ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



რას ვაკეთებ ჩემი თავის განვითარებისთვის?

თვითგანვითარებისთვის რუტინულად გაკეთებული თუნდაც ძალიან პატარა ნაბიჯი უფრო მნიშვნელოვანი და შედეგიანია, ვიდრე სწავლების დიდი კურსის დაგეგმვა, რომელიც ძალიან რთულად განსახორციელებელია.

ყოველდღიურ რუტინაში, სტრესში, დაძაბულ ვადებში და სირთულეებში ყოველთვის უკანა პლანზე გვრჩება თვითგანვითარება. არასდროს ამისთვის არ გვცალია, ვერ ვუთმობთ დროს, არადა რამდენი რამის სწავლა გვინდა – ენების, პროფესიული სიახლეების, ახალი ხელსაქმის ან ჰობის მიმართულებით ცოდნის მიღება.

უფრო მარტივია ყოველდღე თუნდაც 10 წუთი დავუთმოთ ვიდეოს ყურებას საინტერესო თემაზე, სტატიის კითხვას, ენის სავარჯიშოების კეთებას, ან სხვა ფორმით ახალი ცოდნის მიღებას და განვითარება ვაქციოთ ყოველდღიურ რუტინად. რუტინად ქცევა, ჩვევაში გადაყვანა გაცილებით უფრო დიდ შედეგსაც მოგვცემს გრძელვადიანად და ამ 10 წუთის გარეშე ჩვენი დღე უკვე წარმოუდგენლად მოგვეჩვენება.

გაგვიზიარეთ, თქვენ როგორ ახერხებთ საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობას?

არ მოიკითხოთ ადრე გაცემული დავალებების შესრულება

როგორც წესი, ხელმძღვანელები დიდ დროს ვხარჯავთ ჩვენს მიერ გაცემული დაველებების მოკითხვაზე. ჩვენი დღის წესრიგი, რუტინა და მუშაობის კულტურა გვაქვს აგებული ასე და თან ვთვლით, რომ ამით ვაღწევთ განსაკუთრებულ შედეგებს.

არადა ხშირად მუშაობის ასეთი მიდგომა არამარტო დროს გვახარჯინებს არასწორად, არამედ ადრე გაცემული არასწორი დავალებების შესრულებას აიძულებს ადამიანებს, რომლებსაც არ მიაჩნიათ სწორად ამ დავალების შესრულება.

დავალებები, რომლებსაც დევნა სჭირდება, ხო არ ჯობს რომ არც შესრულდეს?! თუ არ გაკეთდება იმაზე დავფიქრდეთ, რა უნდა შევცვალოთ სისტემურად იმისთვის, რომ საუკეთესო ნაწილი დასმული ამოცანების მოკითხვების გარეშეც სრულდებოდეს.

 

შფოთში გაკეთებული საქმეები

ამბობენ, რომ არის ისეთი დროები, როცა სტრესი და შექმნილი წნევა გაიძულებს რამე უკეთესი მოიფიქრო, რაღაცა უკეთესად გააკეთო, მაგრამ შეუძლებელია გსიამოვნებდეს ძირითადად ასეთ რეჟიმში მუშაობა, შეუძლებელია შედეგი რომელიც ასეთ გარემოში იქმნება ძლებდეს დიდხანს, ან თვითონ ის ადამიანები უძლებდნენ დიდხანს, რაც არ უნდა უწყობდეს ხელს ამას მათი ძლიერი თვისებები, იყვნენ “ამტანები”.

მაგრამ არიან ხელმძღვანელები, ვისაც უფრო უადვილდებათ ასე მუშაობა, ასე ახერხებენ შედეგების მართვას, თვითონაც ეჩვევიან ამ რეჟიმს და მშვიდ გარემოში ჰგონიათ რო საქმე არ კეთდება, თანამშრომლები დუნდებიან.

მე მგონია, რომ ძალიან დროებითია ეს და მიუხედავად იმისა ვინ რამდენ ხანს გაუძლებს, ყველა შინაგანად მეტი სიმშვიდისკენ, მეტი ხალისით საქმის კეთებისკენ არის მიდრეკილი, იმიტომ რომ შფოთი არ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა.

ხელმძღვანელის საქმე იდეების მოფიქრება არ არის

ხელმძღვანელები იდეებზე ნაკლებად უნდა ვფიქრობდეთ, უფრო ალბათ იმაზე, როგორ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც იდეებზე დანარჩენი თანამშრომლები იფიქრებენ. ამ გარემოს შექმნის, იდეების სხვა ადამიანებში გაჩენის, წახალისების და მოტივაციის გაზრდის იდეები უნდა იყოს ალბათ ის, რაზეც ჩვენ ჩვენს შემოქმედებით უნარებს უნდა ვხარჯავდეთ.

