ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ადამიანების უმეტესობას არ უყვარს თავისი სამსახური

სამწუხაროდ, ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ ამას და შესაძლოა ვცდები, ადამიანების დიდ ნაწილს თავისი სამსახური არ უყვარს. ამის მიზეზი ხშირად ის ადამიანებია, ვინც მათ მართავენ და ის მეთოდები, რომლითაც მართავენ. ამის გამო უამრავი ორგანიზაცია ძალიან ძალიან ბევრ შესაძლებლობას კარგავს. ეს ეხება როგორც რიგით თანამშრომლებს, რომლებსაც მათი უშუალო ხელმძღვანელი და მისი მართვის მეთოდები არ მოსწონთ, ისე თვითონ ამ შუა რგოლის ხელმძღვანელებსაც.

თუ უმაღლესი რგოლის მენეჯერები ცოტა მეტს ვიფიქრებთ იმაზე, როგორ გავხადოთ თანამშრომლებისთვის უფრო სასიამოვნო მართვის მეთოდები, გარემო კი მათთვის უფრო ნაკლებად სტრესული და გამაღიზიანებელი, როვორ მივაღწიოთ იმას, რომ მათ სამსახურში სიარული და მუშაობა ცოტა უფრო და უფრო მეტად უხაროდეთ – მეტი ადამიანი მეტად შეიყვარებდა სამსახურს და მეტ საქმესაც გააკეთებდნენ ალბათ.

ხელმძღვანელის პრიორიტეტები განსხვავდება ორგანიზაციის პრიორიტეტებისგან

ხელმძღვანელის პრიორიტეტი ის კი არ არის, რაც ორგანიზაციის პრიორიტეტია, არამედ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მის გუნდს, მის თანამშრომლებს ცხადი წარმოდგენა ჰქონდეთ რა არის მათი ამოცანები, ჰქონდეთ იმის შესაბამისი ძალაუფლება და საკმარისი მოტივები, რომ ორგანიზაციის პრიორიტეტებს ყოველდღიურად ემსახურონ და, რაც მთავარია, სიხარულით აკეთებდნენ რასაც აკეთებენ.

თუ ხელმძღვანელი გააიგივებს ორგანიზაციის პრიორიტეტებს საკუთარ პრიორიტეტებთან დიდია იმის ალბათობა, რომ ის ამ ამოცანების გადაწყვეტას პირდაპირ და პირადად შეუდგება, გუნდს გაასწრებს, მარტო იქნება, შორსაც ვერ წავა და ძალიანაც დაიღლება. მაგის გარდა სულ ნაწყენი და გაბრაზებული იქნება სხვებზე იმის გამო, რომ სათანადოდ ვერ ეხმარებიან.

სად გადის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი

შესაძლებლობების ზღვარზე ცხოვრება და მუშაობა ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ვიცოდეთ სად გადის ის, მუდმივად ვგრძნობდეთ თამასას, რომელზე ზემოთაც იმ მომენტში ახტომა არ შეგვიძლია. სწორედ ამ ზღვრის ცოდნა გვეხმარება ნელ-ნელა ეს თამასა ზევით და ზევით ავწიოთ და უფრო მეტის და მეტის გაკეთება შევძლოთ.

შესაძლებლობების ზღვარზე ცხოვრება და მუშაობა გვეხმარება დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ ცხოვრებაში. ეს კი ალბათ ძალიან აადვილებს სიბერეს.

თუ დაიჯერებ, რომ შენი გახარება სხვისი გახარებით მიიღწევა, მაშინ ყოველთვის შეგიძლია იყო გახარებული

არავინ იქნება გამონაკლისი, ვისაც უნებლიედ თუ დაგეგმილად სხვისთვის გაკეთებულ პატარა სიკეთეს, დახმარებას, ან უბრალოდ სხვის გაღიმებას, მასშივე არ გამოეწვიოს თუნდაც პატარა სიხარული. ეს ესეა ყოველთვის. და ხშირად არც ისე დიდი საქმის გაკეთება არაა საჭირო ვინმესთვის, მისი გახარება რომ მოახერხო, გაღიმება მაინც. ეს ნიშნავს, რომ შენ თვითონ ადამიანი, ყოველთვის შეგიძლია იყო გახარებული, სულ პატარას თუ გააკეთებ სხვისთვის.

  • თარიღი: June 7, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,080-ჯერ

ადამიანები ვართ ის, რა გამოცდილებასაც ვაგროვებთ

რაზე ფიქრს, რაზე მოქმედებას, ვისთან შეხვედრებს, საუბრებს ვახარჯავთ ჩვენს დროს, ჩვენც იმ დაგროვილ გამოცდილებას ვემსგავსებით, ჩვენი აზროვნებით, მიღწეული შედეგებით, ემოციური განწყობებით, ჩვევებით და ფიზიკურადაც კი რაღაცნაირად.

და როცა რაღაცა არ მოგვწონს ჩვენს თავში, გამოსწორებისთვის უფრო ეფექტურია დავფიქრდეთ ყოველდღიურად რაზე ვხარჯავთ დროს, ფიქრით რაზე ვფიქრობთ ხოლმე, კეთებით რას ვაკეთებთ, ვისთან ერთად, ვის ვხვდებით და რაზე ვესაუბრებით, რას ვკითხულობთ ხოლმე, რას ვუყურებთ და ა.შ. ამაში ცვლილების შეტანა არასდროს არის გვიან და შეიძლება უფრო მარტივი იყოს, სამაგიეროდ, დაგვეხმარება ჩვენში შევცვალოთ რაღაც.

