თუ განათლების სამინისტრო ქმედით დახმარებას გაუწევს სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს (სახელობო სასწავლებლებსაც, როცა იქნებიან) ყოფილი მოსწავლეებისაგან, მოსწავლეთა მშობლებისაგან და ადგილობრივი მსხვილი და საშუალო საწარმოებისაგან თანხების ორგანიზებულად მოძიებაში, ამით მთლიანად გაანთლების სისტემაში მნიშვნელოვანი სახსრების შემოდინებას შეუწყობს ხელს.
არ უნდა იყოს რთული ამის გაკეთება. უბრალოდ, საჭიროა ამ ჯგუფების პოტენციურ დონორებთან მუშაობის სხვადასხვა, მრავალჯერ აპრობირებული მეთოდების მოძიება, სისტემატიზირება და სკოლების დირექტორებისთვის სწავლება. მათი საქმიანობის შეფასების და მათი წახალისების ერთ–ერთ კრიტერიუმად სწორედ სკოლისათვის ამ მეთოდებით მოზიდული სასხსრების მოცულობის გაზრდა, სკოლის დირექტორებისთვის უფლების მიცემა სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებული პოლიტიკით განკარგოს ეს სახსრები და მიმართოს ისინი უპირატესად პედაგოგების წახალისებასა და სტიმულირებაზე.
პოტენციური დონორების ამ კონკრეტულ ჯგუფებთან მუშაობის მეთოდები კი მართლაც ძალიან ბევრია;
მაგალითად:
თითქმის ყველა სკოლას და სასწავლებელს ჰყავს ისეთი წარმატებული კურსდამთავრებული, რომელიც სიამოვნებით დათანხმდება გარკვეული მეურვეობა გაუწიოს სკოლას. ხშირ შემთხვევაში სკოლები არ ფლობენ ორგანიზებულ მონაცემთა ბაზებს კურსდამთავრებულების, მათი საქმიანობის და წარმატებების შესახებ. თუ სკოლები ეცდებიან ეს ადამიანები უფრო აქტიურად ჩართონ სკოლის ცხოვრებაში, მოიწვიონ ისინი ბავშვებთან შესახვედრად, დაკიდონ მათი სურათები კედლებზე მოკლე ბიოგრაფიით, შესთავაზონ მათი სახელობის კლასების გაკეთება, ჩართონ ისინი სკოლის სამეურვეო საბჭოს მუშაობაში. ის ადამიანები მეტ ვალდებულებას იგრძნობენ სკოლის და მისი მომავალი აღსაზრდელების მიმართ. დახმარების მოცულობაც ნელ-ნელა გიაზრდება.
მშობლებთან მუშაობის მეთოდებიც ბევრია. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ისეთი ახლა რომ მუდმივად აგროვებ 2-3-5 ლარს სხვადასხვა მიზნობრიობით. შესაძლებელია სხვადასხვა სერვისების ჩამოყალიბება სპეციალურად მშობლებისათვის, რაც პირველ რიგში მათ საინფორმაციო უზრუნველყოფას გულისხმობს მათი შვილების მოსწრებისა და დასწრების შესახებ. შეიძლება გაკეთდეს ინფორმაციის საბაზისო, სრული და დამატებითი პაკეტები შვილების შესახებ, მათი ნიშნების, დასწრების მაჩვენებლებლებით, ასევე მათი ქცევის დახასიათებებით, კლასგარეშე განვითარების შესახებ რეკომენდაციებით და ა.შ. ამ საინფორმაციო პაკეტებს უნდა ჰქონდეს ღირებულება. შემოსული სახსრები კი ასევე პედაგოგთა წახალისებაზე, სწავლის პირობების გაუმჯობესებაზე უნდა იხარჯებოდეს.
ამის გარდა კარგად შეიძლება აეწყოს მშობლების მხრიდან სკოლის საჭიროებებისათვის თანხების შემოწირულობების შედარებით ცივილიზებული სისტემა. თუ მშობლებისგან მიღებული თანხების მოცულობა, ასევე მათ ხარჯვა გამჭვირვალე იქნება, ამან შესაძლოა ბევრ მშობელს შეუქმნას მოტივი, დაეხმაროს სკოლას. ამის სწორად კეთების მეთოდებიც ბევრი არსებობს. მათი შერჩევა, კარგად ჩამოყალიბება და დირექტორთათვის სწავლება ასევე სასარგებლო იქნება განათლების სისტემისათვის.
რაც შეეხება ადგილობრივ მეწარმეებს, მათთვის სკოლებიც და სასწავლებლებიც პოტენიციური თანამშრომლების, კლიენტების ან ბიზნეს პარტნიორების ბაზაა. მოსწავლეთა მშობლები კი უკვე დღეს არიან ბევრი მათგანისთვის საინტერესო კლიენტები. ამდენად მათი ნაწილისთვის ამა თუ იმ ფორმით ადგილობროვი სკოლების და სასწავლებლების დახმარება წესით უნდა იყოს საინტერესო. ამისათვის კი მნიშვნელოვანია, სკოლებმა მათ კარგი პირობები შეუქმნან თავისი თავის კარგად წარმოდგენისათვის და ასევე მათ მიერ გაღებული დახმარებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. მათი სტენდების მოწყობა სკოლაში, მათი დაფინანსებით შეძენილ ინვენტარზე, ტექნიკაზე მათი საფირმო ემბლემების განთავსება, მათი დახმარების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მშობლებს შორის და ა.შ.
მეთოდები მართლაც ბევრია. თუ მათ შესახებ საჭირო ცოდნას სკოლის დირექტორებს განათლების სამინისტრო ორგანიზებულად მიაწოდებს, წაახალისებს სკოლებს უფრო აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით. განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი სახსრების შემოდინებას ნელ–ნელა შეუწყობს ხელს, ეს დადებითად იმოქმედებს როგორც სწავლების ხარისხზე, ისე მთლიანად სისტემის ეფექტიანობაზე.