არადა რამხელა ცდუნებაა – გაგინათდება გონებაში რაღაცა, აირჩევ ადრესატს, გასცემ დავალებას და დაიჭერ სახრეს მერე პერიოდულად შემოსატყლაშუნებლად და ნელ-ნელა შენი “გენიალური” იდეა რეალობად იქცევა. და გიხარია. არადა ხშირად სწორედ მართვის ასეთი მიდგომა ყველაზე მეტად უშლის ხელს სხვა ადამიანებში შემოქმედებითობის გაღვივებას და რაღაც კი კეთდება, მაგრამ ბევრი შესაძლებლობა იკარგება და ბევრი საქმე ფუჭდება სანაცვლოდ.

რას ფიქრობთ? რომელი მიდგომა უფრო ამართლებს ამ ორიდან მეგობრებო საბოლოოდ?

რა უნდა გავაკეთო რომ ანაზღაურება გამეზარდოს?

ხელმძღვანელისთვის ანაზღაურების გაზრდის სურვილით ასე დასმული კითხვა გაცილებით პროფესიონალურია, ვიდრე – იმას რო ამდენი აქვს, თითქოს ერთნაირად მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და მე ნაკლები რატო მაქვს, მეც მომიმატე – ასეთი მოთხოვნით თხოვნა.

როცა შენი ანაზღაურების საკითხს, შენსავე საქმიანობას და შედეგებს უკავშირებ, ხელმძღვანელიც უფრო კეთილგანწყობილი შეხვდება ასეთ თხოვნას, რაც არ უნდა არ იყოს ამისთვის მზად. გაღიზიანებას ნამდვილად არ გამოიწვევს და უფრო გულით ეცდება ეს თხოვნა რამენაირად დაგიკმაყოფილოს, გზას მაინც გეტყვის ამისთვის რა უნდა გააკეთო.

ადამიანები მიდრეკილები ვართ ვაკეთოთ ის, რაც გვსიამოვნებს

თანამშრომლები, რომლებიც “თავის გამოჩენის” მიზნით აკეთებენ საქმეს, თან ისეთს, რომელიც პირდაპირ არ ევალებათ, მაგრამ ინდომებენ და აკეთებენ, უნდა დავუფასოთ, მოვუწონოთ, შევუქოთ, რაც არ უნდა ვღიზიანდებოდეთ და ვფიქრობდეთ, რომ ნეტა რაც ევალება იმას აკეთებდესო ასე მონდომებით.

მე მგონია, რომ ქვეცნობიერად ადამიანი მიდრეკილია, თუნდაც სულ სხვა რამ ევალებოდეს, გამოძებნოს მის სამუშაო ადგილზე ისეთი საქმე, რომლის კეთება უბრალოდ სიამოვნებას ანიჭებს, უხარია, ეხალისება, იმაში ახდენს რეალიზებას და იჩენს თავს. ასე გაკეთებული საქმე კი ყოველთვის უკეთესი გამოდის. და როცა მსგავს რამეს ვატყობთ თანამშრომლებს, ჩემი აზრით ჯობია მიუშვა და ბოლომდე გამოავლენინო და აპოვნინო თავი და მერე შეუცვალო ამოცანა/პოზიცია. ვიდრე ამგვარი “გადახვევისთანავე” უსაყვედურო ან უკმაყოფილება გამოხატო.

ორგანიზაციებს კრიზისები იმდენად არ აზიანებს, რამდენადაც კრიზისების მიმართ მენეჯმენტის დამოკიდებულება

მე მგონი ორგანიზაციებს კრიზისები კი არ აზიანებს, არამედ კრიზისების მიმართ, პირველ რიგში მენეჯმენტის და შემდეგ თანამშრომლების დამოკიდებულება. თუ ეს დამოკიდებულება ისეთია, რომ – “ვაიმე დავიღუპეთ, ჩვენ ამ კრიზისს ვეღარ გადავიტანთ, ახლა კი ნამდვილად აღარაფერი გვეშველება” და ა.შ. ერთხელაც ნამდვილად შეეწირება ორგანიზაცია ამას.

მაგრამ თუ მენეჯმენტი და თანამშრომლები თვლიან, რომ კრიზისი აუცილებელი სტრესული ფაქტორია ორგანიზაციის განვითარებისთვის და ზრდისთვის და რომ კრიზისები გვეხმარება კიდევ ერთხელ გავიაზროთ რას ვაკეთებთ არასწორად და ახალი შესაძლებლობები ვიპოვოთ, უფრო საქმიან გარემოში ხდება პრობლემების გადალახვა, უფრო მობილიზებულია გუნდი და სარგებელსაც ბევრად მეტს იღებს ყველა ასეთი სირთულეებისას.

მოიცალე, გადაეცი და დაგიბრუნდება

ახალი თანამშრომელი მოვიდა, როდის გაერკვევა საქმეში, როდის დაიწყებს უფრო ხარისხიანად მუშაობას, დადის კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით, მაგრამ ვის სცალია მისთვის. ყველა თავის სამუშაოსთანაა განმარტოებული.

არადა, ამ დროს ყველაზე მეტ დროს არა ახალი თანამშრომელი, არამედ ორგანიზაცია კარგავს, როდესაც არ ეხმარება ახალ თანამშრომლებს საქმესთან და გუნდთან დროულად და უმტკივნეულოდ ინტეგრაციაში. ბევრად უფრო ღირებულია მათი გაკეთებული საქმე, თუნდაც სხვების დახმარებით, შეცდომებითა და დაგვიანებით, ვიდრე მათ გარეშე უფრო სწრაფად და ხარისხიანად.

ხელმძღვანელებო, დანერგეთ ისეთი კულტურა, ისეთი მოტივაციის სისტემა, ცოდნის გადაცემის ისეთი მექანიზმი, რომელიც გამოცდილი თანამშრომლების ცოდნას და ორგანიზაციის სულს რაც შეიძლება მოკლე დროში გაუზიარებს ახალ წევრებს. თუ ვეცდებით მათთვის მოვიცალოთ და გადავცეთ, ძალიან მალე დაგვიბრუნდება უფრო მეტი, უფრო ხარისხიანი და უფრო გულისხმიერად მიღწეული შედეგები.

აღიარე, რომ მარტო ხარ და შენით გადაწყვიტე

როცა აღიარებ, რომ მარტო ხარ იმ ამოცანაში/საქმეში და უნდა გადაწყვიტო შენით, მაშინ იწყებ სწავლას, კომპეტენციის გაღრმავებას და რეალურ გადაწყვეტასაც, მაშინ იზრდები და ყალიბდები პროფესიონალად. როცა სხვა “გვეხმარება”, მემგონი უბრალოდ თავს ვიტყუებთ.

კარგი ხელმძღვანელის ამოცანა კი უნდა იყოს, რომ მკაფიო ამოცანა მისცეს თანამშრომელს და თუ დაჭირდება იმ შემთხვევაში ჩაერთოს, ისიც იმ ფორმით, რომ სწორი კითხვები დაუსვას, მიდგომები დაანახოს უფრო, ვიდრე თვითონ მოიფიქროს გადაწყვეტა.

მაგის ფუფუნება ვის აქვსო ბევრი იტყვის. კი, ასეა, დროც შეიძლება დაჭირდეს, შეცდომებიც მეტი იყოს, ნებისყოფაც სჭირდება ხელმძღვანელს, მაგრამ ზრდა და განვითარება ამ შემთხვევაში უალტერნატივოა. თან ორგანიზაციისთვის ყველაზე ძვირფასი აქტივის ზრდა და განვითარება.

რა არის ჩვენი ორგანიზაციის საწყისი აზრი

ყველა ორგანიზაციას აქვს რაღაცა საწყისი აზრი, რომელზეც თუ შეთანხმება არ არსებობს, ყველა დანარჩენი გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაჭირდება. დაძაბული ურთიერთობები იქნება მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის და ძალიან გაჭირდება გუნდის მობილიზება. განსაკუთრებით მაშინ, როცა რამე ღია ცხადი საფრთხე ორგანიზაციისთვის არ არსებობს.

საწყისი აზრი შეიძლება იყოს მისია, მთავარი ფასეულობა, მთავარი საქმე, კლიენტი, პროდუქტი, მაგრამ რაღაცა ერთი უნდა იყოს აუცილებლად, რაზეც ყველაფერი დანარჩენი დაშენდება. და რაც უფრო სწორია და კეთილი საწყისი აზრი, მით უფრო ძლიერი და შეკრული იქნება მასზე დაფუძნებული ორგანიზაცია.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება