ინსაითები იწერება სინერჯი ჯგუფის კონსულტანტების მიერ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში აღმოჩენილ მიგნებებზე დაფუძნებით. განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც მართვა საინტერესოა.



ვხედავ და მადლობა

არაერთხელ წაგვიკითხავს  და პრაქტიკიდან გამომდინარეც ვიცით, რომ ყველაზე დიდი მოტივატორი არის მადლობა, მაგრამ მიუხედავად ამისა ხანდახან გვავიწყდება ან გვეპარება, ბევრ ამოცანაში ჩაფლულებს, ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა ძალიან ძვირფას თანამშრომლებთანაც კი. შეიძლება იმ მოტივითაც, რომ მათ ხომ ისედაც იციან, რომ ძვირფასები არიან, ეს ხომ აშკარაა? მაგრამ არც მთლად ესე მარტივად ყოფილა საქმე.

ერთ დღესაც შევხვდი თანამშრომელს, რომელიც იყო საკმაოდ ნაწყენი და აღშფოთებული. „ამდენი რამე გავაკეთე და მეგონა დაინახავდნენ და მადლობას მაინც მეტყოდნენ, რომ ესე ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ მხარში დავუდგე კომპანიასო“. – ეს თქვა თანამშრომელმა, რომელიც  ძალიან ძვირფასი არის იმ ორგანიზაციისთვის და მენეჯმენტის წევრებს ერთმანეთში არაერთხელ აღუნიშნავთ მისი საქმიანობა, კვალიფიკაცია და მნიშვნელობა, მაგრამ როგორც ჩანს მაინც ვერ გამოხატეს და აგრძნობინეს ეს.

ამიტომ გამოყავით კონკრეტული შედეგები და გამოხატეთ მადლიერება,  რომ თანამშრომლები გრძნობდნენ – თქვენ ხედავთ და აფასებთ.

მოზომილი არაფორმალური ურთიერთობები თანამშრომლებთან

როცა გემოვნებიდან და პიროვნული პრეფერენციებიდან გამომდინარე იწყებს ხელმძღვანელი თანამშრომელთან ან მათ ნაწილთან ზედმეტი არაფორმალური ურთიერთობების განვითარებას, ამით აზიანებს როგორც გარემოს, ისე იმ ადამიანს/ადამიანებს.

ამ უკანასკნელებს არასწორ მოლოდინებს უქმნის ამგვარი  დამოკიდებულება, მოთხოვნილებებს უზრდის ხელმძღვანელის მიმართ, რაც შემდეგში იმედგაცრუებებს იწვევს ხოლმე როგორც წესი. სხვა თანამშრომლებში კი – დაჩაგრულობის განცდას, პროტესტს, უფრო მეტი დისტანციის ჩამოყალიბებას და სხვა შიდა ჯგუფების შექმნას.

ამიტომ, ხელმძღვანელი განსაკუთრებით უნდა ეცადოს, რომ ზომიერი ურთიერთობებით თანამშრომლებთან, ისინი უფრო ერთ გუნდად შეკრას, ვიდრე თვითონ შეუწყოს ხელი მათ დაყოფას.

რომელ კითხვას დაუსვამს ახალი ხელმძღვანელი თავის თავს

ვინ რას აშავებს თუ ვის რაში სჭირდება დახმარება – რომელ კითხვას უფრო დაუსვამს ახალი ხელმძღვანელი თავის თავს, გადაწყვეტს როგორ განვითარდება მისი ხელმძღანელობაც და შედეგებიც, რომელსაც მისი გუნდი მიაღწევს.

ხშირად აქვთ ახალ ხელმძღვანელებს ცდუნება გაიგონ აბა ვინ არ აკეთებს თავის საქმეს, ვინ უშვებს შეცდომებს, ვინ არ მიდი-მოდის თავის დროზე და ა.შ. ძალაუნებურად ასეთი მიდგომით გამოვლენილ პრობლემებზე რეაგირებენ უფრო დამსჯელურად, საყვედურობენ, უკმაყოფილებას გამოხატავენ, რადიკალურ შემთხვევაში უშვებენ.

ამის მაგივრად თუ ეცდება ახალი ხელმძღვანელი ის გაარკვიოს, ვის რაში უჭირს, ვის რა მხარდაჭერა სჭირდება თავისი ამოცანა რომ უკეთ გადაწყვიტოს და მერე მოიფიქროს როგორ დაეხმაროს მათ ამაში, განწყობაც სხვა ყალიბდება გუნდში და ხელმძღვანელსაც მეტი ორიენტაცია რაღაცის განვითარებისკენ ეცვლება და არა არსებულის “დასჯისკენ”, რაც არაფერს სასიკეთოს არ იძლევა საბოლოოდ.

სულ ცოტა მიმართულების შეცვლა სჭირდება ამ კითხვებს და შეიძლება რადიკალურად უკეთესი შედეგი მივიღოთ.

ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ

მოტივირებულ ადამიანს ალბათ შეუძლია მთები გადადგას. შინაგანად ისეთი მოზღვავებული ემოცია და დიდი რწმენა აქვს, რომ შეუძლებელს შეძლებს, ძალებს და თავს არ დაზოგავს, მაქსიმალურს შეეცდება. თვითონ თუ ვერ შეძლო, სხვებს  ჩართავს, თუმცა გააკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე გუშინ ან იმის წინ. თან რაც მთავარია დიდი სიხარულით და მეტი მონდომებით.

ვფიქრობ, რომ ადამიანების მოტივირება არც ისე რთულია. ერთი სიტყვით, ერთი წინადადებითაც შეიძლება აანთო და გააბრწყინო თანამშრომელი. ამით კი ბევრად დიდი შედეგი მივიღოთ მისგან. ხშირ შემთხვევაში, ადამიანის ემოციური დონის მიხედვით, ეს მატერიალურ წახალისებაზე ფასეულიც კი შეიძლება იყოს.

ამის საპირისპიროდ, ერთი სიტყვით, ერთი წინადადებით მოტივაცია და ყველაფრის კეთების სურვილი შეიძლება დავუკარგოთ ადამიანს. რა თქმა უნდა, უნივერსალური/უნაკლო ადამიანები არ არსებობენ, ხშირად განწყობაც არ გვაქვს, რომ ვინმე წავახალისოთ, მაგრამ ამას ნამდვილად დიდი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამიტომ, შევეცადოთ და ვცადოთ.

ავტოკრატულ მმართველობაზე დიდი საშინელება ვითომ დემოკრატის მმართველობა შეიძლება იყოს

არიან ადამიანები, ვინც ავტოკრატი დიქტატორები არიან ბუნებით, მაგრამ მართვისას დემოკრატის ნიღბის მორგებას ცდილობენ. ასეთი ხელმძღვანელის გაგებაც ჭირს და პროგნოზირებაც – რას გააკეთებს, რა მოეწონება, რა არა, ვერ გაიგებ. გააკეთებ რაღაცას დემოკატიულს, ხედავ არ მოსწონს. გააკეთებ რაღაცას ავტოკრატულს და საყვედურს ამბობს მაგაზეც და თან გარიგებს, რომ ასე არ უნდა გააკეთო, რომ სხვების აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

თითქოს ცდილობს ყველაფერი სხვებთან ერთად გადაწყვიტოს, მაგრამ სინამდვილეში ყველა განხილვას საკუთარი აზრის სხვების მეშვეობით გასატანად და დასამტკიცებლად იყენებს. ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თვითონ მარტო ან ერთეულ პირებთან ერთად იღებს და უმნიშვნელო გადაწყვეტილებებზე ვითომ სხვების აზრის გათვალისწინებას თამაშობს. ძალიან რთულია ასეთ ხელმძღვანელებთან მუშაობა. ყველაზე რთული კი ის არის, რომ დემოკრატის ნიღბის ტარებით თუ დაიღლებიან და ღიად ავტოკრატები გახდებიან, თორემ რეალურ დემოკრატებად მათი გადაქცევა მგონი თითქმის შეუძლებელია.

ამოცანა გამოწვევა უნდა იყოს

ამოცანა ისეთ ადამიანს კი არ უნდა ჩავაბაროთ, ვისაც გამოცდილება აქვს საკმარისი, არამედ იმას, ვისთვისაც მისი გადაწყვეტა გამოწვევა იქნება.

როგორც წესი ადამიანებს, ვისთვისაც მასზე დაკისრებული ამოცანა გამოწვევა არ არის, მოტივაცია არ ჰყოფნით, რომ ამ ამოცანაზე საკმარისი მონდომებით იმუშაონ. მაშინ როდესაც თუ ამოცანას ისეთ ადამიანს ჩავაბარებთ, ვისაც შესაძლოა გამოცდილება არ ჰყოფნის, მაგრამ ვისთვისაც იმ ამოცანის გადაწყვეტა სერიოზული გამოწვევა იქნება, ისინი გზებსაც პოულობენ, სწრაფადაც სწავლობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათზე გაკეთებული არჩევანი მაქსიმალურად გაამართლონ.

თუ არ გიყვარს, ვერ გამოგივა

ზერმატში, შვეიცარიის ულამაზეს სოფელში, ერთ-ერთ კოხტა სასტუმროში რამდენიმე დღით დასვენების ბედნიერება მხვდა წელს.

გამორჩეულად შთამბეჭდავი იყო სასტუმროს რესტორნის პერსონალის მომსახურების ხარისხი. არანაირი სტანდარტული წესები, ფორმალიზებული პროცედურები, მომართვის ფორმები. გაოცებას იწვევდა ჩემში როგორ ახერხებდნენ, რომ ზუსტად ახსოვდათ სასტუმროს რომელ სტუმარს საუზმის რითი დაწყება უყვარდა, ვის სად უყვარდა დაჯდომა და მისთვის ადგილის დარეზერვება, ვისი ბავშვი ჭირვეულობდა ჭამისას და სახის უცნაურად დამანჭვით ცდილობდა ყურადღება გადაეტაბინებინა ბავშვისთვის და  შეშველებოდა დედას, ვინ იტალიურად ვინ გერმანულად და ვინ ფრანგულად მოსაუბრე იყო რომ ისე მისალმებოდა და კარგი დღე ესურვებინა, ვინ სად აპირებდა სტუმრობას გუშინ რომ კმაყოფილების ამბები მოეკითხა და ა.შ. და ა.შ.

ამას ვერ ასწავლი, ვერც ვერავის მოსთხოვ ასეთი იყოს, უბრალოდ უნდა გიყვარდეს ძალიან ამის კეთება რომ ეს შეძლო, ასე ბუნებრივად, ასე ხალისით და დასამახსოვრებლად. ამ სასტუმროს მენეჯმენტს ეს კარგად ესმის როგორც ჩანს და ისე ჰყავს შერჩეული პერსონალი, რომ მათ ძალიან მოსწონთ თავიანთი საქმე, სიამოვნებას ანიჭებთ პროცესი და უყვართ კიდეც ის ნაწილები, რასაც მოითხოვს მათი ყოველდღიური საქმიანობა.

რა მაგარი იქნებოდა, განსაკუთრებით მომხმარებელთან ვისაც პირდაპირი შეხება აქვს, მათ ყველას ამის მიხედვით რომ ვიყვანდეთ და მერე ვასწავლიდეთ რაც აუცილებელია, არა?

დათვი თურმე 2 წელიწადში ველოსიპედის ტარებას სწავლობს

ერთი ჩვენი კლიენტი ამბობს ხოლმე – დათვი თურმე ორ წელიწადში ველოსიპედის ტარებას სწავლობს და ადამიანს რა ღმერთი გაუწყრება რაღაცა ვერ გააკეთოს, თუ მას საკმარის მოტივაციას შევუქმნით და შესაბამის დახმარებას გავუწევთო.

ჩვენი გამოცდილებაც მაგას გვეუბნება, ადამიანებს სურვილის და მხარდაჭერის შემთხვევაში შეუძლიათ თითქმის ნებისმიერი საქმის კეთება ისწავლონ. მთავარია რამდენი დრო და რამდენი რესურსი დაგვჭირდება, სანამ ისინი საქმის კეთებას ჩვენთვის სასურველ დონეზე ისწავლიან.

თითქმის ყოველთვის არის ალტერნატივა, უფრო სწრაფად გარედან მოვიყვანოთ ჩვენთვის სასურველი კადრი. თუმცა არსებულის სწავლება, თუ გვჯერა რომ შეძლებს, შესაძლოა მეტი დრო დაჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც უფრო იაფი დაგვიჯდება. თანამშრომელსაც უფრო მოტივირებულს და ლოიალურს გავხდით ასე, ვიდრე გარედან მოყვანისას.

ავეჯი 24 საათი ოფისში დგას

მთავარია ადამიანი როგორ ჭრის თავის ამოცანებს და არა ის როდის მოდის სამსახურში და როდის მიდის. ჩემი ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი ამბობდა, რომ მაგიდები და სკამები 24 საათი ოფისშია, მთავარი ის კი არ არის ვინ რამდენ ხანს ატარებს აქ, მთავარია ვინ რას აკეთებს და ვის რა შედეგები აქვსო, და ალბათ მართალიც არის.

ვინც ადრე მოდის, და გვიან გადის სულ არ ნიშნავს, რომ იმაზე მეტს მუშაობს და უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე მას, ვინც იგვიანებს დილას თუნდაც სისტემურად და ადრე გადის სამსახურიდან, მარტო იმიტომ პირველი ფიზიკურად მეტ დროს ატარებს სამსახურში. ის დრო, როცა მეორე იგვიანებს და ადრე გადის შეიძლება ხარჯავდეს ისეთ რამეზე, რაც მას ბევრად უფრო პროდუქტიულს ხდის და უკეთეს შედეგებს აღებინებს ჯამში, თუნდაც მაგ დროს ეძინოს ან ოჯახის წევრებთან ერთად ატარებდეს ან თავის დღეს გეგმავდეს უბრალოდ სხვა გარემოში.

ამიტომ, აჯობებს ალბათ მუდმივად იმაზე ვიფიქროთ, როგორ შევაფასოთ და დავაფასოთ ის შედეგები, რომლებსაც ადამიანები დებენ და არა მათი ქცევა, მათ შორის რამდენ ხანს ატარებენ სამსახურში, როდის მოდიან და როდის მიდიან.

რაც უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს ჩვენს გარშემო, მით უფრო მეტის მიღწევა და გაკეთება შეგვიძლია ჩვენ

ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი ჩვენს გარშემო ადამიანების შესაძლებლობებზე გადის. რაც უფრო მაგრები არიან ისინი, პროფესიონალები, ჭკვიანები, გამოცდილები, მით უფრო მეტის და მით უფრო სწრაფად გაკეთება შეგვიძლია ჩვენ.

და შესაბამისად, თუ უფრო მეტის გაკეთება გვინდა შეგვეძლოს და უფრო მეტის მიღწევა გვინდა მოვახერხოთ, მაშინ ჩვენ პირად განვითარებაზე არანაკლები თუ მეტი არა ძალისხმევა სწორედ იმაზე უნდა დავხარჯოთ, რომ ჩვენს გარშემო გავხადოთ ადამიანები უფრო ძლიერები.

სამწუხაროდ ხელმძღვანელების დიდი ნაწილი პირიქით იმას ცდილობს, რომ მის გარშემო მასზე ჭკვიანი და მასზე გამოცდილი არავინ იყოს, რითაც როგორც ორგანიზაციისთვის აკეთებს ცუდს, ისე საკუთარ შესაძლებლობებსაც ამცირებს.

© სინერჯი ინსაითი Powered by Synergy Group

მასალების გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს მითითება