ჩვენი ზომის და თავისებურებების მქონე ქვეყანაში განათლების სამინისტრო თავის უმთავრეს დანიშნულებად უნდა მიიჩნევდეს
მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში ჯანსაღი ფასეულობების, შრომისუნარიანი, განათლებული ახლგაზრდა თაობის ჩამოყალიბებას.
მისი საქმიანობა სწორედ ამ მისიის რეალიზაციას უნდა ემსახურებოდეს, ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ მინიმუმამდე უნდა შეამციროს ძალისხმევა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც ამ კონკრეტული მიზნისკენ არ არის მიმართული.
მისიის ფორმულირებაში რამოდენიმე საკითხი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. კერძოდ:
ა) განათლების სამინისტროს მთავარი მიზანი არ არის განათლების სისტემის შექმნა და განვითარება, რაც როგორც წესი ნიშნავს ხოლმე რაღაცნაირი სისტემის შექმნას და რაღაცა მიმართულებით მის განვითარებას, ეს ხშირად ის არ არის და იქით არ მიდის, რაც უნდა იყოს და საითაც უნდა მიდიოდეს. სწორედ ამიტომ მისიაში მიზანშეწონილია დაფიქსირდეს, უბრალოდ სისტემის შექმნა და განვითარება კი არა, არამედ ისეთი სისტემის შექმნა და განვითარებაა ამოცანა, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება. მისიაში კი დაფიქსირდეს მიზანი, რომლის მიღწევის შესაძლებლობასაც ეს სისტემა და მისი განვითარება უნდა იძლეოდეს.
ბ) მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამინისტროს დასახელებაში მეცნიერებაც ფიგურირებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმიანობის ეს მიმართულება ამ მისიას არ შეესაბამება. სამეცნიერო მიმართულების განვითარება, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს იმ ახალგაზრდების დახმარებას, ვისაც სამეცნიერო მუშაობის სურვილი და უნარი აქვთ იმუშაონ მათთვის საინტერესო თემებზე იქ, სადაც ეს ყველაზე მეტი საზოგადოებრივი სარგებლის შექმნის საფუძველი გახდება. ეს ადგილობრივი სამეცნიერო კვლევების განვითარებაზე არანაკლებ ასეთი ადამიანების უცხოეთში წასვლის და იქ მოღვაწეობის ხელშეწყობას გულისხმობს, განსაკუთრებით იმ დარგებში, სადაც პრაქტიკულად არანაირი ბაზა ადგილზე არ გვაქვს.
გ) მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემ,ა წესით, თითქმის ყველა ასაკის ადამიანს ემსახურება და ეხმარება, მინიმუმ ჩვენს შემთხვევაში მიზანშეწონილია მკაფიო აქცენტირება სწორედ ახალგაზრდა თაობაზე, რაც რესურსების სიმცირის პირობებში ძალისხმევას უფრო მიზანმიმართულს გახდის იმ სეგმენტზე, ვისაც ერთის მხრივ ყველაზე მეტად სჭირდება დღეს დახმარება იმაში, რომ საზოგადოების ღირსეულ და ღირებულ წევრად ჩამოყალიბდეს და მეორეს მხრივ ვისზეც ძალისხმევა ყველაზე მეტ შედეგს მოიტანს დღეს.
დ) ღირებულებათა სისტემის ფორმირების პროცესი ძირითადად ემთხვევა სასკოლო ასაკს. ვინაიდან მოზარდები ყველაზე დიდ დროს სწორედ ამ დაწესებულებაში ატარებენ. ასევე სწორედ სკოლებშია ყველაზე ადვილი მათ ფასეულობათა სისტემაზე მიზანმიმართული ზემოქმედება. ვის, თუ არა განათლების სამინისტროს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ადამიამების საზოგადოების ჯანსაღ წევრებად ჩამოყალიბებაზე. სამწუხაროდ ეს საკითხი დღეს ფაქტიურად უპატრონოდ არის მიტოვებული, რის ერთ–ერთი მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ განათლების სამინისტროს მკაფიოდ არ აქვს დაფიქსირებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ სასურველია, ეს საკითხი მისიაში ძალიან მკაფიოდ იყოს დაფიქსირებული.
ე) იგივე სიტუაციაა ახალგაზრდების შრომისუნარიანობასთან დაკავშირებით. ადამიანებში შრომის, მუშაობის, შემოქმედების პროცესის მიმართ დამოკიდებულებაც იმავე ასაკში ყალიბდება. ამდენად ის, რომ მათ შეეძლოთ და უყვარდეთ შრომა ამაზეც განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს. შესაბამისად მოზარდებთან და სტუდენტებთან მუშაობის ძირითადი თუ კლასგარეშე პროგრამები ისე უნდა იყოს აგებული, რომ ამ დამოკიდებულებას, საბაზისო ჩვევებსა თუ უნარებს სწორად აყალიბებდეს ადამიანებში. ამიტომ აღნიშნული საკითხის მისიაში ასახვაც ასევე საჭიროა.
3) და, რა თქმა უნდა, განათლება, თუმცა სამწუხაროდ, სამინისტროსთვის დღეისათვის განათლება მხოლოდ სასკოლო და საუნივერსისტეო განათლებაზე ზრუნვას გულისხმობს და ისიც მხოლოდ საქართველოში (უმეტესად თბილისში). განათლებული ახალგაზრდა თაობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა ნიშნავს, მისცე ახალგაზრდების რაც შეიძლება დიდ ნაწილს საშუალება ისწავლონ ის, რაც მათ ჭირდებათ, შეუძლიათ და ღირებულია საზოგადოებისათვის იქ, სადაც ეს მეტად არის მოსახერხებელი. ანუ განათლების სამინისტრო სხვა საკითხებთან ერთად უნდა ცდილობდეს ადგილებზე პროფესიულ ტექნიკური განათლების განვითარებას (რაც მოსწავლეთა დიდი ნაწილისათვის ყველაზე მეტად ღირებული შეიძლება იყოს), ასევე მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს მათ, ვისაც სწავლის გაგრძელება უცხოეთში შეუძლია, უნდა და სჭირდება. სწორედ განათლების სამინისტრო უნდა იყოს ორგანიზაცია, რომელიც მათ ამ საქმეში ორგანიზებულად შეუწყობს ხელს.
აღნიშნული დანიშნულების შესასრულებლად სამინისტროს წინაშე საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მნიშვნელობით, მაგრამ მუდმივად დგას რამოდენიმე მთავარი ამოცანა. რომლებია ისინი და რას უნდა აკეთებდეს სამინისტრო მათ გადასაჭრელად ამ საკითხზე ჩვენს აზრს შემდეგ ინსაითებში მოგახსენებთ.