არავინ წავიდეს უშენოდ

თუ ხელმძღვანელი მეტ თავისუფლებას მიანიჭებს თანამშრომლებს ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცესში და მისცემს საშუალებას მათ მიიღონ გადაწყვეტილება თუ ვინ აიყვანონ, სამაგიეროთ არავის არ გაუშვებს სამსახურიდან ისე, რომ 10-15 წუთი მაინც არ გაესაუბროს შესაძლო წასვლის ან გაშვების მიზეზებზე, იმ გარემოებებზე რამაც საქმე აქამდე მიიყვანა გაცილებით ძლიერი გუნდი შეიკვრება და გაცილებით ჯანსაღიც იქნება გარემო.

თანამშრომელი რომელიც მიდის, ან რომლის გაშვებასაც ხელმძღვანელს ამა თუ იმ მიზეზით სთხოვენ ძალიან ღირებული ინფორმაციის წყარო შეიძლება აღმოჩნდეს, იმ პრობლემებზე რომელიც ორგანიზაციაში არსებობს და იმ მიზეზებზეც რაც ამ პრობლემებს იწვევს. ამ ადამიანებთან გასაუბრება ხელმძღვანელს საშუალებას აძლევს არ დაუშვას არ წასასვლელი თანამშრომლების წასვლა, გაიგოს უფრო მეტი თავისი ორგანიზაციის შესახებ და წასულები კი ბევრად დადებითად განაწყოს მისი და ორგანიზაციის მიმართ.

ხელმძღვანელების დიდი ნაწილი კი ამას ასე არ აკეთებს, ისინი ცდილობენ თვითონ ჩაერთონ ყველა თანამშრომლის აყვანის პროცესში, მაგრამ მათ წასვლისას ან გაშვებისას ძალიან ენანებათ მათთან საუბრისთვისთვის თუნდაც რამოდენიმე წუთის გამონახვა.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება