ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



  • თარიღი: April 24, 2018
  • კატეგორია: საერთო
  • კომენტარები: 0
  • წაკითხულია 2,320-ჯერ

სიმართლის თქმა ძალიან მოსახერხებელია თუნდაც იმიტომ, რომ შეგიძლია არ დაიმახსოვრო რა თქვი

ხშირად, ბევრი არგუმენტის გამო, ვამჯობინებთ რაღაცა ისე არ ვთქვათ როგორც არის ან ისე არ გავაკეთოთ როგორც სწორია მისი გაკეთება. არადა, ამით ძალიან ბევრ სხვა სირთულეს, უხერხულობას ან პრობლემას ვიქმნით.

ძალიან ხშირად თუნდაც ერთი შეხედვით უწყინარი ტყუილი ბევრი სხვა ტყუილის თქმას გვაიძულებს. ისევე როგორც ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი ბევრი სხვა არასწორი მოქმედების მიზეზი ხდება.

არადა, სიმართლის თქმა თუნდაც იმიტომ არის კომფორტული და მოსახერხებელი, რომ შეგიძლია თქვა და დაივიწყო რა და როგორ თქვი. ის ცუდად წინ წესით არასოდეს არ დაგხვდება.

რაც უფრო მაღალი პოზიცია უკავია ორგანიზაციაში ადამიანს, მით მეტი დრო სჭირდება ფიქრისთვის

სამწუხაროდ, ორგანიზაციების დიდ ნაწილში, რაც უფრო მაღალი პოზიცია უკავია ადამიანს, მით უფრო მეტ რუტინულ და ოპერატიულ პროცესში მონაწილეობს და შესაბამისად ნაკლები დრო რჩება ფიქრისთვის. არადა ფიქრი და ფიქრზე დროის ხარჯვა ისევე აუცილებელია ხელმძღვანელისთვის, როგორც მოქმედება რიგითი თანამშრომლისთვის.

ყველგან, სადაც ხელმძღვანელი ფიქრისთვის დროის გამოყოფას ვერ ახერხებს, პირველ რიგში უნდა დააკვირდეს რამდენად მკაფიოდ და სწორად არის განაწილებული პასუხისმგებლობები და ამოცანები მის უშუალო დაქვემდებარებულებს შორის. ვინაიდან პირველი პირის არასწორი დატვირთვა ყველაზე ხშირად სწორედ ამ კუთხით არსებული პრობლემით არის გამოწვეული.

მოუსმინეთ, მთავარი რჩევა ყველა ხელმძღვანელს

ყურადღებით მოვუსმინოთ თანამშრომლებს, კოლეგებს, კლიენტებს, მომწოდებლებს, მოვუსმინოთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მოვუსმინოთ კონკურენეტებს, მტრებს, უბრალო გამვლელებს, მოვუსმინოთ ნაცნობებს და უცნობებს, თუნდაც ქარს, წვიმას და თუნდაც სიჩუმეს მოვუსმინოთ, ხშირად, თუ ყოველთვის არა. ყველა სხვა მოქმედებაზე და ლაპარაკზე უფრო ღირებულია და ეფექტური ყველა ხელმძღვანელისთვის.

ყურადღებით მოსმენა ალბათ ყველაზე მთავარი უნარია და ყველაზე მთავარი საქმიანობა, რითაც ხელმძღვანელები უნდა ვიყოთ დაკავებული და რასაც ჩვენი დროის უდიდეს ნაწილს უნდა ვუთმობდეთ. ეს ბევრად უფრო ახლობელს გაგვხდიდა ყველასთვის და ბევრად უფრო ქმედითს და დროულს გახდიდა ჩვენს გადაწყვეტილებებს.

გერქვას ის, რასაც რეალურად ემსახურები

როდესაც პოზიციის ან ერთეულის დასახელება ბუნდოვანია, ნათლად არ ასახავს იმას, თუ რაზეა პასუხისმგებელი ანდა დასახელება ისეა შერჩეული, რომ კარგად ჟღერდეს, სავიზიტო ბარათზე კარგად იკითხებოდეს ან ზოგადად ასეა გავრცელებული და ასე უნდა ერქვას, მანდედან იწყება არც თუ ისე პატარა პრობლემები.

როგორც წესი, სახელის შეცვლიდან მხოლოდ რამდენიმე კვირა ახსოვთ რეალურად რას ემსახურებოდა ესა თუ ის ერთეული, არც გაწერილ სამუშაო აღწერაში აღარავინ იყურება და დროთა განმავლობაში მხოლოდ მისი დასახელების მიხედვით ყალიბდება ამ ერთეულის მიმართ მოლოდინებიც,  შედეგების მოთხოვნაც და ფუნქციების მიკუთვნების ლოგიკაც დანარჩენი ორგანიზაციისთვისა და გარე მხარეებისთვის.

თვითონ ეს ერთეულიც დისკომფორტშია, რადგან იცის რეალურად რა უნდა ეკეთებინა, მაგრამ ხვდება, რომ მისგან უკვე გაცილებით მეტს ან განსხვავებულ შედეგებს ითხოვენ. დროთა განმავლობაში ისიც ეგუება თავის ბედს, რომელიც არასწორად შერჩეულმა დასახელებამ მოუტანა და იწყებს სვლას გაურკვეველი მიმართულებით.

დასახელება განსაზღვრავს იმას, თუ რას გააკეთებს ერთეული ან პოზიცია სამუშაო პროცესში, რაზე დახარჯავს ყურადღებას და რაზე იგრძნობს პასუხისმგებლობას. დასახელება მკაფიოდ და ზუსტად უნდა ასახავდეს ერთეულის პასუხისმგებლობას, რომ სწორად მოხდეს როგორც ამ ერთეულში პასუხისმგებლობის განცდა, ისე დანარჩენ ორგანიზაციაში მის მიმართ მოლოდინების ჩამოყალიბება.

კლიენტებზე ორიენტირებული გარემო – მენეჯმენტის მთავარი პროდუქტი

სადაც მენეჯმენტი ახერხებს ორგანიზაციაში კლიენტზე ორიენტირებული გარემო შექმნას, ისეთი, სადაც ყველა თანამშრომელი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს კლიენტების კმაყოფილების მისაღწევად, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო შემოქმედებითი და პროდუქტიული იქნება ამ პროცესში და ამავე დროს ერთმანეთს ეხმარებიან, რომ კლიენტებისთვის გუნდურად უფრო მეტი ღირებულება შექმნან, იქ აღწევს მენეჯმენტი ყველაზე დიდ წარმატებას. მაშინ ქმნის მისი მხრიდან ყველაზე ღირებულ პროდუქტს. პროდუქტს, რომელიც ყველაფერს დანარჩენს უკვე თვითონ გააკეთებს ორგანიზაციის მაქსიმალური წარმატებისთვის.

თუ დააკვირდები სამუშაო გარემოს, რაზე ლაპარაკობენ თანამშრომლები, როგორი ჟინით და მონდომებით ცდილობენ რაღაცა ახალი და მნიშვნელოვანი გააკეთონ კლიენტებისთვის, ამის მიხედვით შეიძლება ივარაუდო რამდენად წარმატებული მენეჯმენტი ჰყავს ორგანიზაციას და რამდენად წარმატებული იქნება ორგანიზაცია თვითონ.

ვინ როგორ უყურებს თავის თანამშრომელს

თუ მენეჯერები თანამშრომლებს შევხედავთ როგორც კადრებს, რომელთაც ვქირაობთ იმისთვის, რომ რაღაც გააკეთონ და ამაში გადავუხადოთ ხელფასი, რომელსაც წავლენ და დახარჯავენ იმაში, რისი კეთებაც სიამოვნებთ, ჩვენი შედეგები ვერც ისეთი მაგარი იქნება და რაც იქნება იმის შენარჩუნებაც გაჭირდება.

ვინაიდან ადამიანი, რომელიც ვერ ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას საქმეში, ის ვერ არის ბედნიერი, არც მოტივაცია აქვს ბოლომდე დაიხარჯოს და არც სურვილი იმ საქმეში მეტი ისწავლოს, შედეგიც ისეთი არ არის.

თუ მათ შევხედავთ, როგორც ადამიანებს, რომელთაც თავისი ნიჭის, შესაძლებლობების და სურვილების მაქსიმალური რეალიზების საშუალება უნდა მივცეთ, ამის შესაბამისად შევარჩევთ მათ, დავეხმარებით ისწავლონ, განვითარდნენ და მოტივაციასაც გავუკეთებთ შესაბამისად, რომ დიდხანს დაუკავშირონ მათი კარიერა ჩვენს ორგანიზაციას, გაცილებით სასიამოვნო და სასურველი იქნება მათთვის ჩვენთან მუშაობა და შედეგებიც მკვეთრად მაგარი და მყარი გვექნება.

თუ გინდა, რომ თანამშრომელს მოტივაცია აუმაღლო, მას პირველ რიგში პასუხისმგებლობა უნდა გაუზარდო

პირველ პირებს ყოველთვის გული მოსდით, როცა ხედავენ, რომ მათი მოტივაცია ძალიან განსხვავდება სხვა თანამშრომლების მოტივაციისგან. ამის გამო ისინი ხშირად მარტოსულებადაც გრძნობენ თავს და ზოგჯერ ფიქრობენ, რომ მათ გარდა არავის ორგანიზაციისთვის ბევრი არაფრის გაკეთება არ უნდა.

ასეთ დროს საკმარისია დავფიქრდეთ რა არის ჩვენი მოტივაციის წყარო, რომ დავინახოთ, სწორედ მეტი პასუხისმგებლობა ქმნის ამ მეტ მოტივაციას. მეორე მხრივ, დიდი განსხვავება სხვა თანამშრომლების პასუხისმგებლობის დონიდან ქმნის ასეთ სხვაობას მოტივაციის დონეებს შორის.

საკმარისია თანამშრომლებს შორის გამოვარჩიოთ და სტრუქტურულად წამოვწიოთ ადამიანები, რომლებსაც სხვებზე მეტი და ჩვენთან მოახლოვებული პასუხისმგებლობის დონე ექნებათ და დავინახავთ, როგორ გაჩნდებიან ჩვენს გვერდით ადამიანები, რომლებიც ამ გაზრდილი მოტივაციით ჩვენზე არანაკლებ ანთებულები იქნებიან და ჩვენზე არანაკლებს გააკეთებენ, თუ უფრო მეტს არა მათი მიმართულებებით.

როგორ ვუშველოთ გაუცხოებას ადამიანებს შორის, როცა მათთვის გუნდურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია

ინსაითის თემა შერჩეულია მკითხველის თხოვნით.

ამის მიზეზები და შესაბამისად გადაწყვეტის გზები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ინსაითში მათგან ერთ-ერთზე მოგიყვებით.

გუნდურობისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეკრებილები ერთი მიზნის გარშემო, საერთო სულისკვეთება და მუხტი ამოძრავებდეთ.

ამ საკითხებზე მსჯელობასა და განხილვებზე ლიდერმა დრო არ უნდა დაიშუროს, ვინაიდან სტრატეგიის განმახორციელებლები ისევ თანამშრომლები არიან, მათი მონაწილეობით შეჯერებულ სტრატეგიაზე კი მეტი ჩართულობის განცდა ექნებათ, პასუხისმგებლობასაც მეტს აიღებენ მის განხორციელებაზე და შედეგებზე მეტი სიამაყით ისაუბრებენ. რადგან მათი ნამსჯელი იქნება ეს სტრატეგია, მათი მონაწილეობით იქნება შეჯერებული. და თუ მსგავსი ღონისძიებები არაფორმალურ გარემოში ჩატარდება, უფრო მეტი კონცენტრირებაც მოხდება საკითხებზე და გუნდის კიდევ უფრო მეტად შეკვრასაც დაეხმარება.

ხანდახან უფრო მნიშვნელოვანია შეცვალო, ვიდრე ის როგორ შეცვლი

იშვიათად, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც იმაზე უფრო მნიშვნელოვანი თუ რას შეცვლი და როგორ არის ის, რომ რამე შეცვალო საერთოდ, ოღონდ სწრაფად.

განსაკუთრებით კრიზისებშია ასე. მოქმედება, ცვლილებები ბევრად უფრო კარგ გარემოს ქმნის, მიუხედავად იმისა რამდენად გააზრებულია თითოეული ცვლილება, ვიდრე ბევრი ფიქრი და ბევრი მსჯელობა იმაზე თუ რისი გაკეთება ღირს და რისი არა.

მართალია ორგანიზაციები, რომლებიც ძირითადად ასე მუშაობენ ბევრ შეცდომას უშვებენ, მაგრამ ის, ვინც კრიზისებში ასე სწრაფ რეაგირებას ვერ ახერხებს, კრიზისიდან გამოსვლა უჭირს.

ნუ დაუსახავთ თანამშრომლებს რაოდენობრივ მიზნებს

როდესაც თანამშრომლებს რაოდენობრივ მიზნებს ვუსახავთ და უფრო მეტიც მერე ამ მიზნებზე მათ პასუხისმგებლობას ან მოტივაციას ვაბამთ, ამით ვრისკავთ, რომ არასწორად განსაზღვრული მიზნების გამო შესაძლოა თანამშრომლებს ორგანიზაციისთვის საზიანო ქმედებებისკენ ვუბიძგოთ.

არასწორ გაყიდვებზე მოტივაციამ შესაძლოა თანამშრომელს მომხმარებლის მოტყუებისკენ უბიძგოს; არასწორ მოგებაზე მოტივაციამ შესაძლოა გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღებას შეუშალოს ხელი; კლიენტების არასწორი რაოდენობის მოზიდვამ შესაძლოა მათი უკმაყოფილება და მომსახურების ხარისხის შემცირება გამოიწვიოს.

ასევეა ყველა რაოდენობრივი მიზანი, რომელსაც ადამიანები საზღვრავენ, და რომელიც შესაძლოა თავისთავად იყოს მცდარი, არარეალური ან საზიანო ორგანიზაციისთვის. თვითონ რაოდენობრივი პარამეტრებით ადამიანების შეფასებასაც დიდი სიფრთხილე სჭირდება, არათუ არასწორი მიზნები მოვიფიქროთ და მერე მათზე საჭიროზე მეტი მოტივაცია გავაჩინოთ.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება