განათლების სამინისტროს წინაშე ბევრი პრობლემა და ამოცანა დგას. მათ გადაჭრაზე იქ უამრავი ადამიანი მუშაობს. თუმცა, თუ სამინისტრო ვერ შეძლებს სწორად გამოყოს ის რამოდენიმე საკითხი, რომელთა გადაწყვეტაზე ზრუნვაც ყველაზე მეტად პრაქტიკული და ღირებული შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის, მაშინ, სავარუადოდ, დროის გასვლის შემდეგ მისი საქმიანობა დამაკმაყოფილებლად ვერ შეფასდება ვერც საზოგადოების და ვერც ხელისუფლების მხრიდან.
მეორეს მხრივ, რაც უფრო ბევრი საკითხი იქნება გამოყოფილი განსაკუთრებულად პრიორიტეტულის სტატუსით, სავარაუდოა, რომ ნაკლები იქნება ალბათობა იმისა, რომ რომელიმე მათგანი, განსაკუთრებით კი ყველაზე მნიშვნელოვნები მათ შორის სათანადოდ გადაიჭრება.
ჩვენის აზრით, სამინისტროს წინაშე მდგარ ამოცანებს შორის განსაკუთრებული პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს შემდეგ სამს:
ა) სახელობო პროფესიულ–ტექნიკური სწავლების შექმნა და განვითარება – ეს უნდა იყოს სამინისტროს უპირველესი ამოცანა. მისი გადაწყვეტისათვის განსაკუთრებული ძალისხმევა იქნება საჭირო, ვინაიდან ეს არამარტო ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ ყველაზე რთული ამოცანაც არის. შესაბამისად, რაც მეტ საკითხებზე გაიფანტება სამინისტროს მენეჯმენტის ყურადღება, ამ თემას წინ წაწევის უფრო ნაკლები შანსი ექნება.
აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა სამინისტროს განემარტოს, რომ მიუხედავად ბევრი მიმდინარე საკითხისა სწორედ ამ მიმართულების განვითარება უნდა იყოს უმთავრესი ინდიკატორი არსებული მენეჯმენტის მოღვაწეობის შესაფასებლად.
მიმართულება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დაეხმაროს რაც დღეს მთელი ქვეყნისთვის არის უმთავრესი ამოცანა.
სახელობო სწავლების განვითარების ხაზი ამ პროცესში კომერციული სტრუქტურების ჩართვის გზების და მოტივების მოძებნაზე გადის. ვინაიდან სწორედ კერძო კომპანიებს შეუძიათ უზრუნველყონ ეს პროცესი საჭირო ფინანსებით, საჭირო მასწავლებლებითაც და სწავლების მეთოდებითაც. ისევე, როგორც სასურველი გახადონ ამ ტიპის სწავლება, როგორც მოზარდების, ისე მათი მშობლებისთვის.
ბ) სკოლის პედაგოგიური კორპუსის კვალიფიკაციის და მოტივაციის ამაღლება – მეორე უმნიშველოვანესი ამოცანაა სამინისტროს წინაშე. მის გადაწყვეტაშიც მრავალი კონკრეტული ნიუანსია მოსაგვარებელი. ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არსებული ასაკიანი პედაგოგების უზრუნველყოფაა ღირსეული სიბერისათვის საჭირო პირობებით. ამან შესაძლებელი უნდა გახადოს ახალი სისხლის, ახალი მეთოდების, ახალი ძალის შესვლა სკოლებში, რაც თავის მხრივ ბევრად გაზრის მოტივაციასაც, გაადვილებს სწავლების მეთოდების განვითარებას და ბავშვებისთვისაც უფრო საინტერესო გახდება სწავლა.
სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალისხმევის მიმართვა დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც ატესტაციები. ვფიქრობთ, ჯერ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს და მერე დაიწყოს უფრო აქტიური ზრუნვა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სწავლების მეთოდების გაუმჯობესებაზე.
გ) მესამე და ასევე უმნიშნელოვანესი ამოცანა, რომელიც დღეს სამინისტროს წინაშე დგას – დაეხამროს რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მიიღოს საუკეთესო უმაღლესი, სამაგისტრო განათლება მსოფლიოს მაშტაბით.
საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლები ასე თუ ისე მიხედავენ თავის საქმეს. იქაც ბევრი პრობლემაა, მაგრამ, ჩვენის აზრით, სამინისტრომ უნდა იზრუნოს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუხსნას უფრო ხარისხიანი სამაგისტრო განათლების მიღების კარი უცხოეთის ქვეყნებში.
ამ ამოაცანის გადაწყვეტა არ ნიშნავს ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლების როლის და ფუნქციის დაკნინებას. მათ ყველა შემთხვევაში დარჩებათ დიდი ბაზარი, თუმცა რაც უფრო ადვილი იქნება უცხოეთში სასწავლებლად წასვლა, სწავლების მით უფრო მაღალი ხარისხი იქნება საჭირო ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლებისათვის.
შესაბამისად ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. ამოცანის გადაწყვეტისათვის კი აუცილებელია:
1. უცხო ენების სწავლების ხარისხის მკვეთრი გაზრდა სკოლებში, განსაკუთრებით იმ ენების, რომელთა ცოდნაც უფრო ადვილს გახდის ხარისხიანი განათლების მიღებას. ცალკეული ქვეყნები, მაგ. საფრანგეთი, გერმანია, დიდი სიამოვნებით ჩაერთვება ფრანგული და გერმანული ენების სწავლების ხარისხის ამაღლების პროგრამაში. მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი მიამრთულებით საფრნაგეთშიც და გერმანიაშიც საუკეთესო განათლების მიღება შეიძლება.
2. ფინანსური რესურსების მობილიზაცია ახალგზარდების სწავლის დასაფინანსებლად. ამ საკითხში ძალიან ბევრ ქვეყნას გააჩნია კარგი გამოცდილება, მათ შორის კერძო კომპანიებიდან, მეცენატებიდან, თვითონ უცხოური სასწავლებლებიდან და ფონდებიდან თანხების მოსაზიდად. საჭირო იქნება მათი კარგი შესწავლა და გადმოტანა საქართველოში.
3. უცხოური სასწავლებლების და დასაფინანსებელი ახალგზარდების შერჩევის სწორი კრიტერიუმების და პროცესის ორგანიზება, რომელიც სასწავლებლად წასვლას უფრო მეტად შესაძლებელს გახდის იმ ახალგაზრდებისათვის, ვისი დაბრუნების ალბათობაც უფრო მაღალია.
ეს ბოლო საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც რაც უფრო პრესტიჟული იქნება სასწავლებელი, რომელსაც დაუფინანსებენ და რაც უფრო ახალგზარდა იქნება ადამიანი, ვისაც დაუფინანსებენ სწავლას, მით უფრო ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ ის ადამიანი უკან დაბრუნდება და ასევე მით უფრო ნაკლები ადამიანი მიიღებს დაფინანსებას. შესაბამისად სასწავლებლები უნდა შეირჩეს ისე, რომ სწავლის ხარისხი მაღალი ჰქონდეს, თვითონაც დააფინანსოს (ან შეღავათი გაუწიოს ბავშვებს) და ფასიც იმდენი იყოს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს მობილიზებული ფონდებით სამაგისტრო განათლების მიღების შესაძლებლობა.
დღევანდელი პრაქტიკა ცხადად მიუთითებს, რომ კრიტერიუმების და პროცესის შეცვლა სწრაფად არის საჭირო თუნდაც იმ რესურსების უფრო ნაყოფიერად გამოსაყენებლად, რომელიც უკვე იხარჯება ამ მიმართულებით.
მომავალ ინსაითებში ვეცდებით კიდევ უფრო დეტალურად განვიხილოთ რა გზებისა და მეთოდების გამოყენება შეიძლება იყოს მიზანშეწონილი ამ ამოცანების გადასაწყვეტად განათლების სამინისტროსთვის.