სკოლის ფუნქციებს შორის ერთ–ერთი მთავარია და შესაძლოა უმთავრესიც, მოზარდებში სწორ ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბების მაქსიმალური ხელშეწყობაა. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მაღალი არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორედ სასკოლო აღზრდის დონის სწრაფი ამაღლება. მითუმეტეს, რომ განათლების ხარისხის გაზრდისგან განსხვავებით, ამ მიმართულებით გაცილებით სწრაფი გაუმჯობესების მიღწევა შეიძლება.
სამწუხაროდ, მრავალი მიზეზის გამო ბევრ ოჯახში ბავშვების აღზრდას სათანადო ყურადღება ვერ ექცევა. სკოლა ერთადერთი ადგილია, სადაც მოზარდების ყველაზე დიდ ნაწილზე შეიძლება დადებითი ზეგავლენის მოხდენა იმ ასაკში, როდესაც მათი შეხედულებები და ღირებულებათა სისტემა ყალიბდება. სწორედ ამიტომ განათლების სამინისტო არის ორგანიზაცია, რომელსაც ამ საკითხისადმი სათანადო ყურადღების მიქცევა უნდა დაევალოს.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აღზრდის ნაწილში ყველაზე სწრაფი შედეგის მომცემი შეიძლება აღმოჩნდეს სავარაუდოდ უნდა იყოს:
ა) სასკოლო აღმზრდელთა ინსტიტუტის რეორგანიზაცა, სადაც ძირეულად უნდა გადაიხედოს მათი ანაზღაურების, წახალისების, შეფასების მიდგომები. ასევე მუშაობის მეთოდები, რომელსაც ისინი თავის საქმიანობაში იყენებენ. განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის მიდგომებს და მეთოდებს, ასევე ინტენსივობას. სასკოლო ექსკურსიების მიდგომის გადახედვას, სადაც მოსანახულებელ ადგილებს ტრადიციულის გარდა უნდა დაემატოს მსხვილი წარმოებები, ბანკები, დიდი ორგანიზაციები, კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებზე დასწრება, მუზეუმების მონახულება. ბავშვებმა რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გაატარონ ერთად. გაიგონ რაც შეიძლება ბევრი საქართველოს, მისი კულტურის და ისტორიის შესახებ.
ბ) საჭიროა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სკოლებში სპორტული და თვითშემოქედების წრეების ჩამოყალიბებას. უნდა მოხდეს ბავშვების წახალისება, რომელიმე სპორტულ წრეში მაინც რომ იღებდნენ მონაწილეობას. ჩართულები იყვნენ შემოქმედებით სამუშაოში. ეს მათ დაეხმარება უკეთეს და ჯანმრთელ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.
გ) კლასგარეშე კითხვის სტიმულირება. ბავშვები რაც შეიძლება მეტს უნდა კითხულობდნენ იმისათვის, რომ მათ კითხვაც ისწავლონ, მუშაობაც და ფასეულობებიც უფრო ადეკვატურად ჩამოუყალიბდეთ. ამისათვის კარგი იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების დამატებითი ინსტრუქტირება, ცალკეული გაკვეთილების წაკითხულის განხილვისათვის დათმობა ტრადიციად უნდა იქცეს ყველა სკოლაში, რაც ნელ ნელა მოზარდებს კითხვის სურვილსაც გაუღვივებს და ბევრად უკეთეს პიროვნებებად ჩამოაყალიბებს.
გასაკეთებელი ამის გარდაც ბევრია, მაგრამ მინიმუმ აქედან დაწყებას აღზრდის ხარისხის სწრაფი გაუმჯობესება შეუძლია, შესაბამისად სწორედ ამ საკითხებზე აქცენტის გაკეთება უნდა იყოს სავარაუდოდ ყველაზე მეტად მიზანშეწონილი უახლოეს პერიოდში.