მომხმარებლების უმეტესობას აქვს სურვილი დაგვეხმაროს, მათვე მოვემსახუროთ უკეთესად

თითქმის ყველა მომხმარებელს, თუ მათ ამის საშუალებას მივცემთ, აქვთ სურვილი დაგვეხმარონ უკეთესად მოვემსახუროთ, ან მათთვის უფრო ხელსაყრელი და სასურველი პროდუქტი გვქონდეს. არადა ჩვენთვისაც, ვინც ამ პროდუქტს ან მომსახურებას ვქმნით ან ვყიდით ოქროს ფასი აქვს მომხმარებლის მხრიდან თუნდაც მინიშნებას, რა შევცვალოთ, რა გავაუმჯობესოთ ამისთვის.

ორგანიზაციების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ მომხმარებლის ამ მზაობის, უდიდესი რესურსის სწორად გამოყენებას, რის გამოც ბევრ შესაძლებლობას ვკარგავთ. ის, ვინც მეტად რთავს მათ, როგორც პროდუქტის, ისე მომსახურების განვითარების პროცესში, გაცილებით დიდ წარმატებებს აღწევს.

ხშირად მოაყოლეთ თანამშრომლებს მათი გეგმები

როგორც ცნობილია ადამიანებს მოყოლა ძალიან ეხმარებათ, რომ საკუთარი ამოცანა, მიზნები, მუშაობის მიდგომები უკეთესად გაიაზრონ. ამიტომ თანამშრომლებს როგორც შევძლებთ ხშირად ვკითხოთ, რას აპირებენ იმისთვის, რომ მათი საქმიანობა უფრო ეფექტიანი და შედეგიანი  გახადონ, რა გეგმები აქვთ ამ მიმართულებით, მათ უფრო გააზრებული, ჩამოყალიბებული და თანმიმდევრული მოქმედებები ექნებათ. მოტივაციაც მეტი ექნებათ მუშაობისთვის და პასუხისმგებლობასაც მეტად იგრძნობენ როგორც ამ გეგმების გააზრების, ისე მათი განხორციელების ნაწილში.

ადამიანის და ორგანიზაციის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწორ მიზანს დაისახავს

კონკურენტიდან თუ ერთი იმას დაისახავს მიზნად, რომ რაც შეიძლება დიდი მოგება მიიღოს წელს, მეორე იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი მომხმარებელი მოიზიდოს, ხოლო მესამე იმაზე დაკონცენტრირდება განსაკუთრებით, რომ არსებული მომხმარებლები ჰყავდეს მაქსიმალურად კმაყოფილი, შესაძლოა ერთი და იგივე რაღაცებიც ბევრი გააკეთონ, მაგრამ სულ სხვადასხვანაირად გააკეთებენ ყველაფერს სავარაუდოდ. შედეგებიც ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ექნებათ.

მიზნის დასახვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია რას დავისახავთ მიზნად, იმისთვის, რომ ძალისხმევა და რესურსები ფუჭად და ორგანიზაციის საზიანოდ არ დავხარჯოთ.

მომგებიანობის უწყვეტად ამაღლებას ერთდროულად სამი რადიკალურად განსხვავებული გეგმა სჭირდება

ჩვენ, ჩვენს კლიენტებთან და ორგანიზაციებში, რომლებსაც ვმართავთ, ვცდილობთ ყოველთვის გვქონდეს გააზრებული სამ-სამი განსხვავებული გეგმა. აქედან ერთი 3 თვეში, ერთი 6-ში და ერთი 1 წელიწადში ყოველთვიური მომგებიანობის გაზრდაზე არის მიმართული. ვცდილობთ, ეს გეგმები, როგორც შევძლებთ, მაქსიმალურად განვახორციელოთ, და თან მათ მუდმივ განახლებაზე და გაუმჯობესებაზეც ვიზრუნოთ.

ეს საშუალებას გვაძლევს მომგებიანობის რაღაც ნიშნულის მიღწევისას, მისი შემდგომში კიდევ უფრო ამაღლებისთვისაც, გამზადებული ნიადაგი დაგვხვდეს და მომგებიანობის ამაღლებაც უწყვეტ რეჟიმში მოვახერხოთ.

ხანდახან მოქმედება უფრო გვეუბნება რა გავაკეთოთ, ვიდრე ფიქრი

როგორც წესი ჩვენ ძირითადად უფრო მეტს ვფიქრობთ, ვიდრე ვმოქმედებთ, არადა ხანდახან კიდევ მოქმედებას უფრო შეუძლია მიგვიყვანოს სწორ გადაწყვეტილებამდე, ვიდრე ფიქრს.

არის შემთხვევები, როცა ცდილობ, აკეთებ და მერე პროცესში ხვდები, რომ რაღაც არ მუშაობს და სწრაფადვე ცვლი. მაშინ როდესაც იგივეზე შეგიძლია დიდხანს იფიქრო, გეგმები დააწყო, სიღრმეებში ჩახვიდე და მერე მოქმედებისას აღმოჩნდება, რომ შენი აზრების ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლში რაღაც შეგეშალა და მთელი ეს შენი “ნაჭკვიანები” ნაფიქრალიც წყალში გადაყარე და ის ფიქრზე დახარჯული დროც და ყურადღებაც უშედეგოდ დახარჯე.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება