ზერმატში, შვეიცარიის ულამაზეს სოფელში, ერთ-ერთ კოხტა სასტუმროში რამდენიმე დღით დასვენების ბედნიერება მხვდა წელს.
გამორჩეულად შთამბეჭდავი იყო სასტუმროს რესტორნის პერსონალის მომსახურების ხარისხი. არანაირი სტანდარტული წესები, ფორმალიზებული პროცედურები, მომართვის ფორმები. გაოცებას იწვევდა ჩემში როგორ ახერხებდნენ, რომ ზუსტად ახსოვდათ სასტუმროს რომელ სტუმარს საუზმის რითი დაწყება უყვარდა, ვის სად უყვარდა დაჯდომა და მისთვის ადგილის დარეზერვება, ვისი ბავშვი ჭირვეულობდა ჭამისას და სახის უცნაურად დამანჭვით ცდილობდა ყურადღება გადაეტაბინებინა ბავშვისთვის და შეშველებოდა დედას, ვინ იტალიურად ვინ გერმანულად და ვინ ფრანგულად მოსაუბრე იყო რომ ისე მისალმებოდა და კარგი დღე ესურვებინა, ვინ სად აპირებდა სტუმრობას გუშინ რომ კმაყოფილების ამბები მოეკითხა და ა.შ. და ა.შ.
ამას ვერ ასწავლი, ვერც ვერავის მოსთხოვ ასეთი იყოს, უბრალოდ უნდა გიყვარდეს ძალიან ამის კეთება რომ ეს შეძლო, ასე ბუნებრივად, ასე ხალისით და დასამახსოვრებლად. ამ სასტუმროს მენეჯმენტს ეს კარგად ესმის როგორც ჩანს და ისე ჰყავს შერჩეული პერსონალი, რომ მათ ძალიან მოსწონთ თავიანთი საქმე, სიამოვნებას ანიჭებთ პროცესი და უყვართ კიდეც ის ნაწილები, რასაც მოითხოვს მათი ყოველდღიური საქმიანობა.
რა მაგარი იქნებოდა, განსაკუთრებით მომხმარებელთან ვისაც პირდაპირი შეხება აქვს, მათ ყველას ამის მიხედვით რომ ვიყვანდეთ და მერე ვასწავლიდეთ რაც აუცილებელია, არა?